Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთში დაბრუნება და სიცოცხლის გაწირვა არ გვინდა" - უკრაინის 6 მოქალაქეს მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ


მიხაილ სტრელიანი, ალექსეი ზარუბინი, ალექსანდრ კუდრავეცი და საველ სტეპანოვი ორ სხვა უკრაინის მოქალაქესთან ერთად, ვინც ვინაობის გამჟღავნებაზე უარს ამბობს, ლარსის გამშვებ პუნქტთან კვირაზე მეტია ელიან ნებართვას საქართველოში შემოსვლაზე.
მიხაილ სტრელიანი, ალექსეი ზარუბინი, ალექსანდრ კუდრავეცი და საველ სტეპანოვი ორ სხვა უკრაინის მოქალაქესთან ერთად, ვინც ვინაობის გამჟღავნებაზე უარს ამბობს, ლარსის გამშვებ პუნქტთან კვირაზე მეტია ელიან ნებართვას საქართველოში შემოსვლაზე.

უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის სასაზღვრო პუნქტთან 17 აგვისტოდან უშედეგოდ ელოდება ქართველი მესაზღვრეებისგან ქვეყანაში შესვლის ნებართვას. ბუფერულ ზონაში ჩარჩენილი კაცები ხერსონის ოლქიდან ამბობენ, რომ მათთვის რუსეთში დაბრუნება სარისკოა, საქართველოსგან კი არ მიუღიათ პასუხი, რის გამო არ უშვებენ საზღვარზე.

6-დან 5 ყოფილი პატიმარია - ისინი სასჯელს ჯერ უკრაინის, შემდეგ კი რუსეთის ციხეში იხდიდნენ. ყოფილ პატიმრებს შორის არის აივინფიცირებული პირი, რომელსაც ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტები დაუსრულდა და ყოველდღიურად უმძიმდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექვსიდან ერთს საფილტრაციო ბანაკი აქვს გამოვლილი და ჰყვება, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, კვლავ ცდილობდნენ მის გატაცებას რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები.

ყველა მათგანი ამბობს, რომ საქართველოს გავლით სამშობლოში აპირებს დაბრუნებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერჯერობით არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვებს უკრაინის 6 მოქალაქის საქართველოში არშემოშვების მიზეზებზე.

ლარსის სასაზღვრო პუნქტზე, ბუფერულ ზონაში „გაჭედილი” უკრაინელების შესახებ პირველად რუსულენოვანმა გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპამ” გამოაქვეყნა სტატია 23 აგვისტოს.

ორგანიზაცია Unmode-ს ხელმძღვანელმა, აიდანა ფედოსიკმა „ნოვაია გაზეტას” უთხრა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო რუსეთიდან უკრაინაში წასვლის მსურველ უკრაინის მოქალაქეებს უარს ეუბნება ქვეყანაში შემოშვებაზე. სწორედ ეს ორგანიზაცია ცდილობს 6 უკრაინელის დახმარებას.

„მე ვიჯექი [ციხეში] ნიკოლაევში. ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ მე და სხვა 19 ადამიანი [რუსებმა] წაგვიყვანეს ხერსონის მეშვიდე კოლონიაში, საიდანაც კიდევ 6 თვის მერე კრასნოდარში წაგვიყვანეს. იქ მოვიხადე ჩემი სასჯელი და როცა გამათავისუფლეს, გამაგზავნეს ფედერალურ საემიგრაციო სამსახურში. იქ კიდევ ერთი თვე ვიყავი და გამიკეთეს დეპორტაცია. წამოვედი საქართველოს საზღვართან, რომ აქედან დავბრუნებულიყავი უკრაინაში, მაგრამ უკვე ერთი კვირაა აქ ვართ და ვერსად მივდივარ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალექსანდრ კუდრიავეცი. ის გვიხსნის, რომ საემიგრაციო სამსახური დიდად არ განსხვავდებოდა ციხისგან და თუკი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებს, უკან რუსეთში დაბრუნების შემდეგ კვლავ ციხე, ან ციხე და ჯარიმა ერთად ემუქრება.

2022 წლის შემოდგომაზე, რუსეთმა, რომელიც ოკუპირებული ხერსონიდან უკან იხევდა, ალექსანდრის მსგავსად ხერსონის ოლქიდან ათასზე მეტი მსჯავრდებული გაიყვანა. უმეტეს შემთხვევაში, ამ ადამიანებს აგზავნიდნენ კრასნოდარის ტერიტორიის კოლონიებში, როსტოვისა და ვოლგოგრადის რეგიონებში, სადაც უკრაინის სასამართლოს მიერ მისჯილი ვადის მოხდა უნდა გაეგრძელებინათ. უკრაინა ამ ფაქტს ადამიანების გატაცებად და უკანონო დეპორტაციად მიიჩნევს.

პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ უკრაინელებს უკვე რუსული სასამართლო ასამართლებს რუსეთის ტერიტორიაზე უკანონო ყოფნის გამო. მათ აღიარებენ რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფად და ათავსებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებითი დაკავების ცენტრებში და იქ სხვადასხვა ვადით ტოვებენ, გააჩნია, ვის როგორ მდგომარეობაში აქვს საბუთები.

თუ მსჯავრდადებულებს აქვთ შიდა უკრაინული პასპორტი, მათ შეუძლიათ მიაღწიონ საქართველოს საზღვრამდე და საქართველოს გავლით დაბრუნდნენ უკრაინაში.

რუსეთში გატაცებულებს შორის, განსაკუთრებით საფილტრაციო ბანაკებში, არიან ისეთებიც, ვისაც სამშობლოს დატოვება დოკუმენტების გარეშე მოუწია - მათთვის უკრაინაში დაბრუნება უფრო რთულია.

ამ დრომდე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები ამბობენ, რომ მათთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა უარი საქართველოში შემოშვებაზე, თუმცა აქვთ ეჭვები, რის გამოც შეიძლება ეს მომხდარიყო.

„არ გამოვრიცხავ რომ მათ [ქართველ მესაზღვრეებს] წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია ჩვენ შესახებ და იცოდნენ, რომ უარი უნდა ეთქვათ. მათ იცოდნენ, რომ ჩვენ 6 ვიყავით. თავიდან ერთმა ჩვენგანმა გადაკვეთა საზღვარი, მაგრამ უკან მოაბრუნეს. 333-ე კაბინეტის უფროსმა გვკითხა, სად იყო მეექვსე. ამის მერე დააბრუნეს”, - უყვება რადიო თავისუფლებას მიხაილ სტრელიანი, ხარკოვიდან.

ის სხვა თანამემამულეებისგან განსხვავებით, სანამ ლარსის საზღვარს მოადგებოდა, არა რუსეთის ციხეში, არამედ უკრაინის მოქალაქეებისთვის მოწყობილ საფილტრაციო ბანაკში იყო.

40 წლის კაცი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, სადაც ბინადრობის ნებართვა ჰქონდა, რუსეთში კრასნოდარში მცხოვრები დის მოსანახულებლად ჩავიდა. მიხაილის დევნა რუსეთის ტერიტორიაზე აეროპორტიდანვე დაიწყო, მას სთხოვდნენ მოეწერა ხელი ქაღალდზე, სადაც ეწერა, რომ ყირიმი რუსეთია. უარის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჯერ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, შემდეგ საფილტრაციო ბანაკში და ბოლოს საემიგრაციო სამსახურში.

„იმ პოლიციელებს და მესაზღვრეებს, ვისთანაც ჩვენ მოვახერხეთ დალაპარაკება, ვეცოდებით და სწუხან კიდეც ჩვენ გამო, მაგრამ მათი ხელმძღვანელები არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან [რატომ გვეუბნებიან უარს საქართველოში შემოსვლაზე].

ორი დღის წინ გვინდოდა დაგვებრუნებინა ჩვენი ტელეფონები, მაგრამ აგვიხსნეს, რომ ტელეფონები მათთან უნდა დარჩენილიყო, იმიტომ რომ ამას ითხოვდა პროტოკოლი. ამაზე უკმაყოფილება გამოვთქვით, ვითხოვეთ ეჩვენებინათ, რა პროტოკოლი ითვალისწინებდა ტელეფონების ჩამორთმევას და მხოლოდ ამის მერე დაგვიბრუნეს ტელეფონები. ტელეფონების გარეშე როგორ უნდა ვყოფილიყავით, ზოგს ბავშვები ელოდება, ზოგს მშობლები, ოჯახებთან კავშირი ხომ გვჭირდება”, - ამბობს მიხაილი. ის რიგითი ქართველი პოლიციელების მადლიერია იმის გამოც, რომ რამდენიმე დღის წინ დაიცვეს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სავარაუდოდ FSB-ს თანამშრომლებისგან, რომლებიც მის გატაცებას ცდილობდნენ სასაზღვრო პუნქტის სიახლოვეს.

მიხაილი რადიო თავისუფლებასთან ვიდეო ზარით საუბრისას დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როცა საქართველოს საზღვარს მოადგა სხვა თანამემამულეებთან ერთად:

„ჩვენ ჩამოვედით ლარსზე ყველა ერთად, დავიწყეთ პასპორტის კონტროლის გავლა და მიგვიწვიეს 333-ე კაბინეტში, კაბინეტის უფროსთან და ორი-სამი საათი ველოდებოდით, სანამ ყველას მიგვიღებდა. აიღეს ჩვენი საბუთები, მერე დაგვიბრუნეს საბუთები და გვითხრეს უარი შემოსვლაზე საქართველოს ტერიტორიაზე. ათი დღის განმავლობაში შეგიძლიათ გაასაჩივროთ ეს გადაწყვეტილებაო. ჩვენ ვიყავით 6. თავიდან ერთმა გაიარა [სასაზღვრო კონტროლი], მაგრამ როცა ამ კაბინეტის უფროსმა დაგვიბარა, გვკითხა, სად არის მეექვსე, ანუ წინასწარ იცოდა, რომ 6 ვიყავით, არის ეჭვი, რომ უკვე გველოდებოდნენ და იცოდნენ ჩვენ შესახებ”.

იმის მიუხედავად, რომ მიხაილი რამდენჯერმე ახსენებს კაბინეტ 333-ს, ის შესაძლოა იმყოფებოდა 222-ე კაბინეტში, რომელიც ცნობილი ადგილია იმის გამო, რომ იქ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ხშირად ხვდებიან რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მსურველ ჩრდილოკავკასიელებს და უარს ეუბნებიან ქვეყანაში შემოშვებაზე.

„პირველი ღამე გავათენეთ ქუჩაში, გავფინეთ ტანსაცმელი და მაგაზე გვეძინა პირდაპირ ხეობაში, მდინარესთან. ჩვენ უნდა შევხვედროდით ორგანიზაციას, რომელიც დაგვეხმარებოდა თბილისში სასტუმროში განთავსებაში და შემდეგ ან უკრაინაში გადასვლაში, ან საქართველოში დარჩენაში. მივწერეთ წერილი რჩევისთვის ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს და გვითხრეს, რომ დაუკავშირდებოდნენ ადამიანებს, ვისაც ჩვენი დახმარება შეეძლოთ.

მშრალი საკვები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი მიზანია შევძლოთ ჩვენს სახლებში დაბრუნება. აქ უკვე მერვე დღეა ვართ. იატაკზე გვძინავს, 8 კაცს ორ ლეიბზე. საღამოობით საკმაოდ ცივა, ეს მთიანი ადგილია, მდინარე ჩამოდის, ღამღამობით არ არის ადვილი.

დღესაც ვცდილობდი უკრაინის საელჩოსთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოვახერხე. მხოლოდ ეს მოხალისეები გვეხმარებიან, რომ ჩვენ შესახებ გაიგოს ხალხმა და აქედან გაგვიშვან. ჩვენ როგორც ვიცით, საემიგრაციო ბანაკებიდან წამოსული ადამიანების გატარებაზე საქართველოს ამ დრომდე პრობლემა არ ჰქონდა. თუ ჩვენამდე პრობლემა არ ყოფილა, ჩვენ რატომ არ გვიშვებენ, კარგად ვერ ვხვდებით, ჩვენთვის საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა, აქ დარჩენას არ ვაპირებთ. 17 აგვისტოს შემდეგ ველოდებით შემოშვებას”, - ამბობს მიხაილი და ამატებს, რომ ამ დრომდე უშედეგოდ რჩება უკრაინაში მცხოვრები მათი ახლობლების და ოჯახის წევრების ძალისხმევაც, დაეხმარონ მათ რუსეთის ტერიტორიიდან გამოღწევაში.

რადიო თავისუფლება იმის გასარკვევად, რა მიზეზით არ ეძლევათ უკრაინის მოქალაქეებს ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში შესვლის უფლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურის თანამშრომელმა გვითხრა, რომ შეგვეხმიანებოდნენ, თუკი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტდნენ.

XS
SM
MD
LG