Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკითხვები თბილისის მერობის კანდიდატებს: თამაზ ვაშაძე


რადიო თავისუფლების დილის პროგრამაში გრძელდება წინასაარჩევნო პროექტი, რომლის დროსაც თბილისის მერობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს აცნობენ მსმენელს. ამჯერად სტუდიაში სტუმრად იყო მერობის კანდიდატი პოლიტიკური მოძრაობა ”სოლიდარობიდან” თამაზ ვაშაძე. მან უპასუხა შეკითხვებს უმუშევრობის, სოციალური საკითხების, ჯანდაცვის, ინფრასტუქტურისა და ეკოლოგიის შესახებ.

თუ გაქვთ რაიმე გეგმა, რომელიც მერად გახდომის შემთხვევაში გრძელვადიანი სამუშაო ადგილების წარმოქმნას შეუწყობს ხელს და უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებს?

მადლობა ამ შეკითხვისთვის. მერობის ყველა კანდიდატს აქვს საკუთარი პროგრამა, როგორ აპირებს უმუშევრობის მოგვარებას. მეც მაქვს. წუხელ გამოვიდა გიგი უგულავა ტელეკომპანია ” იმედის” ეთერში და გაგვაცნო თავისი პროგრამა. მე, მაგალითად, ცუდად გავხდი: როგორ შეიძლება კანდიდატს, რომელიც მერობას აპირებს, ასეთი საარჩევნო პროგრამა ჰქონდეს? როგორ შეიძლება თბილისში 100 ათასი სამუშაო ადგილი და ოაზისი შეიქმნას, როცა მკვდარი ქალაქებით არის სავსე მთელი საქართველო? ეს არის აბსურდი, ტყუილი. ჩემი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ესენი გავაშიშვლო და სიმართლე ვუთხრა ხალხს. თუ თბილისში შეიქმნება 10 სამუშაო ადგილი, რაიონებში უნდა შეიქმნას 5, იმისათვის რომ ეს ხალხი თავის ბუდეებში დავაბრუნო, თორემ უახლოეს 10 წელიწადში თბილისში მოიყრის თავს მთელი მოსახლეობა. ამიტომ მე მაქვს ასეთი გეგმა: მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქნეს წახალისებული და გათავისუფლებული ყოველგვარი ზეწოლისაგან და, რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების შემქმნელებზე უნდა გავცეთ უპროცენტო სესხი.

მთელი მსოფლიოს ვადაგასული და უხარისხო პროდუქტი აქ მოედინება და გამკითხავი არავინ არის. ამიტომ მე მერიის ფონდებიდან გამოვყოფ მილიონებს, რომ ავამუშაო მკვდარი ქალაქები: დუშეთი, მცხეთა, გარდაბანი, საიდანაც შემოვა პროდუქტი. ვინ დამაჯერებს მე, რომ საქართველოში არ მოდის ხახვი, ნიორი და ქათამი არ დებს კვერცხს? ეს ყველაფერი გაკეთებულია მაფიის მიერ, რომელიც ზის პარლამენტში. სხვაგან არ არის ეს მაფია. ასევე, ვინც ამბობს, ავამუშავებთ ქალაქში გაჩერებულ ქარხნებსო, ეს არის ტყუილი. იმ ქარხნებში ის მოწყობილობა, გაუხსნელიც რომ ეწყოს, გადასაყრელი იქნებოდა - მოძველდა და იქ წარმოებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე ვერ გავა. ამიტომ ამ ქარხნების ფართები საჩუქრად უნდა მიეცეთ ბიზნესმენებს, რომ წავახალისოთ, რომ მოიძებნოს ბაზარი და დაასაქმოს ხალხი.

დასაქმების პროგრამა არის მთელი საქართველოს პროგრამა და არა მერის პროგრამა. ის, რასაც ესენი ამბობენ, არის ლაყბობა. 20 წელია შეჭამეს საქართველო და არავის ამაზე პასუხი არ უგია. შევარდნაძე , სააკაშვილი - ესენი არიან პირველი დამნაშავეები. მათ საქართველოს ტერიტორიები დაუკარგეს. აღარაფერს ვამბობ წვრილმან საკითხებზე.

ბატონო თამაზ, თქვენ ბრძანეთ, უმუშევრობის პრობლემას არაფერი ეშველება, თუ მკვდარი ქალაქებიც არ გამოცოცხლდაო... როგორ გესახებათ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ამ ქალაქების დაფინანსება? თქვენ თქვით, რომ მილიონებს გამოყოფთ ბიუჯეტიდან ამისათვის.

ეს რამდენიმე მილიონი არის სოფლის მეურნეობისათვის. რამდენიმე მილიონი მოინახება იმისათვის, რომ დუშეთში განვითარდეს მეურნეობა, რომ მოიყვანონ იქ ხახვი, ნიორი და თბილისში როგორმე ვიშოვი 20 წესიერ, პატრიოტ ადამიანს, შევქმნი ლაბორატორიას და ეს ხალხი იმუშავებს ამ ლაბორატორიაში და დაიცავს ქვეყანას ცუდი, უხარისხო პროდუქტებისაგან. მე ტყუილს არ ვლაპარაკობ. ყველაფრის საბუთი მაქვს. აი, რომ დაიჭერენ ადამიანს, რომელსაც ბრაზილიიდან შემოაქვს გაფუჭებული თევზი, რომლითაც უნდა მოწამლოს ხალხი, და მერე გაუფორმებენ საპროცესოს და ისევ გაუშვებენ იმ თავის ცეხში სამუშაოდ, რომ კიდევ წამლოს ხალხი, ესენი ყველანი შეკრულები არიან მთავრობასთან.

საიდან იშოვა ნოღაიდელმა ამდენი ფული? ცალი კალოშით არის ჩამოსული... მილიონები მებარა მე და მეტროთი და „მარშრუტკით“ დავდივარ. მოიპარა ე.ი. დაიჭირონ მერე. ახლა მეოთხე ”კრუგზე” შემოდიან, რომ ისევ შეჭამონ საქართველო. არა, ბატონებო, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ.

რადგან მოწამვლა ახსენეთ, ბუნებრივად გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ეს არის ჯანდაცვა. როგორია თქვენი ხედვა ქალაქში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს გასაუმჯობესებლად?

სანამ ჩემს პროგრამაზე გეტყვით, მანამდე მინდა ვთქვა: გამოდის მერობის კანდიდატი და ამბობს, 173 მილიონი ლარი გამოიყოფა ახალი საავადმყოფოების ასაშენებლადო. 170-ს კი არ ამბობს, 173-ს, რომ კიდევ უფრო გააბითუროს ხალხი. საიდან უნდა მოიტანოს ეს მილიონები? ბიუჯეტი უძირო კასრი კი არაა, ამას კომპენსაცია სჭირდება.

საავადმყოფოების მხრივ საშინელი მდგომარეობაა. ელვის სისწრაფით უნდა გაიხსნას მინიმუმ 2 უფასო საავადმყოფო, რომ ადამიანი, რომელსაც ფული არ აქვს, სიკვდილისგან ვიხსნა. სად გაგონილა, რომ ადამიანი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო... კი, ბატონო, უნდა იყოს ფასიანი საავადმყოფოებიც, მაგრამ იქნება უფასოც. უფასო დაზღვევის პროგრამები გაკეთდება. წამალი არ იქნება ყველასთვის უფასო, - მთელ მსოფლიოში ასეა: უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს აძლევენ უფასო წამლებს, -მაგრამ აფთიაქებში დღეს არსებული მაფია არ იქნება, რომელიც ყოველდღე უმატებს ფასს კარგად გასაღებულ წამლებს. ამ ყველაფერს მოუვლის სამაგალითო, პატიოსანი და შეუვალი კაცი. პატიოსნება და განვლილი გზა არის ყველაზე მთავარი რამ. არც ერთი მერის კანდიდატი არ არის პატიოსანი. პატიოსანია ჭანტურია? თქვენ გეკითხებით. არაფერი შეგეშალოთ.

მინდა გკითხოთ ქალაქის მეურნეობაზე - ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ტრანსპორტის თემა... თუ გაქვთ გეგმები ამ კუთხით?

დიდი გეგმები მაქვს, ბატონო. ახლა ამბობენ, რომ წყალი უნდა იყოს უფასო და გაზი 5 თეთრი, ანუ პრაქტიკულად უფასო. ეს არის ხალხის მოტყუება და სირცხვილი. დავუშვათ, წყალი იყოს უფასო. საიდან უნდა დაბალანსდეს ეს ფასი? მთელი თბილისის კომუნიკაციები არის დამპალი. მაგას აქვს სათავე ნაგებობები, სანიტარული ზონა... აზრზე არ არიან, ბატონებო, გაგებაში არ არიან მერის ფუნქციების... ფასების დაწევა არის მარეგულირებლის ფუნქცია და პრეზიდენტი ზედამხედველობს მაგას. პრეზიდენტი 2 იმპერატორის უფლებებითაა, ყველა კანონის გატანა შეუძლია. პარლამენტში ყურმოჭრილი მონები არიან მაგისი და ქვეყანაში არ არის ოპოზიცია, რომელიც ამას ხელს შეუშლის. არც ბურჯანაძე, არც ალასანია არ არის ოპოზიცია. გუშინ მაგასთან მუშაობდნენ. უნდა მოვიდეს ახალი ხაზი, ახალი გზა, ახალი ხედვის ადამიანი, პატიოსანი. უგულავა გამოვიდა გუშინ, ვიტირე. როგორ შეიძლება მერი იყოს ასეთი გაუნათლებელი? იძახის, ”გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო”. ჩვენც ვიცით, ბატონო. ლოს-ანჟელესის მერიც ამასვე იტყვის. ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინე მისგან იმის დასტურად, რომ ის არის პერსპექტიული ადამიანი, ფილოსოფოსი... ფილოსოფოსობა არის ის განათლება, რომლის გარშემოც უამრავი სპეციალობა იყრის თავს. ერთხელაც ვერ დავინახე ეს. ერთხელ კორესპონდენტმა დამისვა კითხვა, გამარჯვების რა შანსი გაქვთო. გავიმარჯვე, გავიმარჯვე! უკვე ხალხამდე მივიტანე სწორი აზრი, ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს და ნახოს, ვინ ვინ არის.

დამპალია მთელი თბილისის ინფრასტრუქტურა, ნახალოვკა, დიდუბე, ავლაბარი, აღსადგენია უამრავი სახლი. მშენებლებს უნდა მივცეთ ოაზისი, რომ ჩაიდოს ინვესტიცია და განვითარდეს თბილისი. გადმოხედავ ფუნიკულიორიდან და მინდა ლამაზი და უკეთესი თბილისი. ამათ რომ შეჭამეს უამრავი ფული, ნახეთ პლეხანოვზე რას ჩალიჩობენ, რა ”შტუკატურკას” აკეთებენ. მე გავათავისუფლებ თბილისს ”შტუკატურკისა” და ”ბრიზგისგან”. ნახეთ მსოფლიომ რა გიგანტური ნაბიჯები გადადგა - დუბაიში, შანხაიში რა მასალებით აშენებენ. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება რაღაც მაიმუნობები ვაშენოთ... ჩვენ უნდა ვაშენოთ ხარისხიანი... როგორც ინგლისელები ამბობენ, ჩვენ სად გვაქვს ფუფუნება, იაფფასიანი კოსტიუმი ვიყიდოთ.

შემდეგი საკითხია ქალაქის იერსახის განვითარება. როგორ უნდა განვითარდეს ის?


უნდა შეიქმნას საბჭო და მან უნდა გადაწყვიტოს უბან-უბან ამა თუ იმ შენობის აშენების საკითხი. გააუქმეს ქალაქის მთავარი მხატვარი. ის ხედავს ქალაქის მთელ გამას. ახლა ქალაქის მთავარი მხატვარი არის მიხეილ სააკაშვილი, ის ამბობს: ეს მოჭერით! ეს დარგეთ! ეს შეღებეთ! აი, „ახალი სიცოცხლე“ რომ არის, პროექტი კალაუბანში... შეხედეთ, სანიაღვრეებს არ აკეთებენ. მერე მოვა წვიმა და სტიქიურ უბედურებას უწოდებენ. ეს არის იმის ბრალი, რომ სისტემაში არ არის მოყვანილი ყველაფერი. მეურნე კაცი უნდა იყოს ქალაქის მერი, რომელმაც იცის ეს საქმე. არავითარი პარტია! პარტია მოკვდეს! აქ უნდა იყოს კოალიციური მთავრობა. განათლებული და განვითარებული, არავითარი ასაკობრივი ზღვარი... მთავარია ცოდნა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება.

რაც შეეხება ქალქის ეკოლოგიას, ამ თემაზე საუბრის სურვილი თავიდანვე გქონდათ?

