Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაბერი: თუ ვინმე საერთაშორისო მისიის წინააღმდეგ იმოქმედებს, ეს მოქმედება ჩვენკენ იქნება მომართული


ჰანსიორგ ჰაბერი
ჰანსიორგ ჰაბერი
რვა თვეზე მეტია, რაც საქართველოში იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ ეუთოსა და გაეროს მისიები წყვეტენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობას, ევროკავშირის მისია ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიად რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. საქმე ის არის, რომ ეუთოსა და გაეროსგან განსხვავებით, გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე არ ხერხდება ევროკავშირის შეუიარაღებელ მეთვალყურეთა შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნინო გელაშვილი დღეს კრწანისის ოფისში ესაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს - ჰანსიორგ ჰაბერს:

- მოდით, საუბარი დავიწყოთ გასული კვირა დღის ინციდენტით: აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 21 მაისს, თქვენი მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აცხადებდით, რომ ჯერ კიდევ არკვევდით დეტალებს. მეორე დღეს გავრცელებულ პრეს-რელიზში განაცხადეთ, რომ ეს იყო თქვენს პატრულზე ”წინასწარ განზრახული თავდასხმა”. რას ეფუძნებოდა ეს განცხადება?

- ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც აშკარად დისტანციურად იმართებოდა. ასე რომ, იქ ვიღაც იჯდა... ეს არის ქუჩა, რომელზეც ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს. ჩვენ ის უნდა გაგვევლო ჯერ ერთი მიმართულებით, ადმინისტრაციული საზღვრის მიმართულებით, და ნათელი იყო, რომ მოგვიანებით უკან გამოვივლიდით, რადგან ეს ჩიხია. ასე რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა შეიძლებოდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ზუსტად იმ მომენტში, როცა ჩვენმა მცირე ესკორტმა ჩაიარა.

- მისიის მუშაობის დასაწყისში (ჩვენ ვისაუბრეთ, დაახლოებით, ერთ თვეში თქვენი ჩამოსვლიდან) აღნიშნავდით, რომ ვითარება შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უარესი და ერთგვარად ოპტიმისტურადაც აფასებდით მას. რას იტყოდით ახლა, რვათვიანი მუშაობის შემდეგ?

- კვლავაც ოპტიმისტურად ვუყურებ. რასაკვირველია, უნდა დავაკვირდეთ, რამდენად არის ეს ტენდენცია. ერთი ფაქტორი ნამდვილად შეიცვალა - ჩვენ ახლა აქ ვართ ერთადერთი საერთაშორისო მისია. დანარჩენი ორი ახლა ან დახურვის პროცესში იმყოფება, ან უკვე შეწყვიტა პატრულირება. ასე რომ, თუკი ვინმეს სურს განახორციელოს მოქმედება საერთაშორისო მისიის წინააღმდეგ, ჩვენკენ იქნება მომართული. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ ზოგადად ძალადობის დონე საკმაოდ დაბალი იყო და ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება. თუმცა სამომავლოდ ამაში დარწმუნებული ვერ ვიქნებით.

- ბატონო ჰაბერ, მას შემდეგ, რაც ეუთოსა და გაეროს მისიები ტოვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო ინტენსიურად მსჯელობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაფართოების მნიშვნელობაზე. მათ შორის, საუბარია საპოლიციო ფუნქციების დამატებაზე. მესმის, რომ ზუსტად ვერ მეტყვით, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებმა მომავალში, მაგრამ თუ წარმოგიდგენიათ მანდატის ამგვარი განვითარება? არის თუ არა რაიმე მსგავსი გამოცდილება, რომელსაც საქართველოშიც გამოიყენებდით?

ყველაზე მეტად სამართალდაცვის განხორციელება საჭიროა გალის რაიონში
- ვფიქრობ, საქართველოს პოლიცია საკმაოდ კვალიფიციურია კანონისა და წესრიგის დაცვაში მათი პასუხისმგებლობის არეალში. ჯერჯერობით არ გაგვივლია კონსულტაცია საქართველოსთან იმაზე, თუ ზუსტად რას გულისხმობენ, როცა ძლიერ საპოლიციო ფუნქციაზე საუბრობენ. ყველაზე მეტად სამართალდაცვის განხორციელება, რასაკვირველია, საჭიროა აფხაზეთის გალის რაიონში, სადავ ვერ შევდივართ. ძალიან სასურველია იქ საპოლიციო მისიის ყოლა. თუმცა, არსებული პირობების გათვალისწინებით, ასეთი მისია საქართველოში რომც ჩამოვიყვანოთ, გალში ვერ განვალაგებთ. ვფიქრობ, ეს არის ძირითადი პრობლემა.

- რაც შეეხება ამ ძირითად პრობლემას, თქვენ კვლავაც არ გიშვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თქვენი მეთვალყურეები კვლავაც მიდიან გამშვებ პუნქტებთან (იქნება ეს რუსების, ოსებისა თუ აფხაზების) და ”აკაკუნებენ”? რა ვითარებაა ახლა? ხომ არ ელოდებით რაიმე გადაწყვეტილებას?

- დიახ, ჩვენ მივდივართ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან. ეს რუტინის ნაწილია. ყოველთვის კეთილგანწყობით არ გვხვდებიან და არასდროს გვიშვებენ პოსტის მეორე მხარეს. ყურადღება ახლა უფრო მეტად გადატანილია იმაზე, რომ დიპლომატიური გზით, განცხადებების დონეზე განიმარტოს, რომ ჩვენი მანდატი მთელ საქართველოს მოიცავს. აგრეთვე, ვფიქრობ, რომ საქართველოს მიდგომა ოდნავ შეიცვალა - ქართველები ყველაზე დიდ წვლილად ახლა თვლიან ევროკავშირის მიერ მათი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ამ ტერიტორიების არაღიარების მტკიცე პოლიტიკით; აგრეთვე, იმათი დაგმობით, ვინც შეიძლება ფიქრობდეს ამ ორი ერთეულის აღიარებაზე. ამგვარმა მიდგომამ ერთგვარად შეცვალა ჩვენი ”კარზე კაკუნის” პოლიტიკა, რადგან ადგილზე მყოფმა ყველა მხარემ იცის, რომ ჩვენ ახლო მომავალში არ შეგვიშვებენ ამ ტერიტორიებზე. მეორე მხრივ, ნდობის აღდგენისა და ჟენევის ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, არსებობს შეთანხმებული ერთობლივი ვიზიტების ინტსტრუმენტი, რომელიც ცოტათი განსხვავდება პატრულირებისგან. ვიმედოვნებთ, რომ ეს დაინერგება. დღემდე ამის გაკეთება არ მოხერხდა.

- ამ მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი ბოლო შეხვედრა გადაიდო. ეს პირველად არ მომხდარა. რას გვეტყოდით ამ პროცესზე? ვითარდება თუ არა ის?

- პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მხოლოდ პროცედურულ დეტალებზე, რომლებიც მუდამ სტატუსს უკავშირდებოდა. სტატუსის საკითხი, რასაკვირველია, აფუჭებს ამ მექანიზმის მუშაობას. მეორედ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა. მასზე შევთანხმდით, რომ განსხვავებული აზრი შეიძლება გვქონდეს პროცედურულ საკითხებზე და თავიდანვე გადავედით არსებით საკითხებზე, როგორებიცაა - როგორ გადაკვეთოს მშვიდობიანმა მოსახლეობამ ადმინისტრაციული საზღვარი; შეგვიძლია თუ არა რამით დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც სურს, მაგალითად, გასვენებაზე წასვლა და მსგავს საკითხებში. ვფიქრობ, ამ შეხვედრისას
ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ნდობის აღდგენის მექანიზმებით ისინი მხოლოდ იხეირებენ.
თუმცა პროცედურული საკითხები მაინც წინა პლანზე წამოვიდა და ამას დაემატა სამი ახალგაზრდის ამბავი, რომლებიც, როგორც ოსები გვეუბნებიან, შარშან, 13 ოქტომბერს, საქართველოში გაუჩინარდნენ.

- ანუ ეს იყო ბოლო შეხვედრის გადადების მიზეზი?

- ესეც და კიდევ ის, თუ ვინ უნდა გასძღოლოდა შეხვედრას.

- პირველ შეხვედრას ვინ თავმჯდომარეობდა?

- მაშინ დროებით შეთანხმებას მივაღწიეთ, რადგან ჟენევის 18 თებერვლის შეხვედრის დოკუმენტში ასეთი რამ არ განსაზღვრულა. ჟენევის დოკუმენტის მიხედვით, ეს უნდა იყოს საორგანიზაციო შეხვედრა. შევთანხმდით, რომ ეუთომ და ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყონ მას და არა - უხელმძღვანელონ. ასეც ვიქცევით. თუკი სტატუსზე ვერ შევთანხმდებით, ყველას ინტერესში იქნება, თუ ვიტყვით, რომ განვაგრძობთ პროცესს ეუთოსა და ევროკავშირის დროებითი თანახელშეწყობით და, იმავდროულად, ვიმუშავებთ არსებით საკითხებზე.

- მალე გაიმართება თუ არა შემდეგი შეხვედრა, თუ ჯერ არ არის ცნობილი?

- ჯერჯერობით თარიღი არ ვიცით. თუმცა ჩვენი შემდეგი შეხვედრა შედგება 1 ივლისს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრის თარიღი დავთქვათ.

- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოაწერა მემორანდუმს უსაფრთხოების ზონებში იარაღის, ტექნიკისა და სამხედრო ძალის შეზღუდვის შესახებ. თუ არ ვცდები, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ ამ თანამშრომლობით...

ქართველები ბოლომდე ასრულებენ მემორანდუმს
- დიახ, ქართველები ბოლომდე ასრულებენ მას. ჩვენ ორი შეთანხმება გვქონდა: ერთი - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მეორე - თავდაცვის სამინისტროსთან. თქვენ რომელზეც საუბრობთ ახლა, ეხება თავდაცვის სამინისტროს. ეს დოკუმენტი, ძირითადად, განსაზღვრავს ორ ერთეულს შორის ზოლს, სადაც საქართველოს სამხედრო უწყებამ არ უნდა განალაგოს ერთ ბატალიონსა და 5 ერთეულ მძიმე ტექნიკაზე მეტი. ეს კეთდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მიმართულებით არ იყოს გამოყენებული ძალა. ეს არის ცალმხრივი ღონისძიება. საქართველოს მთავრობას ეყო სიმამაცე ამ ვალდებულების აღებისთვის. ჩვენ ასეთივე ნაბიჯისკენ მოვუწოდებთ რუსებს - განახორციელონ ასეთივე ცალმხრივი ღონისძიება მათ მიერ კონტროლირებად მხარეს და წარმოადგინონ ინფორმაცია საზღვრის იქითა მხარეს მათი სამხედრო ძალის შემადგენლობის შესახებ. ეს ხელს შეუწყობდა დაძაბულობის შემცირებას ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

- როგორი იყო რუსების პასუხი?

- ჯერჯერობით მათგან რეაქცია არ ყოფილა. ჩვენ განვაგრძობთ ამ წინადადების შეთავაზებას მათთვის.

- რუსები - აგრეთვე აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები - საკმაოდ ხშირად ჩივიან აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს აქტიურ სამხედრო გადაადგილებაზე. ასე რომ, თქვენ არ ადასტურებთ ამას...

- არა, არ გვქონია შემთხვევა, როცა ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ მისი დადასტურება შეგვძლებოდა.

- საქართველოში თქვენი მისიის მუშაობის დაწყებიდან დღემდე, იყო თუ არა რაიმე სახის პროგრესი რუსეთის ხელისუფლებასთან, ადგილზე მყოფ რუსეთის ძალებთან, აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით?

ვცდილობთ, ვიყოთ ობიექტურები; არ მიგვაჩნია, რომ ცალმხრივები ვართ.
- დიახ, რუსებთან ახლა გვყავს ორი მოკავშირე პირი. აგრეთვე ვიყენებთ ”ცხელ ხაზს”, რაც ჟენევაში განსაზღვრული ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ნაწილია, თუმცა მექანიზმის გარეთ კომუნიკაციასაც გულისხმობს. ასე რომ, ოსეთის შემთხვევაში, რუს სამხედროებთან კომუნიკაცია შედარებით კარგია. აფხაზეთის შემთხვევაში მხოლოდ საწყის ეტაპზეა. ვესაუბრებით აგრეთვე ოსებს, თუმცა მეტ კონტაქტს ვისურვებდით. ოსები და აფხაზები სულ აცხადებენ, რომ ჩვენ ცალმხრივები ვართ. თუმცა ისინი თავად არ გვიწვევენ თავიანთ ტერიტორიაზე, რომ მეორე მხარეც ვნახოთ. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ობიექტურები და პროფესიონალურები ანგარიშების მომზადებისას. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ცალმხრივები ვართ, მაგრამ თუკი ოსები და აფხაზები ფიქრობენ, რომ ვართ, მათ უნდა მიგვიღონ და წარმოგვიდგინონ მეორე მხარე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG