დეზინფექცია-დერატიზაციის კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მღრღნელების რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია ქალაქის სხვა უბნებშიც.
სადეზინფექციო სამსახურის (სადგურების) გაუქმების შემდეგ, 90-იანის წლების მიწურულიდან, დეზინფექცია-დერატიზაციას ქალაქში, საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ობიექტზე, ძირითადად კერძო კომპანიები ახორციელებენ.
ირაკლი კალანდიამ ხელოვნურ ტბაში მოცურავე და მის მიმდებარედ მორბენალი ვირთაგვები რამდენიმე დღის წინ, მზიურში, საღამოს რვა საათისთვის გადაიღო. ხშირად სეირნობს პარკში და ერთი კვირის წინ, მორიგი სეირნობისას, ის და მისი მცირეწლოვანი შვილი, ვირთაგვების ჯგუფს გადააწყდნენ.
მის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცურავენ ვირთხები ხელოვნურ ტბაში, ნაპირთან ახლოს, რომელიც დაბინძურებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენით, როგორ ამოდიან წყლიდან და როგორ დარბიან ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე:
„აქამდე, ამ პარკში, არასდროს შემიმჩნევია ვირთხა. განსაკუთრებით შოკისმომგვრელი მათი რაოდენობა იყო. სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული მაინც იქნებოდა. ჩემს გარდა სხვებიც იყვნენ და ყველანი გაოცებულები შევყურებდით ამ სურათს. იქვეა საპიკნიკე ადგილები, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს, იქაც დარბოდნენ“, - უყვება ირაკლი კალანდია რადიო თავისუფლებას და ამბობს, რომ მას შემდეგ, ცდილობს, მზის ჩასვლის შემდეგ აღარ გაიყვანოს შვილი „მზიურში“ სასეირნოდ:
„როგორც ვიცი, ვირთხები გვიან გამოდიან ხოლმე და ჩემი აზრით, იქ სეირნობა ნამდვილად არ არის უსაფრთხო. ამ ტერიტორიაზე ძირითადად ბავშვიანი ხალხი იყრის თავს. ვიცით, რომ მღრღნელები უამრავი დაავადების გადამტანები არიან. ისიც ვიცით, რომ ისინი ძალიან ადვილად და მოკლე დროში მრავლდებიან და თუკი დროულად არ მოგვარდება ეს პრობლემა, სულ მალე ვირთხების გაორმაგებულ და გასამმაგებულ რაოდენობას მივიღებთ“.
კიდევ ერთ ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, გადაღებულია მოზრდილი ზომის ვირთაგვა, რომელიც დღისით, ჭავჭავაძის გამზირზე, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დარბის.
ვიდეოები, სადაც ქალაქის სხვადასხვა უბანში, ვაკეში, საბურთალოზე, ნუცუბიძეზე, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსებთან თუ ნაგვის ურნებთან, ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრილი ვირთაგვებია ასახული, ბოლო თვეებია, აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელში. ბევრ მსგავს ვიდეოს აქვეყნებს ჯგუფი - "ჩემი ქალაქი მკლავს".
ნიკოლოზ კავთიაშვილი, დეზინფექცია-დერატიზაციის კომპანიის „ბიბი“- ს დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბოლო ერთი წელია, ქალაქში მოიმატა მღრღნელების რაოდენობამ და ამას მოწმობს გამოძახებების მზარდი მაჩვენებელიც. მისი თქმით, კომპანიაში მღრღნელებთან დაკავშირებული პრობლემით, დღეში 10-12 ზარი შედის და ეს იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში დეზინფექცია-დერატიზაციის მიმართულებით არაერთი კერძო კომპანია ოპერირებს.
ნიკოლოზ კავთიაშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ძველი თბილისის ტერიტორიასა და დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე ძველ კორპუსებშია:
„მაგალითად, ძველ თბილისში, სახლების დიდი ნაწილი ამორტიზებულია, სახლებს აქვთ სარდაფები, ბევრი ღიობია შენობებში და შესაბამისად, იქ მეტი მღრღნელი ხვდება. რაც შეეხება ძველ კორპუსებს, აქაც მთავარ პრობლემას სხვენები და სარდაფები წარმოადგენს. გამოძახებებზე რომ მივდივართ, გვხვდება სარდაფები, სადაც წლობით ნაგროვები ნარჩენია თავმოყრილი.
ნაგავი და დაბინძურებული გარემო კი მღრღნელისთვის ძალიან ხელსაყრელია და შესაბამისად, გამრავლების არეალადაც ამგვარ სივრცეებს ირჩევენ. მოსახლეობის ნაწილს აქვს არასწორი წარმოდგენა, ფიქრობენ, რომ გამოგვიძახებენ, მათთან მივა სპეციალურ უნიფორმაში ჩაცმული თანამშრომელი, რომელიც ვირთხას დაიჭერს, ან ესვრის და მოკლავს და ამით ამოწურავს პრობლემას.
ცხადია, ეს ასე არ ხდება. თუკი ტერიტორია, სადაც მღრღნელები გაჩნდნენ, მაქსიმალურად არ დასუფთავდება, თუკი სხვადასხვა ტიპის ნარჩენს არ გაიტანენ ამ სივრციდან, ჩვენი გაწეული სამუშაო ვერ იქნება ეფექტიანი. ჩვენ შევწამლავთ ტერიტორიას, მაგრამ იქ ისევ აუცილებლად გაჩნდებიან მღრღნელები. ამიტომ ვაფრთხილებთ ხოლმე მოსახლეობას, რომ ეცადონ, მაქსიმალური სისუფთავე შეინარჩუნონ სარდაფებსა და სხვენებში“.
ქალაქში ძირითადად ორი სახის ვირთაგვაა გავრცელებული - რუხი და შავი. ორივე სახეობის ვირთაგვას, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში, როდესაც ისინი სიმრავლისა და ჯგუფ-ჯგუფად ცხოვრების გამო „ვეღარ უვლიან საკუთარ თავს“, 20-მდე დაავადების გავრცელება შეუძლია - მათ შორის, ცხელების, ცოფისა და ასევე როგორც ცხოველებისთვის, ისე ადამიანისათვის საშიში ინფექციური დაავადების - ლეპტოსპიროზის.
ნიკოლოზ კავთიაშვილის თქმით, განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს უკვე გარე სივრცეში გამოსულ მღრღნელებთან ბრძოლა, რადგან ის პრეპარატები, რომლებიც მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ღია სივრცეში ვერ განთავსდება:
„მათი ასე განთავსება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის შეიძლება შეჭამოს სხვა ცხოველმა - კატამ, ძაღლმა, ფრინველმა და დადგეს ლეტალური შედეგი. ამიტომ უნდა მოეწყოს შესაბამისი სივრცე, მაგალითად, დამონტაჟდეს ყუთი, სადაც განთავსდება პრეპარატი.
შესაძლოა, ერთობლივად, კერძო კომპანიებისა და მუნიციპალიტეტის ინიციატივით მოეწყოს გარკვეულ ტერიტორიებზე მსგავსი ტიპის ყუთები, თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, ასეთი ინიციატივა არ არსებობს“, - ამბობს კავთიაშვილი.
დარეჯან ბაკურაძეს, „სადეზინფექციო სერვისი+“-ის ხელმძღვანელს, დეზინფექცია-დერატიზაციის სამსახურში მუშაობის 34-წლიანი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ის სადეზინფექციო სამსახურის თანამშრომელი იყო და როგორც რადიო თავისუფლებას უყვება, მის სადგურს დაქვემდებარებულ ტერიტორიას თვეში რამდენჯერმე უტარებდა დეზინფექციას:
„ეს სამსახური სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ ფუნქციონირებდა და სავალდებულო იყო, რომ თვეში ორჯერ-სამჯერ დაგვემუშავებინა კონკრეტული ტერიტორიები. დედაქალაქი 13 რაიონად იყო დაყოფილი, და ყველა სადგური კონკრეტულ რაიონს ემსახურებოდა. ერთი კვადრატული არ რჩებოდა ხოლმე დაუმუშავებელი.
თუმცა, 1996 წელს ეს სამსახური გაუქმდა, შეიქმნა შპს-ები და მას მერე კერძო კომპანიები ემსახურებიან ობიექტებსაც და მოსახლეობასაც. თუკი დეზინფექცია-დერატიზაცია სისტემატურად არ ჩატარდება, თუკი ამას არ ექნება პრევენციული ხასიათი, მღრღნელების შემცირება ვერ მოხერხდება. ცხადია, რომ მათ სრულად ვერ გავაქრობთ, მაგრამ სწორად დაგეგმილი სამუშაოების ფონზე, მათი შემცირება შესაძლებელია“.
დარეჯან ბაკურაძე, მოსახლეობისგან შესული ზარების ანალიზის საფუძველზე ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდია, ქალაქში განსაკუთრებით იმატა მღრღნელების რაოდენობამ. მისივე თქმით, თუკი რამდენიმე წლის წინ, ვაკის ტერიტორიაზე ნაკლები მღრღნელები ბინადრობდნენ, დღეს ასე აღარაა:
„საკმაოდ ხშირად გვაქვს გამოძახება აბაშიძეზე, ფალიაშვილზე. ღამის საათებშიც კი გვირეკავენ, რომ ბინაში ნახეს ვირთხა და ითხოვენ დახმარებას. მომრავლებული მშენებლობების ფონზე, მღრღნელებს მოეშალათ სოროები და დიფუზურად დაიწყეს სხვადასხვა ტერიტორიაზე გადანაცვლება, რომ გაიკეთონ ახალი სოროები და ახლა იქ დამკვიდრნენ. ამიტომ ახლა უფრო თვალშისაცემია მათი სიმრავლე და მიგრაცია სხვადასხვა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მღრღნელი იყრის თავს საკანალიზაციო სისტემაში, გავსებულია მათი სოროებით იქაურობა და ამიტომაცაა აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების ჩატარება“.
მღრღნელები, ანუ ამ შემთხვევაში ვირთაგვები, ძირითადად თბილ პერიოდში, გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით მრავლდებიან. თუმცა, ქალაქში გასამრავლებლად კონკრეტული დრო არ სჭირდებათ, რადგან მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე "კომფორტულად ცხოვრებისთვის" აუცილებელი საკვები და საყოფაცხოვრებო ნარჩენი უხვად მოიპოვება.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 2004 წელს დედაქალაქის მაღალსართულიან კორპუსებში არსებული ბუნკერები გაუქმდა, სწორედ მღრღნელების შემცირება და საცხოვრებელი კორპუსებიდან დაბინძურების წყაროების გაქრობა იყო.
სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ალექსანდრე ბუხნიკაშვილი, ილიას უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ამბობს, რომ ვირთაგვების გამრავლების ერთ-ერთი ძირითადი წყარო დანაგვიანებული ტერიტორიები და ბუნკერებია. ამას, მისი თქმით, ემატება მღრღნელების გამრავლების ციკლებიც:
„მაგალითად, ყოველ მეხუთე წელიწადს იმატებს მათი რაოდენობა, თუმცა, ეს უფრო ბუნებაში ხდება. დასახლებულ პუნქტებში მათი გამრავლება საკვებთან და თავშესაფართანაა დაკავშირებული. თუკი ვირთაგვას საკვები არ აქვს, ის იმ ადგილას არ ჩერდება. ვირთაგვები ძირითადად საკვებ წყაროს არიან მიკედლებულები. ღია სივრცეში კი მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც მათი რაოდენობა ძალიან იმატებს, საკვები აღარ ჰყოფნით და გარეთ იწყებენ მის ძებნას. ასეთ დროს მათ უკვე აღარავისი ეშინიათ და აღარ ერიდებიან დღის სინათლეზე გამოჩენას“.
ალექსანდრე ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ ვირთხების მომრავლების ერთ-ერთ წყაროდ, გარდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა, შესაძლოა იქცეს ის საკვებიც, რომლითაც მოსახლეობა მიუსაფარ ცხოველებსა და ფრინველებს კვებავს:
„მაგალითად, მტრედებისთვის, ძაღლებისთვის, კატებისთვის დაყრილი საკვები. ძალიან ხშირად სწორედ ამ ტიპის საკვებს და ტერიტორიას ეტანებიან ვირთაგვები. ამიტომ მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც კეთილი საქმის გაკეთება და ცხოველების გამოკვება გვსურს. ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენს მიერ, ქუჩაში, ეზოებში დატოვებული საკვები, ვირთაგვების კვების წყაროდ არ იქცეს“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად ხშირად ხდება დერატიზაციისთვის საჭირო პრეპარატების შეცვლა:
„შესაძლოა, სათანადოდ ვერ მუშაობს დერატიზაციაც. მღრღნელების შეწამვლას თავისი წესი აქვს. თუკი წლების განმავლობაში ერთი და იმავე პრეპარატით ხდება ტერიტორიის შეწამვლა, შესაძლოა, ვირთაგვა შეეჩვიოს ამ საწამლავს და აღარ იმოქმედოს მასზე. ამიტომ, ეს პრეპარატები ხშირად უნდა იცვლებოდეს“.
რა ღონისძიებებს ახორციელებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ქალაქში მღრღნელების გამრავლების პრევენციისთვის, ან უახლოეს პერიოდში ხომ არ გეგმავს ამგვარი სამუშაოების ჩატარებას? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიას მიმართა.
მერიის პრეს-სამსახურიდან მხოლოდ ეს მოგვწერეს:
„ვინაიდან მერიისთვისაც ცნობილი იყო მზიურში მღრღნელების პრობლემის არსებობის შესახებ, განთავსდა სპეციალური ხაფანგი. მსგავს განსაკუთრებულ შემთხვევებში, საჯარო სივრცეებში მერია შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს“.
და ეს ფოტო გამოგვიგზავნეს:
ფორუმი