ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ნინო კორძახია, ალექსანდრე ბახტაძე, მარინე მიზანდარი, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი, კატრინ ლეონარდი და პრჟემისლავ ნოცუნი ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
„ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, - არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება“, - თქვა პრეზიდენტმა.
ღონისძიებაზე მან, ასევე, სიტყვით მიმართა შეკრებილ აუდიტორიას და თქვა, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება.
„ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და ჩვენი კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მათი გაძლიერება, რაც იყო და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაც უთუოდ გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილი და ნებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. და ამ ყველაფრის სიმბოლო სწორედ არხოტში გუშინწინდელი ღონისძიებაა, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ; ჩვენ გვყავს ის პარტნიორები, რომლებიც უნდა გვყავდეს; ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებს და ვიცით ასევე ჩვენი წარსულის და ჩვენი ძეგლების ფასი; ვიცით სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში საქართველოში ინიციირებული ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონზე ისაუბრა და თქვა, რომ კანონი საქართველოს საზოგადოების ინტერესშია.
„ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს იგივე ფასეულობები მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის, რომელიც წაიშლება და რომელსაც თავის თავზე მოირგებს დასავლეთი „წესებით“, რომელსაც ყველას უწესებს, უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის ან, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ. ისევე, როგორც არ აწყობთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავსმოხვევა“, - ციტირებს ლავროვის სიტყვებს РБК.
4 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, 81 ხმით ნულის წინააღმდეგ, მიიღეს „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა და ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამას წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება.
ეს კანონი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განცხადებებისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზია. კანონპროექტის დამტკიცებას მმართველი პარტია, საშემოდგომო სესიაზე, სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.
ფორუმი