მოსკოვში გაბრაზდნენ იმის გამო, რომ რუსეთის „1 არხის“ ტელეწამყვანს, ვლადიმირ პოზნერს, ხმაურიანი საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოში დაბადების დღის აღნიშვნის საშუალება არ მისცეს. თუმცა კრემლში იწონებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არეულობაში ოპოზიციას ადანაშაულებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო განცხადებებით ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, პროტესტის გამო, 50-მდე მეგობართან ერთად, ქვეყანა ნაადრევად დატოვა. თუმცა მათ მოასწრეს საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევა და გააჩინეს შეკითხვა - მოხდა თუ არა ეს საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით? თბილისი აცხადებს, რომ რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები კანონდარღვევისთვის დაჯარიმდნენ, რასაც უარყოფს თავად პოზნერი.
- არსებობდა თუ არა პროტესტის საფუძველი და რატომ ატყდა ხმაური თბილისში?
- პრობლემაა ვლადიმირ პოზნერის თბილისში ჩამოსვლა თუ ის, რაც ამის შემდეგ მოხდა?
ერთი შეხედვით, არაფერია დასაგმობი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ გადაწყვიტოს 87-ე დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნა და თან ათეულობით მეგობარიც წამოიყვანოს. არავინ განსჯის ტურისტებს იმისთვის, რომ ქართული ღვინო და სამზარეულო მოსწონთ, ქართველების სტუმართმოყვარეობა იზიდავთ და ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში კარგად მოლხენა შეიძლება.
მაგრამ ეს ლოგიკა საქართველოში დრამატულად იცვლება იმ ფონზე, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ხალხი შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს, ხოლო ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულ იუბილარსა და მის სტუმრებს უფლება ეძლევათ გააკეთონ ის, რაც მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასტიკად აკრძალულია.
მძიმე ემოციურ ფონად ამ ამბავს ისიც გასდევს, რომ მსოფლიოში კარგად ცნობილი სტუმარი იუბილარი - პატივს არ სცემს მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპანტი ქვეყნის ლიდერების ლექსიკით ლაპარაკობს.
ფაქტია, რომ პოზნერისა და მისი 50-მდე მეგობრის საქართველოში სტუმრობამ იმდენად ხმაურიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომ 3 დღით ჩამოსულები, საქართველოში ერთ დღესაც ვერ დარჩნენ.
პროტესტი არ უკვირს პოლიტოლოგ გია ნოდიას. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხალხის გაღიზიანება ძირითადად ხელისუფლების არაადეკვატურობამ თუ პასიურობამ გამოიწვია.
„ამ ამბავთან დაკავშირებით სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა ასპექტია პრობლემური. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ პოზნერი და მისი მეგობრები პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
მათთვის არ მოქმედებდა წესები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებობს და ხალხმა აღიქვა, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ისინი ხელისუფლების ხელშეწყობით აღმოჩნდნენ. ამ ფონზე ხალხის პროტესტი ბუნებრივი და გამართლებულია“, - გვეუბნება გია ნოდია.
1 აპრილს, დღის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში პოზნერი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებმაც მას პროტესტი გამოუცხადეს, „ყურადღების ღირსი არ არიან“ და ამიტომ არ აპირებს ამ თემაზე ლაპარაკს არც სატელევიზიო გადაცემებსა და არც სხვა ფორმატებში.
31 მარტის აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორისთვის, მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლისთვის, ელენე ხოშტარიასთვისაც დიდი პრობლემაა ის, რომ კრემლის „რეზონანსული“ მსახური საქართველოში ასე თავისუფლად შემოდის და მას კანონსაც ფიანდაზად უგებენ.
როგორც ხოშტარია გვეუბნება, ვიდრე ხმაური არ ატყდა, საქართველოს ხელისუფლებამ პოზნერსა და მის ამალას კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისა და ვახშმობის უფლებაც მისცა, მაშინ როცა ანალოგიურ სიტუაციაში მყისიერად დაჯარიმდებოდნენ საქართველოს მოქალაქეები.
- შს სამინისტროს ინფორმაციით, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი“ და მათ ქვეყანა მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს. ოფიციალური ცნობით, 41-დან 9 პირს წესები არ დაურღვევია.
- თუმცა თავად პოზნერმა „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ საქართველოში არ დაუჯარიმებიათ კარანტინის წესების დარღვევის გამო.
რა შეკითხვები ჩნდება სახელმწიფოსთან?
ელენე ხოშტარია და აქტივისტები აცხადებენ, რომ პოზნერი და მისი სტუმრები „ვინოტელში“ სავახშმოდ სასტუმრო „რუმსიდან“ 21:00 საათის, ანუ კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ გავიდნენ და სტუმრების ავტობუსს პოლიცია მიაცილებდა.
ფეისბუკში, ლაივის ფორმატში გადაცემული ვიდეოკადრები ცხადყოფს, რომ როცა აქციის მონაწილეები სასტუმრო „რუმსიდან“ „ვინოტელთან“ მივიდნენ, შენობასთან რამდენიმე მანქანა დგას და მათგან, სულ მცირე, ერთი - პოლიციის ავტომობილია.
ელენე ხოშტარია გვეუბნება, რომ ადგილზე თანდათან გროვდებოდნენ პოლიციელები, მაგრამ რეაგირებას არავინ ჩქარობდა, მანამდე, ვიდრე 112-ში თავად არ დარეკა.
„დაახლოებით 3 საათი დასჭირდა იმას, რომ რეალურად შეეწყვიტათ ეს ვახშამი. პოლიციაში დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დავრეკე და მერე კიდევ დაახლოებით საათ-ნახევარი დასჭირდათ, რომ რეაგირება მომხდარიყო. პოლიცია კარებთან ჩადგა მათ დასაცავად. მერე შუქის გამორთვა მოვახერხეთ და ამან შექმნა დისკომფორტი და ჩიხი მათთვისაც. მიხვდნენ, რომ უნდა ემოქმედათ“, - გვიყვება ხოშტარია.
შს სამინისტრომ არ გვიპასუხა ჩვენთვის საინტერესო შემდეგ შეკითხვებზე:
- იცოდა თუ არა პოლიციამ, რომ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო დატოვეს 21:00-ის, ანუ კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ?
- თუკი ეს ფაქტი პოლიციისთვის ცნობილი იყო, რატომ არ შეაჩერეს და არ დააჯარიმეს რუსი სტუმრები გზაშივე, ვიდრე ისინი „რუმსიდან" „ვინოტელამდე“ მივიდოდნენ?
- იდგა თუ არა სასტუმროსთან პოლიციის ავტომობილი და რატომ თავად არ იმოქმედეს ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა მანამდე, ვიდრე ელენე ხოშტარია 112-ში დარეკავდა?
ამ შეკითხვებზე საპასუხოდ, შს სამინისტროდან ისევ ძველი განცხადება გამოგვიგზავნეს.
თუკი სახელმწიფო თვალს არ დახუჭავდა, შეუძლებელი იქნებოდა, რომ ჩამოსულებს რეგულაციები ასე იოლად დაერღვიათ, - გვეუბნება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
„ამ ფაქტმა სისტემური მანკიერება გამოავლინა. მთავარი ის არ არის, რომ პოზნერი ესტუმრა საქართველოს. მთავარია ის, რაც ამის შემდეგ მოხდა... ბუნებრივია, რომ ეს ვერ მოხდებოდა ხელისუფლების მაღალი დონის დაშვების გარეშე.
ჩანს, რომ ძალიან ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტი დადგა არაფორმალური ინტერესჯგუფის სამსახურში... სამწუხარო ისაა, რომ, როგორც გამოჩნდა, პოლიციელებს მოუხდათ უკანონო დავალებების შესრულება. ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა. პასუხები უნდა გაეცეს“, - ამბობს ხუხაშვილი.
ამ ფაქტს ის ნაციონალური კუთვნილების გარეშე განიხილავს, მაგრამ მაინც დასძენს, რომ ვერ წარმოუდგენია, მაგალითად, კანონმორჩილი გერმანელებისა თუ ამერიკელების ჯგუფი, რომელიც მასპინძელ ქვეყანაში დაწესებულ რეგულაციებს დაარღვევდა. უცნობია, იცოდნენ თუ არა უცხოელებმა აქაური რეგულაციების შესახებ, მაგრამ თუკი არ იცოდნენ, გია ხუხაშვილის თქმით, მათთვის სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა ეცნობებინათ.
რუსეთში ბრაზობენ
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ვლადიმირ პოზნერს, თავის მეგობრებთან ერთად, საზღვრიდან ვერ გააბრუნებდნენ, რადგან მათგან არავის ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; ასევე, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად წარადგინეს მათ საზღვარზე კოვიდპასპორტები და ტესტირების დოკუმენტები; ხოლო როცა დარღვევა გამოვლინდა, სახელმწიფომ ისინი ადეკვატურად დააჯარიმა კიდეც.
1 აპრილს, როცა ამ ფაქტის შესახებ ლაპარაკობდა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არეულობის მცდელობაში ოპოზიციას და, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ დასდო ბრალი.
„მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობის" და, კერძოდ, სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა...
ყოვლად დაუშვებელი იყო "ნაცმოძრაობის" ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ნაცმოძრაობა" ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია“, - თქვა ღარიბაშვილმა.
მართალია, მოსკოვში საქართველოზე გაბრაზდნენ და რუსი ტურისტები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს - საქართველოში ჩასვლა სარისკოაო; მაგრამ ფაქტია ისიც, რომ კრემლი კმაყოფილი დატოვა საქართველოს ხელისუფლების რეაქციებმა. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, აქციის მონაწილეების კრიტიკის გამო. პესკოვი ქართველი პოლიციელების მადლობელია, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვისაც.
ოპოზიციაში აბსურდულად მიიჩნევენ ხელისუფლების ბრალდებებს და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ელენე ხოშტარია გვეუბნება, რომ ვიდრე საქმე ხალხის პროტესტამდე მივიდოდა, უკეთესი იქნებოდა, რომ პოზნერი და მისი კომპანიონები არ შემოეშვათ საქართველოში.
„ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა, როცა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ და უკან აბრუნებენ ადამიანებს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს არ უნდა დაეშვა მისი აქ შემოშვება და ამისთვის აქვს სახელმწიფოს შესაბამისი ბერკეტები.
პოზნერი ვერ ჩაითვლება ჩვეულებრივ ტურისტად. ის არის რუსეთის იმპერიალისტური, ანტიქართული, სამთავრობო სისტემის ნაწილი. თორემ ტურისტებს არავინ უმოწმებს პირად შეხედულებებს საქართველოში“, - გვეუბნება პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი.
"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ" კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მესაზღვრეს შეუძლია ქვეყანაში არ შემოუშვას უცხო ქვეყნის მოქალაქე:
- თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;
- თუ საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ახლახან ამ კანონის საფუძველზე, განმარტების გარეშე უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე თურქმენეთის მოქალაქეს, აიშა რაიმოვას.
ვლადიმირ პოზნერს უხსენებენ არაერთ განცხადებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. მას ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ 2008 წლის ომში რუსეთი არაფერ შუაშია და შეიარაღებული კონფლიქტი საქართველომ დაიწყო.
„ის (სააკაშვილი) შეცდა - ამერიკა არ დაეხმარა, ხოლო რუსეთმა - უპასუხა. ეს იყო სამხედრო შეჭრა საქართველოს მხრიდან, რის შედეგადაც საქართველომ აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგა. აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი“, - განაცხადა პოზნერმა 2010 წელს, 2008 წლის ომზე საუბრისას.