Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარისკაცის დაღუპვის, ცხინვალში დაკავებულებისა და არჩევნების არაღიარების კვირა


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე–15 შეხვედრა დვანში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე–15 შეხვედრა დვანში.
მიმოხილვა დავიწყოთ კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის ავღანეთში დაღუპვის ფაქტით, რაც საზოგადოებისთვის რამდენიმე დღის დაგვიანებით გახდა ცნობილი. თავდაცვის სამინისტრომ III ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, უმცროსი სერჟანტის რეზო ბერიძის დაღუპვის ცნობა 31 აგვისტოს გამოაქვეყნა - მას შემდეგ, რაც ამის შესახებ საზოგადოებას გაზეთმა ”ბათუმელებმა” აუწყა და თავდაცვის სამინისტროსაც მიმართა. გაზეთის ინფორმაციით, 35 წლის ჯარისკაცი საქართველოში 27 აგვისტოს გადმოასვენეს.

რეზო ბერიძე ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, თალიბების თავდასხმის დროს დაიღუპა და ის მეათე დაღუპული ჯარისკაცია მას შემდეგ, რაც საქართველო 2009 წლის შემოდგომაზე შეუერთდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ნატოს ეგიდით მოქმედ მისიას. ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება გაზეთ ”ბათუმელების” მიერ თავდაცვის სამინისტროს მისამართით დასმული შეკითხვა - რატომ დამალა უწყებამ ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი.

იმ სამ პირთან დაკავშირებით, რომლებიც ლენინგორის რაიონში დააკავეს და რომლებსაც თან იარაღი ჰქონდათ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება...
მიმოხილვა განვაგრძოთ 2 სექტემბრის შეხვედრით, რომელსაც ასე ელოდნენ ცხინვალში დაპატიმრებული ქართველების ოჯახის წევრები. თუმცა მათთვის საიმედო არაფერი თქმულა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში პარასკევს დვანში გამართულ მე-15 შეხვედრაზე. გაირკვა, მაგალითად, რომ 2011 წლის მარტში დაკავებულ ვასილ კობახიძეს, რომელსაც ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ, ცხინვალის რეჟიმმა 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ჯერ ისევ გაურკვეველია, კიდევ რამდენ ხანს მოუწევს ცხინვალის საპატიმროში დარჩენა სხვა არაერთ ქართველს. მართალია, ოსური მხარის მტკიცებით, აგვისტოში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული 18 ქართველიდან 15 ისე გაათავისუფლეს, რომ მათთვის ადმინისტრაციული სასჯელიც კი არავის დაუკისრებია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ იცის, თუ რა ელით ასევე აგვისტოში დაკავებულ ბზარაშვილებს. გავიხსენოთ, რომ 22 აგვისტოს მწყერზე სანადიროდ წასული ძმები შოთა და გიგა ბზარაშვილები და მათი ბიძა ელგუჯა ბზარაშვილი ოსმა და რუსმა ე.წ.-მა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან დააკავეს. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა დვანის შეხვედრის დასრულების შემდეგ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბზარაშვილების ბედს გამოძიება გადაწყვეტს:

”იმ სამ პირთან დაკავშირებით, რომლებიც ლენინგორის რაიონში დააკავეს და რომლებსაც თან იარაღი ჰქონდათ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. საუბარია ბზარაშვილებზე და, როგორც ეს დღეს ქართველ კოლეგებსაც ვუთხარი, დაკავებულების საკითხი გადაწყდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების გატარების შემდეგ.”

დაკავებულების გარდა, დვანის შეხვედრის მონაწილეებმა მოსავლის აღებით დაინტერესებული ფერმერების ბედზეც ილაპარაკეს და ეს არის ერთადერთი საკითხი, რომლის გარშემოც 2 სექტემბერს გარკვეული შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. როგორც ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე ნაკვეთებში ფერმერების უსაფრთხოება დაცული იქნება, თუმცა ამისათვის მათ თავიანთი გეგმები პოლიციას უნდა შეუთანხმონ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მე-16 შეხვედრა დვანში 20 ოქტომბერს გაიმართება. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ახალი ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი იმედოვნებს, რომ მომდევნო შეხვედრები მეტ კონკრეტულ შედეგს მოიტანს:

შეერთებული შტატები არ აღიარებს ლეგიტიმურობასა თუ შედეგებს ეგრეთ წოდებული არჩევნებისა, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში...
”შემდეგ შეხვედრებზე უფრო მეტად შევძლებთ კონკრეტული პრობლემების მოგვარებას ადამიანებისთვის, რომლებიც აქ, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, იმისათვის, რომ აღიკვეთოს ინციდენტები და უსაფრთხოება განმტკიცდეს.”

სოხუმის მიერ 26 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, ნატოსა და ევროკავშირის კვალდაკვალ, მიმდინარე კვირაში ასევე არალეგიტიმურად გამოაცხადეს ევროპარლამენტმა და შეერთებულმა შტატებმა.

