Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის პარლამენტმა ლუკაშენკო მიზანში ამოიღო


ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო
ბელორუსიის ხელისუფლების მიმართ კრიტიკა სულ უფრო ძლიერდება ევროკავშირის შიგნით მაშინ, როდესაც თავად ალექსანდრ ლუკაშენკო ინაუგურაციისა და მეოთხე ვადით ქვეყნის პრეზიდენტობისათვის ემზადება. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი, ბრიუსელიდან იუწყება, ამ კვირაში ევროპარლამენტი აპირებს დაგმოს არჩევნების შემდგომი რეპრესიები ბელორუსიაში.

ამ ექსტრაორდინარულ ვითარებაში, როდესაც ბელორუსიის ციხეებში სხედან არა პატიმრები, არამედ, მე ვიტყოდი, მძევლები, როგორ შეიძლება, ევროპამ არ დაიკავოს მკაცრი პოზიცია...
ევროპარლამენტის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფები გეგმავენ მიიღონ ბელორუსიის თაობაზე რეზოლუციის პროექტი, რომელშიც დაგმობილი იქნება გასული თვის 19 დეკემბერს საპროტესტო დემონსტრაციის დარბევა, რაც სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა. ერთობლივი რეზოლუციის პროექტს კენჭს სტრასბურგში 20 იანვარს უყრიან. თავად დოკუმენტის ინიციატორები არიან ევროპის პარლამენტში მყოფი ლიბერალები, სოციალისტები, მემარჯვენე-ცენტრისტები და კონსერვატორები, რომლებმაც ცალ-ცალკე მოამზადეს საკუთარი პროექტები. ევროპარლამენტის მხრიდან მსგავსი რეზოლუციის მიღებას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უწოდეს ბელორუსმა ოპოზიციონერებმა და უშიშროების სამინისტროს ციხეში მყოფი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ვლადიმირ ნეკლიაევის, ქალიშვილმა, ევა ნეკლიაევამ, რომლებიც გასულ კვირას რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში იმყოფებოდნენ. მანამდე იყო შეხვედრა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რამაც ბელორუსიის ოპოზიციის წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ ევროკავშირი არ იხელმძღვანელებდა მხოლოდ ე.წ. „რეალპოლიტიკით“ ნაკარნახევი ნახევარზომებით.

„პირველ ყოვლისა, ამის იმედს გვაძლევს ის საუბრები, რომლებიც ჩვენ გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. კერძოდ, დღეს ჩვენ ვესაუბრეთ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ ჩეხეთი გაატარებს ძალიან მკაცრ კურსს ევროკავშირში. იცით? მე რეალისტი ვარ. მესმის, რომ არსებობს ეკონომიკური ინტერესები, არსებობს გეოპოლიტიკური ინტერესები... მაგრამ ადამიანურად არ მესმის, ამ ექსტრაორდინარულ ვითარებაში, როდესაც ბელორუსიის ციხეებში სხედან არა პატიმრები, არამედ, მე ვიტყოდი, მძევლები, როგორ შეიძლება, ევროპამ არ დაიკავოს მკაცრი პოზიცია. ამ გადაუდებელი ზომების შესახებ, ჩემი აზრით, აუცილებელია პოზიციის მიტანა ევროპამდე, რადგან ციხეებში ადამიანებს ნამდვილად არ უტარდებათ სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ევა ნეკლიაევამ.

ბელორუსიის შესახებ რეზოლუციის პროექტში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებისა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებული რეპრესიების დაგმობის გარდა, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ შეახსენებს მინსკს საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ჩატარების აუცილებლობას.

19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსიაში საერთაშორისო დამკვირვებლებმა და დასავლეთის მთავრობებმა გააკრიტიკეს ხმის მიცემის პროცესში გამოვლენილი მრავალი დარღვევის გამო.

როგორც ბრიუსელიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი, ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი საჭიროდ თვლის რეზოლუციაში ჩაიწეროს ასევე მოთხოვნა, რომ ბელორუსიის ხელისუფლებამ წარმოადგინოს „მკაფიო საგზაო რუკა“ დემოკრატიული რეფორმებისა, რომლებიც „უზრუნველყოფენ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო ინსტიტუტების მონაწილეობით“.

რეზოლუციის პროექტი ასევე ითვალისწინებს ვილნიუსში მდებარე ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში უფრო მეტი სტიპენდიისა და ადგილის გამოყოფას იმ ბელორუსი სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისათვის, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გარიცხეს ბელორუსიის უმაღლესი სასწავლებლებიდან.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ 50-60 პროცენტი ბელორუსიის ექსპორტისა ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ბერკეტი ...
ევროპარლამენტის სახალხო პარტიისა და ლიბერალების ფრაქციათა წარმომადგენლები კი ესწრაფვიან, ევროკავშირმა განახორციელოს მთელი რიგი ეკონომიკური სანქციები ლუკაშენკოს რეჟიმის წანააღმდეგ. ევროპელი ლიბერალები, კერძოდ, ითხოვენ, რომ სანქციები დაუწესდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს, ევროპის სახალხო პარტია კი მოითხოვს, რომ ბელორუსიას შეუწყდეს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც პირდაპირი ფინანსური, ასევე საკრედიტო დახმარება.

ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას აუცილებლად მიიჩნევს პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ანდრეი სანნიკოვის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყოფილი დისიდენტი ვიქტორ ივაშკევიჩი, რომელიც გასულ კვირაში რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში იმყოფებოდა, ბელორუსიის ყოფილ პრეზიდენტ სტანისლავ შუშკევიჩსა და ევა ნეკლიაევასთან ერთად:

„თუკი ევროკავშირის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ლუკაშენკო ეს იგივეა, რაც სამხედრო რეჟიმი პოლონეთში, მაშინ უნდა გავიხსენოთ, რას აკეთებდა ევროპა იარუზელსკის სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ. იგი მიმართავდა ეკონომიკურ სანქციებს. თუკი ვადარებთ მილოშევიჩს, უნდა გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ისინი მილოშევიჩის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არ ვლაპარაკობ რაღაც უკიდურეს ზომებზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 50-60 პროცენტი ბელორუსიის ექსპორტისა ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ბერკეტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ“.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რაშიც შეთანხმებულია ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი, შეეხება სავიზო შეზღუდვის დაწესებას ბელორუსიის ხელისუფლებისათვის. კერძოდ, ევროპარლამენტის წევრები მოითხოვენ, აეკრძალოთ ევროპის ქვეყნებში შესვლა ბელორუსიის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებსა და მოხელეებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ უკანასკნელი პერიოდის რეპრესიებში. განსხვავებული აზრი აქვთ მხოლოდ ევროპელ მემარცხენეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პირველი, რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს, ეს არის მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ საბოლოოდ რა სახეს მიიღებს ბელორუსიის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლის განხილვა და მიღება, როგორც ზემოთ ითქვა, 20 იანვარს იგეგმება სტრასბურგში. თუმცა უეჭველია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ექნება თავად ალექსანდრ ლუკაშენკოსათვის, რომელიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანას იქით სდებს ბრალს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში და 21 იანვარს საკუთარი, რიგით მეოთხე, ინაუგურაციისათვის ემზადება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG