საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ არსებულ ინფორმაციას. საგარეო უწყების განმარტებით, საქმის კურსში მყისიერად ჩააყენეს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულჰა და მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზეს.
„უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, ბუფერულ ზონაში, 17 აგვისტოდან იმყოფება უკრაინის 6 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში შემოსვლის ნებართვას ელოდებიან. უკრაინის ხერსონის ოლქიდან საქართველოში შემოსვლის მსურველი 6-დან 5 კაცი ყოფილი პატიმარია. მათი თქმით, მათთვის რუსეთში დაბრუნება სარისკოა. ყველა მათგანი ამბობს, რომ საქართველოს გავლით სამშობლოში აპირებს დაბრუნებას.
2022 წლის შემოდგომაზე, ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ, რუსეთმა ოლქიდან ათასზე მეტი მსჯავრდადებული გაიყვანა. უმეტეს შემთხვევაში, ამ ადამიანებს აგზავნიდნენ კრასნოდარის ტერიტორიის კოლონიებში, როსტოვისა და ვოლგოგრადის რეგიონებში, სადაც უკრაინის სასამართლოს მიერ მისჯილი ვადის მოხდა უნდა გაეგრძელებინათ. უკრაინა ამ ფაქტს ადამიანების გატაცებად და უკანონო დეპორტაციად მიიჩნევს.
პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ უკრაინელებს უკვე რუსული სასამართლო ასამართლებს რუსეთის ტერიტორიაზე უკანონო ყოფნის გამო. მათ რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფად აღიარებენ, ათავსებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებითი დაკავების ცენტრებში და იქ სხვადასხვა ვადით ტოვებენ - გააჩნია, ვის როგორ მდგომარეობაში აქვს საბუთები.