პოლიტოლოგის, GIPA-ს ასოცირებული პროფესორის, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, რუსი ჟურნალისტისთვის, ვლადიმირ პოზნერისთვის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობის მიცემა საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფა იყო. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ არ შეიძლება მაამებლური დამოკიდებულება გქონდეს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც შენი სახელმწიფო აბსოლუტურად არ აინტერესებს.
„ზოგადად არავის მიმართ არ უნდა გქონდეს მაამებლური დამოკიდებულება და მთავარი საზრუნავი უნდა იყოს საკუთარი მოსახლეობა და მთავარი საზრუნავი უნდა იყოს კომფორტის შექმნა არა სხვისთვის, არამედ საკუთარი მოსახლეობის, საკუთარი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. მან გადაცემაში ამ ვითარებაში პოლიციის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეურაცხყოფის პიკია ის, როდესაც კანონდარღვევას პოლიცია იცავს"
"მართლაც შეურაცხყოფის პიკია, როდესაც ამას ყველაფერს იცავს, იძულებულია რომ დაიცვას ქართული პოლიცია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მათგანს გულში ჰქონდა უდიდესი პროტესტი იმ პიროვნების მიმართ, ვისაც იცავდა და იცოდნენ რომ ისინი იმ წუთას იცავდნენ უსამართლობას. და ძალიან ცუდია, როდესაც პოლიცია იძულებულია ეს გააკეთოს. დავანებოთ თავი ერთი წამით იმას, ჰქონდა თუ არა პოზნერს გაკეთებული განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. იმ წუთას ის ადამიანი არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას, იმ წუთას ის ადამიანი იყო კომენდანტის საათის, ამ რეგულაციების დამრღვევი. პოლიცია მას არ აჯარიმებდა. მე, თქვენ, ნებისმიერი ჩვენგანი მაგ სიტუაციაში რომ ვიყოთ, იმწუთასვე, მყისიერად მოხდება კანონის აღსრულება. რატომ სჭირდება ასეთ შემთხვევაში მას ვიღაცის მითითება, რომ აღასრულოს კანონი? შესაბამისად მას უკვე ჰქონდა მიღებული სხვა ტიპის დავალება. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი და ეს არის სახელმწიფოსთვის ყველაზე მეტად დამაზიანებელი", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ "დილის საუბრებში".
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. 31 მარტს, საქართველოში მის ჩამოსვლას მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევის უფლება მისცეს.
გასულ ღამით აქციები გაიმართა „ვინოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ და სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვახშმის შემდეგ მივიდნენ. ორივე ადგილას პოლიცია იყო მობილიზებული. შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, „ვინოტელი“ 10 000 ლარით დააჯარიმეს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოსული 32 პირიც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორისაა თავად პოზნერიც.
ვლადიმირ პოზნერის თანმხლებ პირებს „ვინოტელი“ პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს.
შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.
საპროტესტო აქციების გამო, პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისის დღეს დილით დატოვეს.