Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა სამტონიანი რუსული ბომბების ქვეშ


რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის შედეგი - საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის შედეგი - საილუსტრაციო ფოტო

14 ივლისს რუსეთის არმიამ „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილზე“, სუ-34-ით სამტონიანი ბომბი ФАБ-3000 ჩამოაგდო. ბომბის ჩამოგდების კადრები ინტერნეტითაც გავრცელდა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.

ეს სამტონიანი ბომბები დღეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი კოზირია უკრაინასთან ომში და მას მხოლოდ „პატრიოტი“ და F-16 თუ გაანადგურებს.

ბომბი ძველია. მისი წარმოება საბჭოთა კავშირმა 40-იან წლებში დაიწყო. ФАБ-3000 ასორმოცდაათი მეტრის რადიუსში ნგრევასა და მძიმე კონტუზიას იწვევს.

ფუგასურ ანუ საავიაციო ბომბებს (ФАБ-3000, ФАБ-1500, ФАБ-500) საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ავღანეთში იყენებდა. იყენებდა უკრაიანშიც, მარიუპოლის ალყისას, თუმცა, უფრო ФАБ-500-ს.

ФАБ-3000-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია პირველად 21 ივნისს გავრცელდა. კადრები რუსეთის პროპაგანდისტულმა არხებმა აჩვენეს. ბომბი ხარკოვის სოფელ ლიპცში დაეცა, ფოსტის შენობიდან 15 მეტრში. თუმცა, შენობა მაინც სერიოზულად დაზიანდა.

მაშინ სამხედრო ექსპერტმა იან მატვეევმა „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ამ იარაღის უპირატესობებზე ისაუბრა. მატვეევი ამბობს, რომ ბომბზე მაგრდება მოწყობილობა, რომლითაც იარაღს მართავენ.

„მოწყობილობას აქვს ფრთები, რომლებიც ბომბის ჩამოვარდნისას იხსნება. ასე ბომბი თავისუფალი ვარდნით აღარ მიდის. შესაძლებელი ხდება გარკვეულ მანძილზე მისი მიმართულება მცირედით შეცვალო, უკეთ დაუმიზნო.

ამ ბომბების უპირატესობა რუსეთისთვის ის არის, რომ მისი ჩამოგდება შორიდანაც შეიძლება, ისე, რომ თვითმფრინავი უკრაინულმა არმიამ არ გაანადგუროს, - განმარტავს მატვეევი, - ეს ყველაზე მძლავრი იარაღია, რომელიც ამ ომში დღემდე გამოუყენებიათ... რამდენადაც მძლავრია ბომბი, იმდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, თუნდაც მიზანს ზუსტად ვერ მოხვდეს. ამ ბომბით შესაძლოა სანგრების მცირე კომპლექსი მთლიანად გაანადგურონ“.

იან მატვეევი ამბობს, რომ ФАБ-3000-ის კონსტრუქცია არაფრით განსხვავდება ФАБ-1500-ისგან, უბრალოდ გაცილებით ძლიერია. ამიტომაც რუსეთს ამ ბომბების წარმოება არ გაუჭირდება.

„ვნახეთ, რომ ქარხანაში, სადაც, თუ არ ვცდები, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუც მივიდა, ეს ბომბები უკვე იდო. [ახლაც] აკეთებენ. ალბათ საწყობებშიც შემორჩა საბჭოთა კავშირის დროიდან. არ მგონია, მათ დასამზადებლად რამე არსებითი პრობლემა არსებობდეს. რა თქმა უნდა, დიდი ბომბის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე პატარის, მაგრამ ბევრი არც არის საჭირო. ბევრს ერთად ვერც ჩამოყრი. ვფიქრობ, თვეში ასამდე ბომბის დამზადებაზე იქნება ლაპარაკი, - ამბობს მატვეევი, - უკრაინა შეეცადა რუსული თვითმფრინავები მოეხელთებინა, ამისთვის ისეთ სისტემებს იყენებდა, როგორიცაა, მაგალითად, „პატრიოტი“. მერე ორი „პატრიოტი“ და მგონი რადარიც დაკარგეს. ანუ უკრაინას „პატრიოტები“ აღარ ჰყოფნის. რა თქმა უნდა, თუ უკრაინას „პატრიოტებს“ მიაწვდიან, რუსეთის არმია ბომბებს ასე მშვიდად და დაუსჯელად ვეღარ ჩამოყრის და მათი ზემოქმედებაც შემცირდება. იგივე შედეგი იქნება, თუკი თვითმფრინავები (F-16) რუსულ თვითმფრინავებთან ეფექტურად ბრძოლას მოახერხებენ.

მანამდე კი, ეს ბომბი რუსეთის კოზირად რჩება, რომელსაც უკრაინა ვერაფერს დაუპირისპირებს“.

14 ივლისს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს ათწლიან შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დანიიდან და ნიდერლანდიდან უკრაინისკენ უკვე მიემართება გამანადგურებლები (F-16). მისი თქმით, F-16-ები უკვე წელს ზაფხულში იფრენენ უკრაინის ცაში.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია უკრაინას მისცემს ექვს F-16-ს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იუნას გარ სტორემ განაცხადა. F-16-ების მიწოდება 2024 წელს დაიწყება.

უკრაინა ასევე მიიღებს ხუთ ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემასაც.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 8-14 ივლისს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა: 700-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, 170-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დამრტყმელი თვითმფრინავი და თითქმის 80 რაკეტა.

მსგავს თავდასხმებს ყოველთვის მოსდევს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა 8 ივლისს, როდესაც რუსეთმა კიევის ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა და 33 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი, დაიღუპა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG