Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო პროგრამებში კვლავ პოპულიზმი ჭარბობს


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ერთობლივი პროექტი, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის თავისუფალი სადებატო სივრცის ორგანიზებას, არჩევნების მეტ გამჭვირვალობას და მათი პროგრამების წარმოდგენას ისახავდა მიზნად, დასასრულს მიუახლოვდა.ექვსთვიანი თანამშრომლობის შემდეგ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა თვითმმართველობის პრობლემების ჭრილში, საბოლოოდ, ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ წარმოადგინა - „ეროვნულმა საბჭომ“, ”ალიანსმა საქართველოსთვის”, „თორთლაძე - დემოკრატებმა“, „თოფაძე - მრეწველებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სწორედ ამ უკანასკნელი პოლიტიკური ძალის ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციით დასრულდა 28 მაისს აღნიშნული პროექტის დასკვნითი ეტაპი.

თავიდან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საგანგებოდ მათთვის მომზადებულ კითხვარს ავსებდნენ, გვიყვება პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რევაზ საყევარიშვილი: ”როგორი უნდა იყოს რაიონის, თბილისის მოწყობა, როგორ უნდა გაიმიჯნოს უფლებამოსილება ცენტრსა და რეგიონებს შორის, რა მოდელები შეიძლება ამუშავდეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პრაქტიკის ამოქმედების შემდეგ.. ანუ ყველა ის საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება თვითმმართველობის ეკონომიკურ საფუძვლებს და გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რაც დღეს ქვეყანაშია.”

გამოიკვეთა, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა აქცენტს თბილისზე აკეთებდა და ყურადღების მიღმა რჩებოდა რეგიონები. თითქმის ყველა საარჩევნო პროგრამაში დაპირებებს შორის ხშირად ფიგურირებდა სიტყვა: უფასო და ექსპერტებისათვის მეტად საინტერესოც სწორედ ეს ნაწილი იყო - როდესაც პოლიტიკური პარტიები ხსნიდნენ, თუ რას ნიშნავს უფასო წყალი უფასო მედიკამენტი და ა.შ.

თბილისის მერობის კანდიდატთა სარეკლამო ბანერები
”ყველასთვის ცხადია, რომ რეალურად უფასო არაფერი არ არის და ამიტომ ჩვენ ვცდილობდით დაგვენახა რა იმალებოდა ამ უფასო დაპირებების უკან. საბოლოოდ, ყველანი მივედით იმ აზრამდე, რომ არაფერიც არ არის უფასო. კანდიდატები პირდებიან ამომრჩეველს იმას, რომ თვითმმართველობა ბევრი რამის დაფინანსებას საკუთარ თავზე აიღებს. მაგალითად, იგივე ჯანდაცვის ბიუჯეტი, რომელიც ყველა პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თბილისის ბიუჯეტში წარმოდგენილია გაცილებით ნაკლებად, ვიდრე ამას ქალაქის და მისი მოსახლეობის საჭიროებები მოითხოვს. ანუ თბილისის ბიუჯეტს შიგნით არსებული წყაროები დაფინანსებისა გადაისინჯება იმ მხრივ, რომ ჯანდაცვა-სოციალურ უზრუნველყოფაზე მიიმართოს მეტი.”

წარმოდგენილი პროგრამების შემფასებელ ექსპერტთა ერთი ნაწილის დასკვნა ასეთია: პოლიტიკური სუბიექტების პროგრამების 99% კვლავ პოპულიზმზე დგას. ამ აზრისაა, მაგალითად, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, რომელიც ამბობს, რომ ეკონომიკურ რეალობაზე წინ ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს პოლიტიკური პოპულიზმი დგას:

პაატა შეშელიძე, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი
”ყველა პარტია ბევრ სოციალურ და სხვა ტიპის დახმარებას ჰპირდება ხალხს სახელმწიფოს ხარჯზე. რა თქმა უნდა, ისინი არ ამხელენ, რომ ეს ხარჯი არის გადასახადის გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხები. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ მარჯვენა ჯიბეში აპირებენ ჩაუდონ ის, რაც მარცხენა ჯიბიდან ამოაცალეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დამალულია ამ საარჩევნო კამპანიაში, არის ის, რომ არ არსებობს უფასო სახელმწიფო მომსახურება. მე, მაგალითად, ასეთი კითხვა დავუსვი ერთ-ერთ გამომსვლელს: თქვენ სთავაზობთ ამომრჩეველს რაღაცას იაფად. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უფრო დიდი ნაწილი მოინდომებს მიიღოს ეს რაღაც იაფად. შესაბამისად, ის, რაც გინდათ, რომ მისცეთ ხალხს, საკმარისი იქნება ასე დასარიგებლად? მაგალითად, არის ასეთი ლოზუნგი: წყალი უფასოდ ან გაზი იაფად. ეს ხომ ნიშნავს, რომ მოხმარება გაიზრდება, და არსებობს შესაბამისი მარაგები?

28 მაისს საკუთარი ეკონომიკური ხედვა, როგორც გითხარით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოადგინა და ამით საჯარო დებატების ნაწილი დასრულდა. პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ბალავაძეს სხვებთან ერთად შეკითხვებს ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ავთანდილ სილაგაძეც უსვამდა, რომელსაც ჩვენ ამ ექვსთვიანი მუშაობის შეფასება ვთხოვეთ. მან თქვა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს იმ მხრივ, რომ აქვთ საკუთარი, უკვე დაწერილი, პროგრამები. შენიშვნები არის, მაგრამ სილაგაძე ამჯერად ყურადღებას პოზიტიურ მხარეებზე ამახვილებს.

დაბოლოს, რეკომენდაციები, რომლებიც ავთანდილ სილაგაძემ მთავრობის გუნდს მისცა: დღეს მუნიციპალიტეტების ყველა შემოსავალი, რაც თავს იყრის იქ ჯამურად, ცენტრალური ბიუჯეტის 7-8 პროცენტია. ეს ძალიან დიდი დისპროპორციაა და მე ვურჩევდი მთავრობას შეიმუშაოს რაიმე სტრატეგია, რადგან 7-8 პროცენტი ძალიან ცოტაა.”

პროექტის ფინალი, ჩანაფიქრის თანახმად, ასეთი იქნება: დებატების დასრულების შემდეგ გამოიცემა სახელმძღვანელო, რომელშიც თავს მოიყრის ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი და დაიწერება საერთო შეფასება, თუ რამდენად მზად იყვნენ ამ კონკრეტული არჩევნების წინ პოლიტიკური სუბიექტები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე დეტალურად სასაუბროდ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG