Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონკურენტები ერთმანეთის პლაკატებს აკრავენ?


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დაბნეული და არაინფორმირებულია. განსაკუთრებით სოფლებში. ბოლომდე ვერ გარკვეულან, რა არჩევნები ტარდება და კანდიდატები ვინ არიან?

ამომრჩევლის ინფორმირებაზე ადგილობრივი პოლიტიკოსებიც ნაკლებად ზრუნავენ. მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას ვერც პლაკატები აძლევენ, სადაც, ძირითადად, ადგილობრივი კანდიდატების ნაცვლად პარტიული ლიდერები არიან გამოსახულნი. გორელები შალვა ტლაშაძე და არინა თავაქარაშვილი ფიქრობენ, რომ სოფლებსა და ქალაქებში გამოკრული პლაკატები ამომრჩეველს უფრო აბნევს.

ამომრჩევლის დაბნეულობას ისიც იწვევს, რომ ზოგიერთ კონკურენტ პარტიაში დეპუტატობის კანდიდატებად მეგობრები არიან დასახელებულნი. გარდა ამისა, როგორც გაზეთ ქართლის ხმის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი ამბობს, კონკურენტები ერთმანეთის დახმარებაზეც არ ამბობენ უარს. ამომრჩეველს კი ვეღარ გაურკვევია, ვინ არის რეალური ოპოზიცია.

„სოფელ ქვახვრელში საღამოხანს ჩავედი. რამდენიმე ადგილზე ნაციონალური მოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატების პლაკატები ერთად დამხვდა გაკრული. გზად ნაციონალური მოძრაობის სოფლის კოორდინატორი შემხვდა და ორივე პარტიის პლაკატი ხელში ეჭირა. აქ სოფელში ნაციონალებისა და ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატები ძმაკაცები არიან. ქვახვრელში ხშირად მეკითხებიან, კანდიდატები როგორ არიან ერთმანეთის კონკურენტებიო? პლაკატებს ერთად რომ აკრავდნენ, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ერთმანეთს არჩევნებზე პრობლემებს არ შეუქმნიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საბა წიწიკაშვილმა.

ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ზურაბ როსებაშვილი აშკარად განერვიულდა და აღნიშნა, რომ მას ნაციონალების მიერ პლაკატების გაკვრა არ სჭირდება, რადგან საკუთარი ხალხი ჰყავს. ხოლო ნაციონალურ მოძრაობის ოფისში, ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა ზვიად ხმალაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ მისთვის უცნობია ეხმარებიან თუ არა მისი თანაპარტიელები ქრისტიან-დემოკრატებს.

ქალაქში ყველაზე მეტი პლაკატი ნაციონალურ მოძრაობას და ქრისტიან-დემოკრატებს აქვთ გამოკრული. თუმცა, ბევრ ადგილას, როგორც ერთი, ისე მეორე პარტიის სააგიტაციო მასალა მთლიანად განადგურებულია. პლაკატებზე საერთოდ უარი თქვეს ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენლებმა და ეს ფაქტი პარტიული ბიუჯეტის დაზოგვით და ქალაქის იერსახეზე ზრუნვით ახსნეს.
XS
SM
MD
LG