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გამწმენდი ნაგებობა კი არ მუშაობს, უბრალოდ, არ არსებობს. ეს არის დანაშაულთა დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ნახეთ ბათუმი... ზღვაში იღვრება ფეკალი ღია წესით. ფოთი, ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე... გული აგერევა. ზღვა კი არა, საერთოდ წყალი შეგძულდება. როგორც დიდი კონსტანტინე ამბობდა, ქართველ კაცს თავის ჭირივით ეზიზღება წყალი. ახლა შემოვიდეთ აღმოსავლეთ საქართველოში. დაწყებული ახალციხიდან, მთელი ფეკალები მოედინება მტკვარში და შემოდის თბილისში დაბინძურებული, მომსპარი, ჩაოხრებული მტკვარი. მერე გამოდიან მერობის კანდიდატები და ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა მოირწყას და შადრევნებში გამოიყენონ ტექნიკური წყალი. გაგებაში არ არიან, რა არის ტექნიკური წყალი. იმისათვის, რომ თბილისში შემოვიდეს სასმელი წყლის პარალელურად ტექნიკური წყალი, მილიარდები უნდა იმ სადგურის ამუშავებას, რომელიც ამ წყალს გაფილტრავს. ეს არის ზღაპრები. ესენი ყველანი არიან მოლაყბეები და, როგორც ამბობდა დიდი აკაკი, ”სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა, შუა უდევს დიდი ზღვარი”.
როცა მე მერი ვიყავი, ხელი მოვაწერე, რომ სადაც ახლა ელიავას ბაზრობაა, იქ უნდა გაშენებულიყო დიდი პარკი. ახლა რკინიგზა გადაგვაქვსო და აქ უნდა აშენდესო ბიზნეს-ცენტრები.

თბილისს არა აქვს პარკები. ნახეთ, რა უქნეს ვაკის პარკს. იქ ვილებს იშენებენ ჩინოვნიკები. მერს შეუძლია იმ მგლების მადა, რომლებიც მაღლა სხედან, შეაკავოს, რომ არ აშენდეს პარკებში არაფერი. უნდა იყოს უფასო სპორტული მოედნები. სამუშაო ადგილებზე ლაპარაკობენ, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს მეცნიერების განვითარებაზე. მე პრეტენზია მაქვს... მე მუსხელიშვილის და ვეკუას, გოგიჩაიშვილის და რაზმაძის ქვეყნიდან ვარ. იქნება მერე მსოფლიომ დაუკვეთოს ჩვენს მეცნიერებს რაღაცა, სადაც მერე ხალხი დასაქმდება. მარტო სასტუმროს მომსახურე და მხვეტავი არ უნდა იყოს, ქართველმა ერმა მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში ლომის წილი დადო.

ბოლოს, ბატონო თამაზ, შეგიძლიათ ისაუბროთ იმ თემაზე, რომელიც შესაძლოა ჩვენ გამოგვრჩა და გსურთ თქვენი აზრი გამოხატოთ?

მე მინდა მსოფლიოში ქართულ დიასპორას მივმართო. მე თვითონ ემიგრაციაში ვიყავი საბერძნეთში. ვიცი ეს ხალხი როგორ მუშაობს საზღვარგარეთ, ეწევიან მონურ შრომას, უამრავი ხალხი გაედინა საქართველოში მომხდარი გადატრიალების დროს, უამრავი ხალხი დასაფლავდა უცხო მიწაზე, ოჯახები დაინგრა და არაფერი არ კეთდება იმისათვის, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს უკან. ამას არ აკეთებს არც ერთი მთავრობა. ამბობენ, რომ საელჩოებში გაიხსნება საარჩევნო უბნები.

მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიტანჯებოდი. დაურეკეთ თქვენს ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებს და არ დაიზაროთ და მიდით და ჩააგდეთ ერთი პატარა ფურცელი, რომ დაგახვედროთ ისეთი სამშობლო, ისეთი თბილისი, როგორზეც ოცნებობთ, რომ მოვიშოროთ ეს ”ნაციონალური მოძრაობა”, უფრო სწორად, ”მოქალაქეთა კავშირი”, - ძირითადად, ეგენი არიან ახლა ამ პარტიის წევრები, - რომ მოვიშოროთ ეს ჭირი, რომელმაც შეჭამა ქვეყანა. გავაშავოთ ეს მტარვალები და, მოდით, მოვახდინოთ საქართველოში სასწაული, რომელიც იქნება საქართველოს ბედნიერებისათვის გადადგმული ნაბიჯი.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG