Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ძალით თავს ვერ შეგაყვარებთ” - საქართველოში კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი არ შემოუშვეს


დარიანა გრიაზნოვა 27 წლისაა. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართალში, ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტში.
დარიანა გრიაზნოვა 27 წლისაა. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართალში, ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტში.

საქართველოს საზღვრიდან უკვე ათეულობით რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი გააბრუნეს. 28 მარტს მესაზღვრეების სამიზნე უფლებადამცველი და იურისტი, დარიანა გრიაზნოვა გახდა. მათ აზრი ვერც გაეროს წარმომადგენლის წერილმა შეაცვლევინა.

დარიანა გრიაზნოვა ამბობს, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში სახლი უკვე მეორედ დაკარგა. მუშაობს ორ საერთაშორისო ორგანიზაციაში, “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრსა” და “Equality Now”-ში. რუსეთში ქალთა უფლებებს და გარემოს იცავს. დარიანა თავის პარტნიორთან, იურისტ ევგენი სმირნოვთან ერთად თბილისში, 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა. რადიო თავისუფლებას ელაპარაკა სტამბოლიდან, სადაც მესაზღვრეებმა გააბრუნეს.

რადიო თავისუფლება: მოგვიყევით, როგორ არ შემოგიშვეს საქართველოში?

დარიანა გრიაზნოვა: გუშინ სტამბოლიდან თბილისში დავბრუნდი. 16:45-ზე უკვე მესაზღვრეების წინ ვიდექი. ვიცოდი, რომ რუს უფლებადამცველებს საქართველოში სისტემურად არ უშვებენ, ამიტომ თან მქონდა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის [მერი ლოულორის] წერილი. იქ ეწერა, რომ საქართველომ, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, დაუბრკოლებლად უნდა შემიშვას თავის ტერიტორიაზე.

როგორც ყოველთვის, მესაზღვრემ ჩემს პასპორტს გადაუღო ფოტო და ვათსაპით ვიღაცას გაუგზავნა.

როგორც ყოველთვის, მესაზღვრემ ჩემს პასპორტს გადაუღო ფოტო და ვათსაპით ვიღაცას გაუგზავნა. ვთხოვე, წერილისთვისაც გადაეღო. შემდეგ გვერდზე გამიყვანეს და მითხრეს, რომ დამეცადა.

[ერთ საათში] მოვიდა თანამშრომელი და შემატყობინა, რომ შესვლაზე უარს მეუბნებიან. ვთხოვე, ოფიციალური მიზეზი დაესახელებინათ და მოეცათ საბუთი. სპეციალურ მომხსენებელს დავუკავშირდი. ის მზად იყო, მესაზღვრეებს დალაპარაკებოდა, თუმცა მათ არ მოინდომეს. ისე უხეშად არ მექცეოდნენ, როგორც რუსეთში, უბრალოდ მომიჭრეს, წადიო, მიზეზის განუმარტავად.

არ ჰქონდათ არშემოშვების მიზეზი, საქართველოში კანონიერად ვცხოვრობდი, ჩემს პარტნიორთან ერთად. ის ადვოკატი და უფლებადამცველია. რუსეთში იცავს ადამიანებს, ვისაც სახელმწიფო ღალატში ედებათ ბრალი. [საქართველოში] უძრავი ქონება გვაქვს, დარეგისტრირებული ვარ ინდმეწარმედ. გვყავს ორი ძაღლი და სამი კატა. წელიწადზე მეტხანს ვსწავლობდი ქართულს, საქართველო ჩვენთვის სახლივით იყო.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რატომ არ შემოგიშვეს?

დარიანა გრიაზნოვა: ეს უკავშირდება ჩემს და ჩემი პარტნიორის პროფესიულ საქმიანობას. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ მისი გადასაწყვეტია ვის შემოუშვებს და, რომ უარს არამხოლოდ უფლებადამცველებს ეუბნებიან. მაგრამ თუ შეხედავთ ჩვენს ოჯახს, ევგენისაც პრობლემები ექმნება, მეც. ჩვენს კოლეგებსაც. იმდენი დამთხვევაა უკვე... ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უფლებადამცველობაშია საქმე.

იმდენი დამთხვევაა უკვე, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უფლებადამცველობაშია საქმე.

რადიო თავისუფლება: გასაჩივრებას აპირებთ?

დარიანა გრიაზნოვა: კი, დღეს უნდა გავაგზავნო მოთხოვნა, რომ საუბრის ჩანაწერები შეინახონ და წარმოადგინონ. ათი დღის ვადაში ვაპირებ სასამართლოს მივმართო და თუ საჭირო გახდა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდეც მივალ.

რადიო თავისუფლება: შეიძლება, ამის თქმა ახლა გიჭირდეთ, მაგრამ ზოგადად, რას აპირებთ? ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელოთ?

დარიანა გრიაზნოვა: არშემოშვება ჩემთვის ძალიან უსიამოვნო კია, მაგრამ არა მოულოდნელი. რაღაც მხრივ მზად ვიყავი. ბევრჯერ მიგრძვნია, როგორ არ მოსწონს თქვენს ხელისუფლებას, საქართველოში რომ ვარ. მოკლედ, გეგმა გასაჩივრებაა, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ ძალით თავს ვერ შეგაყვარებთ. ბინადრობის უფლებას ვერ ვიღებთ, საზღვარზე კი არ გვიშვებენ. ეს მკაფიო მესიჯია, რომ საქართველოში ჩვენი ნახვა არ უნდათ. მაგრამ, როგორც იურისტს და უფლებადამცველს, მინდა, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, მერე კი ვნახოთ, სად ვიცხოვრებ.

რადიო თავისუფლება: მუშაობაში ხელი არ შეგეშლებათ?

ბოლო დროს, საქართველოში მძევალივით ვიყავი.

დარიანა გრიაზნოვა: დიდად არა, თავის დროზე უკვე საკმარისად შემეშალა ხელი, რუსეთიდან როცა წამოვედი. უფრო ის მაწუხებს, რომ ჩემს პარტნიორს და ჩემს სახლს დამაშორეს. ისე კი ბოლო დროს, საქართველოში მძევალივით ვიყავი. თითქოს ოქროს გალიაში ვცხოვრობდი. ვიცოდი, რომ რუსეთთან შედარებით ყველაფერი უსაფრთხოა, რომ დილის ხუთ საათზე ჩემს სახლს არ გაჩხრეკენ, მაგრამ სულ იმას ვფიქრობდი, როცა წავალ, დაბრუნებას თუ შევძლებ-მეთქი.

რადიო თავისუფლება: ერთი მხრივ, საქართველოს უნდა ევროკავშირში. ის მხარს უჭერს უკრაინას. მეორე მხრივ კი, არ გიშვებთ თქვენ და კიდევ ბევრი სხვა ადამიანს, ვინც დღევანდელი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის. ეს არ გიკვირთ?

დარიანა გრიაზნოვა: ძალიან მიკვირს. ვიცი, რომ რუსეთმა ბევრი ბოროტება გაუკეთა საქართველოს, მაგრამ უფლებადამცველებს ზუსტადაც რუსეთში მოქმედი რეჟიმის შეცვლა უნდათ. პარადოქსია - მათ, ვინც ომის მერე რუსეთს ტოვებენ, და ანტისაომარ პოზიციას არც აჟღერებენ, უპრობლემოდ შეუძლიათ ცხოვრება. მათ კი, ვისაც რუსეთში რაღაცის შეცვლა უნდათ, არ შეუძლიათ. ეს ჩემთვის და ჩემი პარტნიორისთვის ძალიან მტკივნეულია. წელიწად-ნახევარში უკვე მეორედ დავკარგეთ სახლი.

***

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში მიზეზის განუმარტავად არ შემოუშვეს ათეულობით რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი. მათ შორის, აქტივისტი და მომღერალი ოლგა ბორისოვა, ჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი, ფოტოგრაფი დავიდ ფრენკელი, პოლიტიკოსი ლიუბოვ სობოლი, ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი.

წინა თვეში მესაზღვრეებმა გააბრუნეს მწერალი ფილიპ დზიადკო, და უფლებადამცველი ანა რივინა. მარტში - რუსული ტელეარხის, “დოჟდის” ჟურნალისტი, საშა შვედოვა. სამივე საქართველოში წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG