როდესაც ერთიანი საპროტესტო მოძრაობა უნდა დაიწყოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიციისა და საზოგადოების მეორე ნაწილი კი კითხულობს, რატომ არ შეიძლება საპროტესტო მოძრაობის დევიზი იყოს პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვა, თემატური პრობლემების მოგვარება და არა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. არის თუ არა ამ ორ პოზიციას შორის ისეთი არსებითი განსხვავება, რომელიც პიროვნულ ფაქტორზე არ დაიყვანება?
იმ უნარებს შორის, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს – მაგალითად, ენების ფლობა, მჭევრმეტყველება, კრიტიკული ვითარებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება – ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების მოგების უნარია. არჩევნების მოგება კი, განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოში, სისტემური მენეჯმენტის გარეშე შეუძლებელია. ამ სისტემის ნაწილია განსაკუთრებული ხაზგასმა ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმეებისა და იმ მიღწევებისა, რომელთა ავტორი მიხეილ სააკაშვილია, საკუთარ გუნდთან ერთად.
2008 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველამ კარგად დაიმახსოვრა ხელისუფლების მიღწევები: განათებული სახლები და ქუჩები; ახლად დაგებული გზები; გალამაზებული ფასადები; დასასვენებელი პარკები ბავშვებისთვის და სპორტული მოედნები ახალგაზრდებისთვის; მომატებული პენსია და დროულად დარიგებული ხელფასი; დამარცხებული კორუფცია და დაძლეული ქურდული მენტალიტეტი; ზრდილობიანი და ეფექტიანად მომუშავე პატრული; დაზღვევა პედაგოგებისთვის; სოციალური დახმარების პაკეტი ღატაკი მოსახლეობისთვის.
ამ ჩამონათვალის თითოეული პუნქტი, შესაძლოა, ვინმემ სადავოდ გახადოს, მაგრამ ობიექტურად განწყობილი ადამიანი, ალბათ, ყველა პუნქტს აღიარებს, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების მიღწევას. არსებობს სხვა ჩამონათვალიც, რომლის თითოეული კომპონენტი აგვისტოს ომამდე ხელისუფლების დიდ წარმატებად მიიჩნეოდა, ომის შემდეგ კი ოპოზიციის კრიტიკის საგნად იქცა – მაგალითად, ძლიერი ჯარი, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივა, ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება და, ჯამში, შემდგარი სახელმწიფო.
საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მიღწევებიც არის, ოპოზიციისგან უფრო კონსტრუქციულ ქმედებას მოითხოვს. მათი აზრით, შესაძლებელია, რომ გაერთიანებულმა და გაძლიერებულმა ოპოზიციამ დასუსტებულ ხელისუფლებას რეალური დათმობები მოსთხოვოს სხვადასხვა მიმართულებით: მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება, პარლამენტის და თვითმმართველობის რეალურად ამოქმედება. ამგვარი მოთხოვნის ძირითადი საფუძველი ის განწყობაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ზოგი რამ კარგი გააკეთა, ზოგიც – ცუდი, თუმცა, მთლიანობაში, მისი გაწირვა ამ ეტაპზე ქვეყანას უფრო მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე – სარგებელს. ამგვარ მოთხოვნას საფუძვლად უდევს სურვილი, რომ ერთხელ მაინც ხელისუფლება კონსტიტუციური ვადების დაცვით შეიცვალოს, რაც ჯერ საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მომხდარა.
სხვაგვარად ფიქრობს საზოგადოების მეორე – უფრო პროტესტულად განწყობილი – ნაწილი, რომელიც ხელისუფლების მიღწევებს აღიარებს, მაგრამ, ამავდროულად, ფიქრობს, რომ ქვეყნის შენების პროცესში მიხეილ სააკაშვილი დაპირისპირებული აღმოჩნდა საკუთარ ხალხთან, თითოეულ ადამიანთან.
ადამიანებთან დაპირისპირებად არის აღქმული შვიდ ნოემბერს განხორციელებული პირდაპირი ძალადობა, როდესაც სპეცნაზელებმა არა მხოლოდ მიტინგი დაშალეს, არამედ პარლამენტიდან საკმაოდ შორს მდებარე აფთიაქის კარი შეამტვრიეს და იქ თავშეფარებულ ქალებს და მამაკაცებს ხელჯოხებით დაუზოგავად სცემეს. საზოგადოების ნაწილი ხალხთან დაპირისპირებად აღიქვამდა 2008 წელს ჩატარებულ ორივე არჩევნებს, უსამართლო დაპატიმრებებს, ქონების წართმევას, დევნილების ძალადობრივ გამოსახლებას, ტელევიზიების კონტროლს, ცინიკურ შეფასებებს, დიალოგის უგულებელყოფას. ამას ემატებოდა განუკითხაობა, რომელიც ზოგჯერ უდანაშაულო ახალგაზრდების სიკვდილით მთავრდებოდა.
შესაძლოა, სადავო იყოს, მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც უმთავრეს ღირებულებად სახელმწიფოს შენებას მიიჩნევს, ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან არც ლეგიტიმურია, არც გონივრული და არც შედეგის მომტანი. ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც უმთავრეს ღირებულებად ადამიანს აღიარებს, მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დარჩენა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ ხალხთან დაპირისპირების მორიგ რაუნდში გადაიზრდება.
ზემოთ აღწერილი სურათი წარმოაჩენს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო საქმიანობის ორგვარ შეფასებას, რომელთაგან თითოეულს თავისი მომხრეები ჰყავს. ამ მომხრეებს შორის ბალანსზე იქნება დამოკიდებული პოლიტიკური პროცესი უახლოესი თვეების და, შესაძლოა, წლების განმავლობაში.