Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვანის შეხვედრაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს


დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დღის წესრიგში მთავარ საკითხებად, ტრადიციულად, ორივე მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიებისა და დაკავებულების გათავისუფლების პრობლემები იდგა. ამჟამად ცხინვალის ციხეში და წინასწარი დაკავების იზოლატორში სულ საქართველოს 18 მოქალაქე იმყოფება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 5 პირი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს - მათ შორის არიან ქალები და ერთი არასრულწლოვანიც. ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს მათ შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა და უახლოეს ხანებში მათი გათავისუფლების პირობა დადო. პრობლემად რჩება 3 მონადირის გათავისუფლების საკითხი, რომლებიც ეგრეთ წოდებულ საზღვართან შეიარაღებულები დააკავეს. ახლა მათ დე ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო ორგანოები დაკითხავენ. ეუთოს სპეციალური წარმომადგენელმა გეიდრიუს ჩეკოულისმა აღნიშნა, რომ დვანის შეხვედრები სულ უფრო შედეგიანი ხდება, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია, ადამიანების უფლებების დაცვისა და მათი უსაფრთხო გადაადგილების მიმართულებით.

ოსურმა მხარემ დაკარგულების ბედის გარკვევა კიდევ ერთხელ მოითხოვა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგული 5 მოქალაქე ქართველ სამართალდამცავებს ჰყავდათ დაკავებული და ამის შესახებ მტკიცებულებებიც გადასცა მხარეებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შესაბამისი ორგანოები იკვლევენ და ამ მიმართულებით დიდი პროგრესი არ შეინიშნება. ოსური მხარე ისევ ითხოვს ორივე მხარეს დაკავებულების გათავისუფლებას პრინციპით ყველა-ყველაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაკავებულების გათავისუფლების გარდა ფერმერთა უსაფრთხოებისა და ავადმყოფების თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში დაუბრკოლებლად გადაყვანის საკითხები დააყენა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დვანში 21 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი მხარეები პოლიტიკურ საკითხებს ჟენევის დისკუსიაზე განიხილავენ.
XS
SM
MD
LG