Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო, გაერო და ევროკავშირი კვლავაც ერთობლივად ეცდებიან სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის დამკვიდრებას


მარცხნიდან: იოჰან ვერბეკე, პიერ მორელი და ხარალამპოს ხრისტოპულოსი
მარცხნიდან: იოჰან ვერბეკე, პიერ მორელი და ხარალამპოს ხრისტოპულოსი
ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა - რომლებიც გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირს წარმოადგენენ - განაცხადეს, რომ ერთგულნი რჩებიან ამ მოლაპარაკებისა და კვლავაც აქტიურად აპირებენ მასში მონაწილეობას. თანათავმჯდომარეები არიან: ეუთოდან - ხარალამპოს ხრისტოპულოსი, გაეროდან - იოჰან ვერბეკე, ევროპის კავშირიდან - პიერ მორელი. ვენაში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ელჩები აღნიშნავენ, რომ ჟენევის მოლაპარაკება ერთადერთი ფორუმია, რომლის ფარგლებშიც კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხვდებიან და მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. ამასთანავე, "ჟენევის მოლაპარაკება ერთადერთი საშუალებაა სამი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის - გაეროსთვის, ეუთოსა და ევროპის კავშირისთვის, - მჭიდრო თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამკვიდრებას", ნათქვამია განცხადებაში.

ელჩების განცხადებას წინ უძღოდა ეუთოს ორი უწყების - უშიშროების სფეროში თანამშრომლობის ფორუმისა და მუდმივმოქმედი საბჭოს - ერთობლივი სხდომა, რომელიც უკანასკნელი მოვლენების განსახილველად მოიწვიეს. სხდომის მოწვევის ინიციატორები იყვნენ უშიშროების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის მორიგე თავმჯდომარე - საქართველო - და ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მორიგე თავმჯდომარე - საბერძნეთი.

ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ: "მტკიცედ ვემხრობით მოლაპარაკებებსა და მათს მსვლელობაში აქამდე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას, და ველით მოლაპარაკების მეექვსე რაუნდს, რომელიც 1 ივლისს გაიმართება. დღევანდელი საფუძვლიანი დებატებიდან ვასკვნით, რომ შექმნილ ვითარებაში ჟენევის მოლაპარაკების არსებობა დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე."
XS
SM
MD
LG