Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ამბობს, რომ პოზნერი საქართველოში ხშირად ჩამოდის


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გუშინ საქართველოში რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი მორიგი ვიზიტით ჩამოვიდა. მის ვიზიტსა და მოქალაქეების პროტესტს პრემიერი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა.

"პირველ რიგში, მე მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც არის ასევე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მისი მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი", - თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ "კოვიდპასორტი" და უარყოფითი PCR ტესტი და ქვეყანაში შემოვიდნენ კანონის დაცვით.

"მოგეხსენებათ ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობის" და კერძოდ სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა...

ყოვლად დაუშვებელი იყო "ნაცმოძრაობის" ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ნაცმოძრაობა" ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია", - თქვა ღარიბაშვილმა.

ზოგიერთ შემთხვევებში საქართველოს საზღვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მესაზღვრეები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აბრუნებენ, თუმცა ეს არ მომხდარა რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანისა და მისი მეგობრების შემთხვევაში.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ" კანონის მე-11 მუხლით მესაზღვრეს შეუძლია ქვეყანაში არ შემოუშვას უცხო ქვეყნის მოქალაქე:

  • თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;
  • თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

სწორედ ამ კანონს იყენებს ხოლმე მესაზღვრე უარის თქმის შემთხვევაში. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ამ კანონის საფუძველზე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გააბრუნეს თურქმენეთის მოქალაქე აიშა რაიმოვა საქართველოს საზღვრიდან.

რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი დღეს დილით, ჩარტერული ავიარესით დატოვეს.

XS
SM
MD
LG