სახელმწიფო დეპარტამენტში 29 აგვისტოს გამართული პრესკონფერენცია სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა მსოფლიოს მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული საგანგებო განცხადებებით დაიწყო და სწორედ ამ რიგის პირველი განცხადება შეეხებოდა საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში - ჩატარებულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს:

”შეერთებული შტატები არ აღიარებს ლეგიტიმურობასა თუ შედეგებს ეგრეთ წოდებული არჩევნებისა, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი - საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, მათ შორის - გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად შეშვება ამ ტერიტორიებზე.”

შეერთებული შტატების გარდა, 2008 წლის 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი, მაგრამ შეუსრულებელი ვალდებულებები რუსეთს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმაც გაუხსენა 28 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, რომლის მთავარ მიზანსაც ასევე წარმოადგენს აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების უკანონოდ ცნობა:

”ეს არჩევნები არ ცვლის პოზიციას, რომელივ ევროპარლამენტს აქვს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან - აფხაზეთთან - მიმართებით. აფხაზეთის ავტონომიური რეგიონი საქართველოს ნაწილია და ევროპარლამენტი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.”

იეჟი ბუზეკი განცხადებაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რამდენიმე ადგილას ”საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებად” მოიხსენიებს და, სხვა მითითებებთან ერთად, მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს პასპორტების უკანონო დარიგება ამ რეგიონებში.

საყურადღებოა კვირის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა.

არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ვიყო, რადგან ის, რაშიც მადანაშაულებენ, საერთოდ არ მახასიათებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სხვა მიზეზი ჩემ გასათავისუფლებლად არ ჰქონდა...
სახალხო დამცველი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს, „სასწრაფოდ გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება ქუთაისის N2 დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“ და ასევე ”დააყენოს ყველა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელნიც გამოირჩევიან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობით“. სახალხო დამცველის ოფისის მიერ 29 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმართა მდგომარეობა „საგრძნობლად გაუარესდა“. ზაფხულის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური მონიტორინგის ფარგლებში, აპარატის თანამშრომლებს ქუთაისის საპყრობილეში დაახლოებით 600–მა პატიმარმა აცნობა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები მათ „ხშირად უხეშად და დამამცირებლად ექცევიან“.

მიმდინარე კვირაში - კერძოდ, 31 აგვისტოს - რუსთაველის თეატრის დასმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას მხარდასაჭერად. თეატრალიზებული აქციის მსვლელობისას, რომელშიც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაახლოებით 1000 ადამიანი მონაწილეობდა, რამდენიმე საათით გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.

რამდენიმე დღით ადრე კი - კერძოდ, 29 აგვისტოს - პირველი პრესკონფერენცია გამართა თავად რობერტ სტურუამ, რუსთაველის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რომელიც ქსენოფობიური გამონათქვამების მიზეზით თანამდებობიდან კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ აგვისტოს შუა რიცხვებში გაათავისუფლა. თბილისელი და მოსკოველი ჟურნალისტების შეკითხვებს რობერტ სტურუა 29 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” მიერ მოსკოვიდან ორგანიზებული ტელეხიდის ფორმატში პასუხობდა. რეჟისორი ამბობს, რომ მას უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი რასიზმში და რომ გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი ხელისუფლების ოპონირებაა:

”არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ვიყო, რადგან ის, რაშიც მადანაშაულებენ, საერთოდ არ მახასიათებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სხვა მიზეზი ჩემ გასათავისუფლებლად არ ჰქონდა და ეს საშინელი ბრალდება გამოიყენა. თუმცა ჩემი გამონათქვამები ძალიან ყურადღებითაც რომ შეისწავლოს ვინმემ, მაინც არ მგონია, რომ ამის გამო შეიძლება ადამიანი მოხსნა. მათ ნამდვილად გამათავისუფლეს იმის გამო, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან გულახდილად გამოვხატავდი საკუთარ პოზიციას. ჩვენი ხელისუფლება კი ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ იტანს.”

რობერტ სტურუამ სამომავლო საქმიანობის არჩევანი შესაძლოა შეაჩეროს მოსკოვში მოქმედ თეატრ Et Cetera-ზე. რუსთაველის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა თქვა, რომ ალექსანდრ კალიაგინის ამ თეატრთან მას მეგობრობის გარდა მადლიერების გრძნობა და გარკვეული ვალდებულებებიც აკავშირებს; თუმცა ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. შეკითხვაზე, საბოლოოა თუ არა მისი გადაწყვეტილება საქართველოდან წავიდეს, რეჟისორი პასუხობს, რომ რუსთაველის თეატრთან მისი კავშირი გაწყდა და რომ მისთვის ძნელი იქნება ოჯახში შერცხვენილი კაცივით დაბრუნება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG