Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ ინტერფრაქციულ ჯგუფს არჩევნებისათვის მზადყოფნის ინფორმაცია გააცნო


ცესკომ ინტერფრაქციულ ჯგუფს არჩევნებისათვის მზადყოფნის ინფორმაცია გააცნო
ცესკომ ინტერფრაქციულ ჯგუფს არჩევნებისათვის მზადყოფნის ინფორმაცია გააცნო
საქართველოს პარლამენტში დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნებისთვის მზადყოფნის შესახებ საბოლოო ინფორმაცია მოისმინეს.

ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილია და აცხადებს, რომ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნებმა სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაიაროს. თუმცა ამასთან დაკავშირებით საპირისპირო აზრისაა ჯგუფის წევრი, ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

საქართველოს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრიდან ნაადრევად გამოსული ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია არჩევნებამდე თითქმის ერთი დღით ადრე ამბობს, რომ შეუძლებელია 30 მაისის არჩევნებს გამჭვირვალე და სამართლიანი ეწოდოს, მაშინ როდესაც ოპოზიციას ბრძოლა უწევს არა ერთ პარტიასთან, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთან: ”როგორც ცა და დედამიწა განსხვავდება ერთმანეთისაგან, ისეთივე განსხვავებაა ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის ბალანსის დაცვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით. ასჯერ მეტი რესურსი აქვს ნაციონალურ მოძრაობას და პრაქტიკულად გამოდის, რომ კონკურენცია უნდა გაუწიო მთლიანად სახელმწიფოს. ანუ სახელმწიფოდ გადაიქცა ეს ერთი პარტია, სადაც ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა ძალოვანი სტრუქტურა, გამგეობები და ასევე ბიუჯეტი - არა მარტო ცენტრალური, არამედ ადგილობრივი - და შეუძლებელია ამ ყველაფრის შემდეგ არჩევნებს დაარქვა სამართლიანი და გამჭვირვალე”, - აცხადებს ბაღათურია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ”ქართული დასის” ლიდერის უკმაყოფილების საპასუხოდ ამბობს, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და ის კანონმდებლებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის სფეროს განეკუთვნება, თუმცა არჩევნებამდე, ფაქტობრივად, რამდენიმე საათით ადრე იმასაც აცხადებს, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად გასაკეთებელი კვლავაც ბევრია:

”დღესდღეობით, რა თქმა უნდა, წინა პლანზე იწევს ადმინისტრაციული რესურსის თემა, რომ უფრო მეტი დაბალანსება და თანაბრობა უნდა იყოს. საერთოდ კი ვფიქრობ, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და ქართული პოლიტიკური სისტემის გასაძლიერებლად კვლავაც საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.”

აქვე გავიხსენოთ ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უკანასკნელ პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ისინი საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მიუთითებენ.

რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების დღეს, ანუ 30 მაისს, საარჩევნო ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ის მზად არის არჩევნებისთვის როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური, ორგანიზაციული და მორალური თვალსაზრისით. ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ისინი ნაკლებად ელიან გართულებებს ტექნიკური კუთხით. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, ამბობს, რომ ცდომილების ალბათობა იმდენად არის მინიმუმამდე დაყვანილი, რომ ის არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

თავად ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ამომრჩევლებს ექნებათ იმის საშუალება, რომ საკუთარი ნება თავისუფლად და დაბრკოლებების გარეშე გამოხატონ. ის აცხადებს, რომ ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 30 მაისის ადგილობრივმა არჩევნებმა გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაიაროს.

დედაქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ვინაობის დადგენა 31 მაისს დილით იქნება შესაძლებელი, ამბობს ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი. მისი მტკიცებით, ცენტრალურ კომისიას 31 მაისის დილას 99%-იანი პირველადი მონაცემი ექნება მზად, ხოლო რაც შეეხება

პროპორციულ არჩევნებს, დედაქალაქში პროპორციული არჩევნების შედეგები არჩევნების მეორე დღესვე გახდება ცნობილი, რეგიონებში კი შედარებით გვიან. ხარატიშვილის განცხადებით, არჩევნებიდან დაახლოებით 2-3 დღეში გახდება ცნობილი მაჟორიტარი კანდიდატების არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემები.

აქვე ისიც განვმარტოთ, რომ 28 მაისს 08.00 საათის შემდეგ აიკრძალა 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, ხოლო, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის წინა დღის, ანუ 29 მაისის 24:00 საათის შემდეგ აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით.
XS
SM
MD
LG