Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი არჩევნები - დემოკრატიის მორიგი ტესტი


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის სამზადისი პრაქტიკულად უკვე დასრულდა. საქართველოს 73 საარჩევნო ოქლში გახსნილ 3 700-მდე საარჩევნო უბანში ამ დროისათვის, ძირითადად, ტექნიკური დეტალების მოწესრიგებით არიან დაკავებულნი. საარჩევნო ადმინისტრაციების გარდა, არჩევნების დღის სამზადისში არიან დამკვირვებლებიც, რომელთა რაოდენობაც ადგილობრივი არჩევნებისთვის რეკორდულად ითვლება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებისთვის რეგისტრაციაში გაატარა 54 მედიასაშუალება, 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია. საერთაშორისო დამკვირვებელთა შორისაა ევროპარლამენტის დეპუტატთა 4 კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელმაც არჩევნების წინა დღე ოფიციალურ შეხვედრებს დაუთმო.

ევროპის პარლამენტის სპეციალურმა დელეგაციამ, რომელიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მოწვევით იმყოფება, 29 მაისს შეხვედრები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დაიწყო.

” ჩვენი ვიზიტი ჯერ საწყის სტადიაშია, თუმცა იმის მიხედვით, რაც შეხვედრაზე ითქვა და რაც მანამდეც ვიცოდით საუბრებიდან, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად და არჩევნების სამართლიანობისათვის ბევრი რამ გაკეთდა. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არის ზოგიერთ საკითხში სიცხადე შესატანი - განსაკუთრებით იმისთვის, რომ მეტი სივრცე დაეთმოს ადგილობრივ ელემენტებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს ადგილობრივი სოციუმებიდან და მოხდეს განსხვავების დადგენა ადგილობრივსა და ცენტრალურ არჩევნებს შორის. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა არჩევნების პროცესს დავაკვირდეთ და შემდეგ რჩევები მოგცეთ. ჩვენ ვხედავთ გაუმჯობესებას და გაუმჯობესების შესაძლებლობებსაც“, - განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანელმა ევროპარლამენტარმა პიეტრო დუჩიმ.

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სულ 4 დეპუტატით დაკომპლექტდა.

”ჩვენ სულ ოთხნი ვართ - ევროპარლამენტარები გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან. არჩევნებს დავაკვირდებით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. პირადად მე რეგიონში მივდივარ. მე რუმინელი ვარ”, - გვითხრა ჰანის სლობოდამ, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ კომენტარები უფრო უპრიანი არჩევნების დასრულების შემდეგ იქნებოდა.

ევროპარლამენტარები კი, თავის მხრივ, 30 მაისის არჩევნების წინ პრაქტიკულად ბოლონი აღმოჩნდნენ მაღალი რანგის იმ სტუმრებს შორის, რომელთაც არჩევნების სამართლიანობისათვის გადადგმული საკანონმდებლო თუ პროცესუალური რეფორმების შესახებ ინფორმაციები, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გარდა, მოისმინეს ასევე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, პარლამენტის თავმჯდომარისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო სამუშაო ჯგუფის წევრებისგან.

სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტულობა ევროპარლამენტმა ამ ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუციითაც დაადასტურა. რეზოლუციაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ზოგადად არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების აუცილებლობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი იმედოვნებს, რომ 30 მაისის არჩევნები სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად ჩაივლის:

”ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნამდვილად არის დემოკრატიის ტესტი და ეს უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებელი, სამართლიანი და ღირსეული არჩევნების ჩატარება. ჩვენ გვქონდა საკმარისი დროც, ფინანსური, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური რესურსები იმისთვის, რომ ნორმალურად მოვმზადებულიყავით და მე ვთვლი, რომ ყველანაირად მზად ვართ.”

არჩევნები საქართველოში 30 მაისის 8-დან 20 საათამდე გაიმართება. ამომრჩევლები, რომელთა რაოდენობა 3 544 770-ს შეადგენს, მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველი ორგანოების საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებიც გამოვლინდებიან. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ტარდება ერედვის, თიღვის, ქურთის, აჟარისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ თვითმმართველ ორგანოებში უფლებამოსილება მოქმედ ადგილობრივ ორგანოებს შეუნარჩუნდებათ.
XS
SM
MD
LG