Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ყირგიზეთში დაძაბულობა იზრდება


ერთ თვეზე ცოტა მეტია გასული იმ სისხლიანი დღეებიდან, როცა ყირგიზეთის სამხრეთში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ყირგიზებსა და უზბეკების უმცირესობის წარმომადგენლებს შორის კი შერიგების ნიშნები ჯერაც არ ჩანს.

ქალაქ ოშის ქუჩებში მანქანების ინტენსიური მოძრაობაა. ამუშავდა რესტორნები. ზოგიერთ უბანში ხალხი რამდენიმე კვირის წინ დამწვარ სახლებს ხელახლა აშენებს, მაგრამ სხვა ადგილებში ჯერ კიდევ იგრძნობა კვამლის სუნი. გახეთქილი მილებიდან წყალი მოედინება. ხშირად ნახავთ კარვებში მცხოვრებ ხალხს, როგორც წესი, - თავიანთი დანგრეული სახლების ეზოებში.

ივნისში ყირგიზებსა და უზბეკებს შორის მომხდარ კონფლიქტს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. განადგურდა ასობით სახლი და ბიზნესი.

საერთაშორისო დონორებმა სამშაბათს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მომავალი 30 თვის განმავლობაში ყირგიზეთს, დახმარების სახით, 1.1 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ. მთავრობა აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის სტაბილიზაციისა და ორ ჯგუფს შორის ნდობის აღდგენის მიზნით, თუმცა ჯერჯერობით უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შერიგების ნიშნები არ ჩანს.

პირიქით - ორი მხარე ერთმანეთს სულ უფრო შორდება უშუალოდ კონფლიქტის შემდეგ გავრცელებული ადამიანების წამებასა და მოტაცებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო.

გასული თვის ძალადობის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა უზბეკი იყო. ქვეყანაც, ძირითადად, უზბეკებმა დატოვეს - ასიათასობით ადამიანმა საზღვარი გადაკვეთა და თავი მეზობელ უზბეკეთს შეაფარა. ისინი აცხადებდნენ, რომ ყირგიზეთში ყოფნისას ქვეყნის პოლიციის თუ ჯარის ფორმაში ჩაცმული პირების თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ.

მაგრამ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი მედია ძალადობაში ბრალს, ძირითადად, უზბეკებს სდებს. მედიის მიერ გავრცელებული სიუჟეტები ხელს უწყობს დაძაბულობის შენარჩუნებას, რაც უზბეკებს აიძულებს ქუჩაში გასვლას თავი აარიდონ და სახლებში დარჩნენ.

მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთმა უცხოელმა დამკვირვებელმა, რომელმაც რადიო თავისუფლებას საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახელი არ გაუმხილა, გვითხრა, რომ უზბეკისგან აღებული ერთი ინტერვიუც კი არ უნახავს ტელევიზიით.

„ერთმა ქალმა მითხრა, ტელევიზორში აჩვენეს ჩემი სახლი, რაც ძალიან გაგვიხარდაო, თუმცა მაშინვე უჩვენებიათ ყირგიზი ქალი, რომელიც თურმე აცხადებდა, ეს ჩემი სახლია, რომელიც 40-მა უზბეკმა დამიწვაო. ფაქტი ის არის, რომ დამწვარი სახლების 90 პროცენტზე მეტი უზბეკების იყო, თუმცა ტელევიზიით უზბეკისგან აღებული ერთი ინტერვიუც კი არ გადაუციათ“, – გვითხრა მან.

იმის მიუხედავად, რომ რეკონსტრუქციის პროცესი ნაწილობრივ დაწყებულია, ძალადობის შემთხვევები გრძელდება. უშიშროების ძალები ხშირად ატარებენ რეიდებს უზბეკებით დასახლებულ უბნებში. მოსახლეობა აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცებს სცემენ, აპატიმრებენ და შემდეგ ნათესავებსა და მეგობრებს გამოსასყიდს სთხოვენ.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ შტაბბინაში ყოველდღიურად გამოცხადებული უზბეკები ცდილობენ გაარკვიონ რა ბედი ეწიათ მათ ნათესავებს. ერთი ქალი აქ უკვე ხუთი კვირის განმავლობაში დადის იმედით, რომ თავისი ქმრის შესახებ შეიტყობს ინფორმაციას. მოხუცი კაცი ორი ვაჟის შესახებ ცდილობს ცნობების მოპოვებას. ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ხელში პატარა ბავშვი უჭირავს, თავისი ქმრის ბედზე დარდობს.

უსაფრთხოების სამსახურის შენობის სიახლოვეს ყირგიზები არიან შეგროვილი, თავიანთი დაკარგული ნათესავების სურათებით ხელში. ეს ხალხი აცხადებს, რომ მათი ნათესავები უზბეკებს ჰყავთ დაკავებული. სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ ხოლმე უშიშროების ძალები უზბეკების უბნებზე მიტანილი იერიშების გამართლების მიზნით.

შერიგების შესახებ არავინ ლაპარაკობს. ოშის ცენტრში შეკრებილი კუშტად მომზირალი ახალგაზრდა ყირგიზები გასული თვის ძალადობაში უზბეკებს ადანაშაულებენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც სახელი არ გაგვიმხილა, მთავრობას უმოქმედობაშიც დასდო ბრალი:

„მთავრობა თუ არაფერს გააკეთებს, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ. ჩვენს მიწას და თავს დავიცავთ“, აცხადებს ყირგიზი ახალგაზრდა.

უზბეკურ უბანში - შარქში - მცხოვრები ქარიმი, რომელმაც გვარი არ დაგვიკონკრეტა, ამბობს, რომ ბევრი უზბეკი რუსეთში მიდის. ქარიმმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს უიარაღო საპოლიციო ძალები, რომლებმაც აგვისტოში უნდა დაიწყონ მუშაობა, შეძლებენ წესრიგის აღდგენას. „იქნებ რამით დაგვეხმარონ. საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი გვაქვსო,“ გვითხრა ქარიმმა.

ქვეყნის დედაქალაქში - ბიშკეკში - დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ გასული თვის ძალადობა მთავრობის დესტაბილიზაციაში დაინტერესებულმა ძალებმა მოახდინეს. დროებითი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში აპრილში - პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ჩამოგდების შემდეგ - მოვიდა, ამბობს, რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ქვეყანას ახალ - დემოკრატიულ - საპარლამენტო სისტემას შეუქმნის და სტაბილურობას მოუტანს.

თუმცა ქვეყნის სამხრეთში შექმნილი ვითარება და დაძაბულობის ზრდა ამ განცხადებას ეჭვქვეშ აყენებს. ბევრის აზრით, იმის ნიშნები, რომ მთავრობა ამ რეგიონში უსაფრთხოების ძალებს აკონტროლებს, არ იკვეთება. ხალხს ძალადობის ახალი ტალღის აგორებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქაოსის გამეფების ეშინია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG