ამის შესახებ ჯეიმს [ჯიმ] ო'ბრაიენი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს და დასმული შეკითხვის საპასუხოდ, გამოთქვამს წუხილს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინზე.
„არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. კარგია, რომ ეუთოს შესაძლებლობა ექნება ზოგ ნაწილში სადამკვირვებლო მისია შეასრულოს, მაგრამ ეს ორგანიზაციაც ეყრდნობა ადგილობრივ ჯგუფებს, რიგით ქართველებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დარეგისტრირებულები არიან, აქვთ საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ ხმა მისცენ, სწორ ადგილას გამოცხადდნენ და, რომ მათი ხმები დაითვალოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია. ეს კანონი კი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს“, - აცხადებს ო’ბრაიენი.
„გაშფოთებთ შესაძლო რუსული ჩარევა ან მავნე ზეგავლენა საქართველოში უახლოეს მომავალში?“, - „ამერიკის ხმის“ შეკითხვას ჯეიმს ო’ბრაიენი პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთს „საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს“ მაშინ, როცა „ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას“, ხოლო ევროპასა და შეერთებულ შტატებს - „საქართველოს მოქალაქეების დახმარებას“.
„ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან“, - ჯეიმს ო’ ბრაიენი ასევე აცხადებს, რომ „თავს ისულელებს“ ყველა, ვისაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ რეალობას არ აღიარებს - მათ არ შეუმჩნევიათ, რომ აშშ-მა 95 მილიონი დოლარის დახმარება შეწყვიტა და შეწყდა ასევე ევროკავშირის დახმარებაც.
„“ქართული ოცნება” ცდილობს უთხრას თავის ამომრჩეველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი რიგზეა. არა, ყველაფერი რიგზე არაა. საქართველოს სურს შეუერთდეს ევროკავშირს. იქ არსებობს მკაფიო წესები. ამ წესებზე პასუხისმგებელი პირები გეუბნებიან, რომ შენ შეცდომა დაუშვი. შეიმუშავე ცუდი კანონი. კიდევ ორი ახალი ცუდი კანონის შემუშავების ზღვარზე არიან. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ის, რაც მას ასე ძალიან სურს“, - აცხადებს ო’ბრაიენი.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბარი შეეხება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის საფრთხისა და ოპოზიციაში თავდასხმების ინსცენირების გეგმის შესახებ.
ჯეიმს ო’ბრაიენი პასუხობს, რომ მსგავსი საფრთხეების შესახებ აშშ ინფორმაციას არ ფლობს, წინააღმდეგ შემთხვევაში - შესაბამისი დახმარების გაწევაც შეეძლო; ხოლო „რაც შეეხება ადამიანების მიერ საკუთარ თავზე თავდასხმას“, „რაღაც ეტაპზე ეს უკვე სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება“.
„ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე [საქართველოს ხელისუფლების] განცხადება“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისთვის მიუთითებს იმაზე, რომ „ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“.
მაისში, „აგენტების კანონის“ საბოლოოდ დამტკიცებამდე, თბილისში სტუმრობის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ განმარტა, რომ უარი „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდი დოლარის ხელში ჩაგდებით, გაყინვითა და მისთვის დე ფაქტო სანქციებით იყო განპირობებული.
„ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა“, - განაცხადა მაშინ ო’ბრაიენმა და უარყო ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ის კვლავ იმეორებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესებული არ არის. „ის [ივანიშვილი] იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა“, - აცხადებს ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმასთან“.
ფორუმი