Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილოცვა პრაგმატული გათვლებით?!


მიხეილ სააკაშვილი და ალექსანდრ ლუკაშენკო
მიხეილ სააკაშვილი და ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიის პრეზიდენტის პოსტს მეოთხე ვადის 2011 წლის 19 თებერვლიდან ჩაიბარებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი მღელვარება არ დამცხრალა და ჯერ არც არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნებულა, ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი უკვე დაასახელა. ჯერჯერობით ცნობილი არაა, მიიღებს თუ არა აღნიშნულ ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საინფორმაციო საშუალებებს 21 დეკემბერს დაუდასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. იგი მწირი კომენტარით შემოიფარგლა ჩვენთან საუბარშიც:

თვითონ არჩევნებზე არალეგიტიმურობის თქმა არ შეიძლება, ჩემი აზრით, და არც ეუთოს არა აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი...
”მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი საუბარი შედგა და ეს იყო სატელეფონო საუბარი და მილოცვა”.

ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებითა და ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი მხარდაჭერით საქართველო პრაქტიკულად გაემიჯნა ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებს და, მთლიანობაში კი, დემოკრატიულ სამყაროს, რომლის შეფასებითაც არჩევნები ბელორუსიაში არადემოკრატიული, არათავისუფალი და ძალადობრივი იყო. თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბელორუსიის არჩევნებში საქართველოს პარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, არჩევნების შეფასებისას მკვეთრად უნდა განვასხვავოთ საარჩევნო პროცესი და არჩევნების შემდგომი მოვლენები:

”თვითონ არჩევნებზე არალეგიტიმურობის თქმა არ შეიძლება, ჩემი აზრით, და არც ეუთოს არა აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი. ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ის, რაც მოხდა არჩევნების მერე, და იმედია, რომ ამ კითხვებს მალე გაეცემა პასუხი... თორემ, საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა იყო არცთუ დემოკრატიული, ბევრი რამ, რაც საკანონმდებლო დონეზე სისტემის გასაუმჯობესებლად იყო გამიზნული, არ გაკეთდა ისე, როგორც საჭიროა. მთლიანობაში მაინც, არჩევნებმა ასახა ის ზოგადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობილებები და სიმპათია-ანტიპათიები, რაც ბელორუსიაში არის”.

დავით დარჩიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს სტანდარტების დასაცავად ბელორუსიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, საქართველო-ბელორუსიის ეროვნულ ინტერესებს შორის არსებობს კავშირები, რომელთა იგნორირების უფლება არ გვაქვს. შესაბამისად, დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა:

”პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღებულია, რომ როდესაც არჩეულია ქვეყნის ხელმძღვანელი, კოლეგები მას ულოცავენ. ჩვენს შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პოსტსაბჭოური სივრცე. ჩვენ ბელორუსიასთან ომის მდგომარეობაში არ ვართ, როგორც, ვთქვათ, რუსეთთან და, გარდა ამისა, არის ერთი ძალიან კონკრეტული მიზეზი - ის, რომ ბელორუსიამ პრინციპული პოზიცია დაიკავა ქართული ტერიტორიების ოკუპაციის თვალსაზრისით. ასეთ ფონზე ბუნებრივი და ნორმალურია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტმა ჩვენი მხრიდან მილოცვა მიიღო”, - აღნიშნავს, თავის მხრივ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი, ალექსანდრე რონდელი.

თითქოს გასაგებია, რა იყო მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ნაბიჯს აზრი აქვს...
უახლოეს წარსულში, 2006 წელს, საქართველომ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნები არადემოკრატიულობის ნიშნით დაგმო. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ათვლის წერტილად კი 2007 წლის სექტემბერი ითვლება, როდესაც მინსკს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ესტუმრა. კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ეს ურთიერთობები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, ბელორუსიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა.

”რუსეთი ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენდა და, ჩემი აზრით, ახლაც ახდენს ბელორუსიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიზნით. ბელორუსიის პარლამენტის დელეგაცია ჩამოვიდა ადგილზე ვითარების შესასწავლად. მოინახულეს დევნილები, მოუსმინეს მათ და გაიზიარეს მათი გულისტკივილი, დაათვალიერეს დევნილთა დასახლებები. მე ვფიქრობ, რომ ბელორუსია ბრძნულად მოიქცევა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსიის ტელევიზიასთან ინტერვიუში მიმდინარე წლის 15 ივლისს.

ევროპის უკანასკნელ დიქტატორად აღიარებული ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვით საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიული სამყაროს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. გასაგები და მისაღები იქნება თუ არა მისი ეს ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და გააგრძელებს თუ არა თავად ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას? ამ შეკითხვით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს, ირაკლი მენაღარიშვილს, მივმართეთ.

”არც ერთ ამ შეკითხვაზე მკაფიო და დამაჯერებელი პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, არ შემიძლია. თითქოს გასაგებია, რა იყო მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით, ამ ნაბიჯს აზრი აქვს, მეორე მხრივ, ეს არის ქვეყნის მიერ გამოცხადებული, აღიარებული ღირებულებების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება მეორეს, აქ პასუხი კიდევ უფრო რთულია. ბატონი ლუკაშენკო გახლავთ წინააღმდეგობრივი და მეტად ძნელად პროგნოზირებადი პირი”.

ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ თვისებებით ხასიათდებიან ავტორიტარი მმართველები. ამდენად, ძნელია იმის წინასწარ განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ალექსანდრ ლუკაშენკო უახლოეს მომავალში, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების საკითხში.
XS
SM
MD
LG