Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახაროვის პრემია კუბელ დისიდენტს მიენიჭა


გიიერმო ფარინასი
გიიერმო ფარინასი
ევროპის პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო - „სახაროვის სახელობის პრემია აზრის თავისუფლებისთვის“ - მიანიჭა ვეტერან კუბელ დისიდენტ გიიერმო ფარინასს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ სტრასბურგში გამოაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა: „გიიერმო ფარინასი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და პოლიტიკური დისიდენტია. ის მზად იყო საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გამოეყენებინა იმ ზეწოლის იარაღად, რომლითაც კუბაში ცვლილებები განხორციელდებოდა. მან შიმშილობებს მიმართა კუბაში სიტყვის თავისუფლების ნაკლებობის გაპროტესტების და გამოააშკარავების მიზნით - და ამით ჩვენ შორის მათი იმედები გამოხატა, ვისაც გვაღელვებს თავისუფლება, ადამიანის უფლებები და დემოკრატია“, - განაცხადა ევროპის პარლამენტის ხელმძღვანელმა.

პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარინასმა ციხეში თერთმეტნახევარი წელიწადი დაჰყო და 23-ჯერ გამოაცხადა შიმშილობა კუბაში მოქმედი რეჟიმის, ცენზურისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გაპროტესტების მიზნით.

მიმდინარე წლის ივლისში მან ოთხთვიანი შიმშილობა დაასრულა, რომლის მოთხოვნას წარმოადგენდა დასუსტებული ჯანმრთელობის მქონე ოპოზიციონერი აქტივისტების ციხიდან გათავისუფლება. ექმები აცხადებდნენ, რომ ფარინასი შიმშილობით სიკვდილის პირას იყო მისული. გავრცელებული ვარაუდით, სწორედ მისი შიმშილობის აქცია იყო ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც ციხიდან 52 აქტივისტის გამოშვება განაპირობა.

ფარინასი არაძალადობრიობის პრინციპების მიმდევარია. ევროპის პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებმაც იგი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს, მას უწოდეს „იმედის შუქურა იმ ათეულობით ჟურნალისტისა და აქტივისტისთვის, რომლებიც დღეს ციხეებში სხედან.“

დაჯილდოებაზე თავად ფარინასის პირველი რეაქცია მისი პრემიის იმ პირებისთვის მიძღვნა იყო, ვინც კუბაში „დიქტატურის დასრულებისთვის“ იბრძვის. დადგა დრო ჩემს ქვეყანაში თავისუფლება და დემოკრატია დამყარდესო, - უთხრა ფარინასმა ფრანს პრესის სააგენტოს.

2006 წელს ფარინასს საგენგებო პრემია მიანიჭა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“. მიმდინარე წელს სახაროვის პრემიაზე კიდევ წარდგენილი იყვნენ ეთიოპიის ოპოზიციის ლიდერი, ბირთუკან მიდექსა და ისრაელში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია სახელწოდებით „ვარღვევთ სიჩუმეს“.

ფარინასი მესამე კუბელია, ვისაც სახაროვის პრემია მიენიჭა. 2002 წელს ეს პრესტიჟული პრიზი კუბის ყველაზე გავლენიან დისიდენტად მიჩნეულ ოსვალდო პაიას ერგო. 2005 წელს კი სახაროვის პრემიით დაჯილდოვდა „ქალები თეთრებში“ - ორგანიზაცია, რომელიც პატიმარი დისიდენტების ცოლებს და ქალ ნათესავებს აერთიანებს.

კუბის კომუნისტურმა რეჟიმმა „ქალებს თეთრებში“ არ დართო ნება პრემიის მისაღებად სტრასბურგში ჩასულიყვნენ. ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმa იეჟი ბუზეკმა, ხუთშაბათს იმედი გამოთქვა, რომ ფარინასი - ისევე როგორც „ქალები თეთრებში“ - მალე მოახერხებს სტრასბურგში ჩასვლას პრემიის პირადად მისაღებად.

სახაროვის პრემია - რომელიც ცნობილი საბჭოთა დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს - ლაურეატისთვის 70 ათასი დოლარის გადაცემასაც გულისხმობს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG