Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცხრა ნაბიჯი", "სამუშაო ჯგუფი" და საარჩევნო ცვლილებების ბედი


ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. 29 იანვარი, 2024
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. 29 იანვარი, 2024

საარჩევნო წლის ერთი თვე მიილია, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო შემცირდა დრო იმ რეფორმების განასხორციელებლად (ასეთის პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც კი), რომლებიც არსებითია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად.

რეალურად, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის/დათქმის უმრავლესობა საარჩევნო გარემოზე ახდენს გავლენას, თუმცა, საკუთრივ არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაცია ორ პუნქტში გვხვდება.

29 იანვარს გამართული სამუშაო შეხვედრა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია - „ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს“. შეხვედრის შედეგებზე ინფორმაცია პრესსამსახურს აღარ გაუვრცელებია. გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნული იყო, რომ შეხვედრაზე საუბარი უნდა შეხებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრავე ნაბიჯს. პარლამენტის თავმჯდომარეს კი განუცხადებია: „იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც, ამ ფორმატში, ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიციები, მოსაზრებები დააფიქსიროს“.

ვინ არის „ყველა“?

ყველაზე მკაფიოდ რაც გამოჩნდა „ცხრა ნაბიჯის“ შესრულებისთვის მიძღვნილ ამ ღონისძიებაზე, იყო სრულიად ფორმალური დამოკიდებულება სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მიმართ. პარლამენტის სპიკერმა წინასწარ განმარტა: „უკვე წელიწად-ნახევარია, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატი გადის "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების" პლატფორმაზე“ და თუ რომელიმე ორგანიზაციამ ეს პლატფორმა დატოვა, „მათი არჩევანია ეს, უნდათ თუ არა, იყვნენ ჩართული ამ მხრივ, პარლამენტის საქმიანობაში. ასე ცალკე ჩვენ NGO-ებს ვერ ვეტყვით, ვინ ჩავრთოთ და ვინ არა“.

ნონა ქურდოვანიძე
ნონა ქურდოვანიძე

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათთან ერთად რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივი წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის სურვილით. მათ შორის იყვნენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, IDFI, საფარი, DRI:

“თუმცა, ჩვენ ზეპირი კომუნიკაციით შევიტყვეთ, რომ ამ პროცესში ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნებოდა მხოლოდ პლატფორმის ფარგლებში“.

პარლამენტის სპიკერისთვის შეხვედრაზე დასაშვებად არ მიუმართავთ საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს - „სამართლიან არჩევნებსა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“. „სამართლიან არჩევნებს“ ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის შესასრულებელი თორმეტი პუნქტის კონტექსტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში არდაშვების გამოცდილება აქვს:

„ზოგადად, გვგონია, რომ ვისაც სურს მონაწილეობის მიღება, ყველასთვის უნდა იყოს ღია, რადგან ეს პროცესი არ არის მხოლოდ საქართველოს პარლამენტის, ან საქართველოს მთავრობის , ან რომელიმე ჯგუფის. ეს არის ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის - ყველას სურვილი ერთად და კონსტიტუციით გარანტირებული“ - უთხრა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ რადიო თავისუფლებას. მან ჯერ კიდევ თვენახევრის წინ გამოაქვეყნა დეტალური "ხედვა ევროკავშირში გაწევრების პროცესში საქართველოს მიერ საარჩევნო მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ".

ნინო დოლიძე
ნინო დოლიძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ კი რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ორგანიზაცია წლების წინ გამოვიდა „პლატფორმიდან“, მაგრამ თანამშრომლობისთვის მზად არის:

„ჩვენ ხედვებსაც წარვადგენთ, საკომიტეტო მოსმენებშიც ძალიან აქტიურები ვიქნებით. თანამშრომლობის არანაირ ფორმატზე არ ვამბობთ უარს. ძალიან აქტიურები ვიქნებით, სადაც კი შესაძლებელია“.

