Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინას ესაჭიროება Patriot-ის ტიპის 25 სისტემა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ივლისს განაცხადა, რომ მის ქვეყანას ესაჭიროება Patriot-ის ტიპის 25 ანტისარაკეტო სისტემა.

ამ განცხადებით ზელენსკი გამოვიდა კიევში, პირველ პრესკონფერენციაზე მას მერე, რაც გასულ კვირაში მონაწილეობა მიიღო ნატოს ვაშინგტონის სამიტში. პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განსაზღვრა სამი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას მეორე საერთაშორისო სამშვიდობო სამიტის წინ.

ზელენსკის თქმით, Patriot-ის სისტემები "ყველაზე მნიშვნელოვანია" უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, თუმცა ქვეყანას ასევე ესაჭიროება F-16 ტიპის მეტი საბრძოლო თვითმფრინავი.

გასულ კვირაში, ნატოს სამიტზე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდების პროცესი დაწყებულია და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის სტრუქტურის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ უკრაინა მთლიანად დაიფაროს, ჩვენი არმიის თანახმად, გვჭირდება 25 სისტემა, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, - ვერ გეტყვით რამდენი გვაქვს ან რამდენი გვექნება".

ნატოს სამიტზე გამოითქვა დაპირებები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე. 15 ივლისს ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის Leopard 2A4 ტიპის ათ საბრძოლო ტანკს, ანტისატანკო რაკეტებს და სხვა სახის აღჭურვილობას.

კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ შემდეგი სამშვიდობო სამიტისთვის მოსამზადებელი შეხვედრები შეეხება ენერგეტიკის, ნავიგაციის თავისუფლების და პატიმართა გათავისუფლების საკითხებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG