შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი იზოლაციის წესების დარღვევისთვის არ დაუჯარიმებიათ. უწყება ინფორმაციის დასადასტურებლად ქვითრის ასლს აქვეყნებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა", - აცხადებენ შსს-ში.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა სააგენტო "რია ნოვოსტის" უთხრა, რომ საქართველოში კარანტინის წესების დარღვევისთვის არ დაუჯარიმებია.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.