Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია არჩევნების შემდეგ: რეპრესიები, კრიტიკა და მილოცვები


მინსკი, 20 დეკემბერი: მილიციელები საპროტესტო აქციის დარბევისას
მინსკი, 20 დეკემბერი: მილიციელები საპროტესტო აქციის დარბევისას
ბელორუსიაში კვირის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კვლავაც დაკავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი. მანამდე პოლიციამ დაარბია საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამდნენ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოცხადების გამო. ბელორუსიაში გამართულ არჩევნებს აკრიტიკებენ დასავლეთშიც, თუმცა, ზოგი ქვეყნის ლიდერმა უკვე საჭიროდ მიიჩნია ლუკაშენკოსთვის გამარჯვების მილოცვა. ამ ლიდერებს შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ბელორუსიაში კვირას გამართული არჩევნების ოფიციალური შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო მეოთხე ვადით იქნა არჩეული ბელორუსიის პრეზიდენტად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მას ხმების 80-მდე პროცენტი ერგო. ვისაც ეჭვი ეპარება ამ შედეგში, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბელორუსიაში პროტესტს გამოთქვამს, მკაცრი ზომების სამიზნე ხდება.

არჩევნების დღესვე გამართული საპროტესტო აქციის დარბევისას, მილიციამ ასობით ადამიანი დააკავა. 600-მდე დემონსტრანტი ახლაც ციხეში რჩება, მეტიც: გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 15 დღემდე იქნებიან დაკავებული, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. ამასთან, რეპრესიები მარტო დემონსტრაციებში მონაწილეების წინააღმდეგ არ არის მიმართული - ზოგი დისიდენტი სახლებიდან წაიყვანეს.

ვლადიმირ ნეკლიაევი, ბელორუსიის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი
ციხეში რჩება პრეზიდენტობის ხუთი ოპოზიციონერი კანდიდატი, მათ შორის ვლადიმირ ნეკლიაევი, რომელმაც გონება დაკარგა, ისე სცემეს საპროტესტო აქციის დარბევისას. მოგვიანებით ის საავადმყოფოდან წაიყვანეს უცნობმა პირებმა.

პრეზიდენტობის ყველაზე წარმატებული, მოპოვებული ხმებით მეორე ადგილზე გასული ოპოზიციონერი კანდიდატი, ანდრეი სანნიკოვი კი საავადმყოფოში მიდიოდა, როცა დააკავეს. მოხდა ისე, რომ სანნიკოვის მეუღლე, ჟურნალისტი ირინა ხალიპი, სატელეფონო ინტერვიუს აძლევდა რადიო „ეხო მოსკვის“ სწორედ მაშინ, როცა ბელორუსიის მილიციამ მანქანა გააჩერა ცოლ-ქმრის დასაპატიმრებლად. ამდენად, დაპატიმრების დრამატული სცენა პირდაპირ რადიოეთერში გადაიცა: „უკაცრავად, გვაჩერებს საგზაო ინსპექციის მანქანა. გზის პირას გაგვაჩერებინეს. როგორც ჩანს, მანქანიდან ჩაგვიყვანენ. უი, მე ჩავყავართ! ... რას აკეთებთ?! მანქანასთან მიმაყენეს, როგორც ამერიკულ მძაფრსიუჟეტიან ფილმებშია ხოლმე. ... ვაიმე, ჩემი ქმარი ძირს წევს. ურჩხულებო! ფაშისტებო! სახეში მირტყამენ. ხელებს მიგრეხენ...“ - ეს ეპიზოდი, როგორ აპატიმრებენ ბელორუსიის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს და მის მეუღლეს, ირინა ხალიპს, რადიო „ეხო მოსკვიმ“ გადასცა 20 დეკემბერს.

რეპრესიები, ჩანს, არათუ გაგრძელდება, შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბელორუსიის იუსტიციის მინისტრმა, ვიქტორ გოლოვანოვმა განაცხადა, რომ მთავრობა დაადგენს, რომელი პარტიები მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და განიხილავეს „მათი ლიკვიდაციის საკითხს“.

ამ მუქარის მიუხედავად, ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას: აქტივისტები და დაკავებული დემონსტრანტების ახლობლები მორიგი გამოსვლებისთვის ემზადებიან.

ოპოზიციური „ლიბერალური მოძრაობის“ ლიდერმა, ალექსანდრ მილინკევიჩმა დღეს მონაწილეობა მიიღო მინსკში გამართულ ბრიფინგში.

„მოვუწოდებთ ყველა მოკავშირე პოლიტიკურ პარტიას, მოძრაობასა და სამოქალაქო ორგანიზაციას: თუ უყურადღებოდ დატოვებთ ადამიანის უფლებების დარღვევებს, რომლებიც ახლა, ასეთი ძალით ხდება ჩვენს საზოგადოებაში, არ გექნებათ თავისუფლება მომავალში“, - ამ მოწოდებით გამოვიდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ რეპრესიებს მკაცრი კრიტიკა ახლავს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებში და მრავალ ქვეყანაში: დემონსტრაციების დარბევა და ოპონენტების დაპატიმრება დაგმეს ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ და არჩევნებზე ეუთოს სამეთვალყურეო მისიამ, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა.

არა მგონია, ბელორუსიამ ახლა აღიაროს სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი. ეს მას სულ არ სჭირდება, რადგან რუსეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა კვლავინდებურად გაგრძელდება ...
საქართველოს რაც შეეხება, ბელორუსიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 20 დეკემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც, ისევე როგორც ყაზახეთისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა. სააკაშვილის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბელორუსიაში 19 დეკემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ოფიციალურად შეაფასებს მხოლოდ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. თუმცა, მოგვიანებით საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც მას პრეზიდენტის პრესსპიკერმა დაუდასტურა მილოცვის ამბავი: ამ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა ლუკაშენკოს და მას გამარჯვება მიულოცა.

კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც საქართველო-ბელორუსიის ურთიერთობას უკავშირდება და რომელიც ახლაც იწვევს ინტერესს, ეხება მინსკის დამოკიდებულებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხისადმი. რადიო თავისუფლების რუსულენოვან გადაცემაში დასმულ შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ახლა, მოსკოვთან მინსკის გარკვეული დაახლოების ფონზე, ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, უარყოფითად უპასუხა მინსკელმა პოლიტოლოგმა ვალერი კორბალევიჩმა.

„ჩემი აზრით, ბელორუსია-რუსეთის კონფლიქტი გაგრძელდება, რადგან თავად ბელორუსია-რუსეთის ინტეგრაციის მოდელი, სამოკავშირეო სახელმწიფოს მოდელი კონფლიქტის პოტენციალს შეიცავს. არა მგონია, ბელორუსიამ ახლა აღიაროს სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი. ეს მას სულ არ სჭირდება, რადგან რუსეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა კვლავინდებურად გაგრძელდება. შიგადაშიგ ლუკაშენკა აქცენტებს გააკეთებს ხან რუსეთთან, ხან ევროპასთან თანამშრომლობაზე“, - ასე ფიქრობს მინსკელი პოლიტოლოგი, ვალერი კორბალევიჩი, რომელსაც ჩვენი რადიოს რუსულენოვან გადაცემა „ეხო კავკაზას“ პირდაპირ ეთერში სთხოვეს გამოეთქვა აზრი იმასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია თუ არა ბელორუსიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად.
XS
SM
MD
LG