უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში საქართველოში შემოშვებაზე უარი უთხრეს ექვს რუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ უთხრა ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორმა ეგორ კუროპტევმა.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოში შესვლა ვერ შეძლო Проект-ის ჟურნალისტმა კატია არენინამ, Pussy Riot-ის აქტივისტმა ნიკა ნიკულინამ და „მედიაზონის“ რედაქციის მენეჯერმა გალა ლატიგოვსკაიმ.
მათთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის მიზეზი არ აუხსნიათ. როგორც გამოცემა Агентство-ს განუმარტა არენინამ, ის საზღვრიდან 14 ნოემბერს გააბრუნეს. მესაზღვრეებმა მას გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც უარის საფუძვლად „სხვა მიზეზი“ იყო დასახელებული.
„გადავეცი პასპორტი, თანამშრომელმა რაღაც დაინახა თავის კომპიუტერში და 10 წუთის განმავლობაში უბრალოდ დუმდა“, - ამბობს ის.
არენინას თქმით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მასთან სასაზღვრო სამსახურის სხვა თანამშრომელი მივიდა და უარის შესახებ ცნობა გადასცა.
„მითხრა: ეკატერინა, ჩვენ უარს გეუბნებით საქართველოში შესვლაზე, ჩვენი საუბარი იწერება, მეტის არაფრის განმარტება არ შემიძლია“, - თქვა არენინამ.
Pussy Riot-ის აქტივისტი ნიკა ნიკულშინა საქართველოში პირველი ნოემბრის დილით არ შემოუშვეს.
„საზღვარზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დამაყოვნეს. ბუნებრივია, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერად არაფერი განუმარტავთ, ჩემთვის გადმოცემულ დოკუმენტში, გრაფაში Other მონიშვნაა გაკეთებული, ალბათ, როგორც ყველას“, - უთხრა Агентство-ს ნიკულშინამ.
Pussy Riot-ის აქტივისტი ნიკა ნიკულშინა რუსეთიდან საქართველოში გასული წლის ივლისში ჩამოვიდა, მას იმ ბინის მეპატრონესთან, სადაც მანამდე ცხოვრობდა, არენდის წინასწარი ექვსთვიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
გალა ლატიგოვსკაია, რომელიც საქართველოში 2 ნოემბერს მოფრინავდა, Агентство-სთან საუბარში ამბობს, რომ მესაზღვრეებისგან საერთოდ არანაირი განმარტება მიუღია.
„არაფერი არ უთქვამთ. 50 წუთის განმავლობაში ვიცდიდი [სასაზღვრო კონტროლის პუნქტთან], ჩემთან მოირბინა ადამიანმა, მკითხა, რომელი რეისით ჩამოფრინდიო, ვუთხარი რომ Turkish Airlines-ით, შემობრუნდა და მითხრა: ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, თქვენ ახლა უკან გაფრინდებით“.
დღეს, 16 ნოემბერს, შს მინისტრის მოადგილემ მედიასთან კომენტარში განმარტა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვების პრაქტიკა. მისი თქმით, იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნან საფრთხე, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან და საზღვრიდან აბრუნებენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომ ჩვენ ყველა იმ სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ, რაც არსებობს. ვახორციელებთ კონტროლს საზღვარზე. კერძოდ, ხდება შემომსვლელი პირების შემოწმება, მათ შორის, ხდება დოკუმენტური შემოწმება იმისათვის, რომ მათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები ჰქონდეთ. გარდა ამისა, თუკი მათ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების კვეთის შემთხვევები, ბუნებრივია, მათი დაშვება არ ხდება და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება. ასევე სხვადასხვა უწყებასთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან, უარის ვეუბნებით და ქვეყნის საზღვრიდან გაბრუნება ხდება. ეს არის ის პროცედურა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს“. - უთხრა ალექსანდრე დარახველიძემ მედიას.
საქართველოში შემოსვლაზე უარის შემთხვევებმა რუსეთის მოქალაქეების მიმართ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში იმატა. დღეში რამდენიმე ათეულ რუსეთის მოქალაქეს ეუბნებოდნენ საზღვრის კვეთაზე უარს.
უარის შემთხვევები შემცირდა ოქტომბრის შუა რიცხვებში, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო უწევდა რუსეთის დატოვება, ამბობს ეგორ კუროპტევი.
„უარის რამდენიმე შემთხვევა მოიხსნა ვიზიტის მიზნებისა და სხვა დამატებითი დეტალების განმარტების შემდეგ“, - აღნიშნავს უფლებადამცველი.
გაურკვეველია, რა გახდა ახალი შეზღუდვების მიზეზი. კუროპტევის განმარტებით, მათ შორის, ვისაც საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, სამი ისეთი ადამიანია, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში და ბინა აქვთ ნაქირავები ხანგრძლივი დროით.
*მასალა განახლდა და მასში აისახა შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის კომენტარი.