ნიშანდობლივია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ, რომელიც თავის ვებსაიტზე „მიესალმება 9 პირობის/დათქმის შესრულების ახალ ეტაპზე გადასვლას“, 29 იანვრის მოკლე განცხადებას ასე ასრულებს: „მოვუწოდებთ პარლამენტს სამუშაო პროცესი წარმართოს ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით და უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა“.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში „ცხრა ნაბიჯის“ ჩამონათვალი ასე სრულდება: „კონსულტაცია გაიარეთ და ითანამშრომლეთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, საკანონმდებლო და პოლიტიკის კეთების პროცესებში მათი მნიშვნელოვანი ჩართვით”.

ცხადია, სხვადასხვა სფეროში ძალიან გამოცდილი, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე ევროკავშირის დათქმების შესრულების პროცესი, მათ შორის საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი არსებითად ინკლუზიური ვერ იქნება და ვერც სათანადოდ კომპეტენტური.

ეუთო/ოდირს წლების განმავლობაში არაერთხელ მიუთითებია საქართველოსთვის, რომ საარჩევნო რეფორმები არჩევნების დღემდე კარგა ხნით ადრე უნდა განხორციელდეს. იგივე გაიმეორა გასულ წელს ევროკომისიამაც. ევროკავშირის ცხრიდან მეოთხე დათქმაში აღნიშნულია:

„უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად უნდა შესრულდეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. არჩევნების დღემდე კარგა ხნით ადრე დასრულდეს საარჩევნო რეფორმები, ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ჩათვლით“.

მეხუთე პუნქტში კი, რომელიც სხვადასხვა უწყებებზე და მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას ეხება, აგრეთვე ვკითხულობთ:

„უზრუნველყოფილ იქნას წამყვანი უწყებების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიისა“.

ევროკავშირის დათქმების შესრულების მთავრობის სამოქმედო გეგმაში, რომელიც გასული წლის ბოლოს გასაჯაროვდა, საარჩევნო თემაზე ასეთი ჩამონათვალია: 2024 წლის არჩევნებზე ეუთო-ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა (თებერვალი, 2024), ხელისულების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა (აგვისტო-ოქტომბერი, 2024), საარჩევნო კოდექსში პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე ცვლილებების შეტანა (მიღებულია 2023 წლის 15 დეკემბერს).

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე შენიშნავს, რომ მთავრობის გეგმაში არაფერი წერია სრულყოფილ საარჩევნო რეფორმაზე და ასახელებს საკითხს, რომლის მომავალ არჩევნებამდე განხორციელებასაც აუცილებლად თვლის, „აუცილებლად იქნას გათვალისწინებული ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივი დასკვნა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე. ახლა ეს გვგონია ყველაზე მთავარი, რაც გულისხმობს იმას, რომ თავმჯდომარე და პროფესიული წევრები მაღალი ქვორუმით, კონსენსუსით უნდა დაინიშნოს და ასევე პრეზიდენტთან გადავიდეს შესარჩევი კომისია“.

ამ საკითხს ნინო დოლიძე საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის საკითხს უკავშირებს. სამომავლოდ, იმის მიუხედავად, შეიქმნება თუ არა საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი და დაუშვებენ თუ არა იქ მის ორგანიზაციას, ეს არ ცვლის წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების გეგმას და როგორც „სამართლიანი არჩევნების“, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღების სამიზნე დიდწილად დარღვევებზე სახელმწიფოს ეფექტური რეაგირება იქნება.

საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მის ორგანიზაციას მიეცემა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისა და მათ შორის, არჩევნების შესახებ ხედვის წარდგენის შესაძლებლობა: „თუ ეს ასე არ მოხდა, ძალიან ცუდად იმოქმედებს ზოგადად იმ პირობის შესრულებაზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. მხოლოდ „პლატფორმის“ ჩართულობით ეს რეკომენდაცია შესრულებული ვერ იქნება“

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთი მხრივ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ვითარებას განსაზღვრავს, მეორე მხრივ კი არის უმნიშვნელოვანესი ნიშნული ევროკავშირისთვის, რომლის შეფასებაზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG