რატომ არ ჩქარობს „ქართული ოცნება“ პოზიციის გამოთქმას იმაზე, რომ მოსკოვმა აფხაზეთთან ფრენა აღადგინა?
3 საათი და 50 წუთი - ეს დრო დასჭირდა სანქცირებულ რუსულ ლაინერს მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან სოხუმამდე ჩასაფრენად. რამდენი დრო დასჭირდება „ქართულ ოცნებას“ ხმის ამოსაღებად? ეს არის კითხვა, რომელსაც ქართველები ინტერნეტში სვამენ.
- „რატომ არ ვლაპარაკობთ სოხუმში აეროპორტის გახსნაზე? აფხაზური თემები ჩვენ არ გვეხება? ვინმე რამეს გეგმავს ამ თემაზე?“
- „საქართველოს მთავრობა, რამე თქვით იმაზე, რომ რუსები აეროპორტებს ხსნიან ბაბუშერაში და სოხუმში. ჩვენი ბიჭების ძვლები კიდევ იქაა. რა ხალხი ხართ, რამე წმინდა შეგრჩათ?“
როგორც ბევრი წინასწარმეტყველებდა, 2024 წლის არჩევნების შემდეგ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემა „ქართული ოცნების“ დღის წესრიგიდან გაქრა. არჩევნებამდე ხელისუფლება განიხილავდა ოკუპირებული ტერიტორიების „დაბრუნების“ საკითხს, „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კონკრეტული თარიღიც კი დაასახელა - 2030 წლამდე.
ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის საპირისპიროდ მიდის. სოხუმის აეროპორტი მალე ამუშავდება, ოჩამჩირეში კი რუსეთის სამხედრო ბაზას აშენებენ. არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას განცხადება არ გაუკეთებია. „ეხო კავკაზამ“ სოხუმის რეისზე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა, თუმცა სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის უწყებისგან პასუხი არ მიუღია.
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ხომალდის გამოჩენის ფონია, რუსეთის 2023 წლის ოქტომბერში გაცხადებული სურვილი, იქ მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნისა და სამხედრო ფლოტის შეყვანის შესახებ.
გუდაუთის რუსული ბაზის სამხედროები სამხედრო წვრთნებისას, 2018 წლის აგვისტო ასევე ნახეთ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სად, რამდენი, რისთვის? ოჩამჩირის პორტი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილი იყო 5 ოქტომბრის განცხადებამდეც. მდინარე ჯუყმურის ყურეში აშენებული ნავსადგური შეზღუდული რაოდენობის საპატრულო კატარღებისა და სატვირთო გემების მისაღებად იყო განკუთვნილი. 2009 წლის ოქტომბერში ყურე 3,8 მეტრიდან 9 მეტრამდე გააღრმავეს. მას შემდეგ პორტში შესვლა შეუძლია იმ გემებსაც, რომელთა წყალწყვა 10 ათასი ტონაა; ანუ - შავი ზღვის ფლოტის თითქმის ყველა ხომალდს, იქნება ეს სადესანტო თუ ნაღმმტყორცნი გემები.
სახელმწიფო სტრუქტურებიდან აეროპორტის უკანონო ამოქმედება მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრაზე ახსენეს. 10 თებერვალს საქართველოს მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
მეორე დღეს პრესკონფერენციაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თქვა:
„ეს არის არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ… სამხედრო აეროპორტიც (ხელშეკრულებით, რომელიც სოხუმმა და მოსკოვმა გააფორმა). შესაბამისად, იქ აფხაზებს საერთოდ არ შეუშვებენ. ეს მთლიანად რუსული აეროპორტი იქნება და არა იმდენად სამოქალაქო, რამდენადაც სამხედრო.
უკრაინელებს შეუძლიათ სოჭს მისწვდნენ, როსტოვში კი ფაქტობრივად აეროპორტი არ ფუნქციონირებს - ამ პირობებში, სოხუმის აეროპორტი, ისევე როგორც ოჩამჩირის საზღვაო პორტი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მომხდარი სუვერენიტეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევად შეაფასა.
„[ივანიშვილის რეჟიმმა] ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არათუ ფორმალური განცხადება არ გააკეთა, არამედ დასავლელ პარტნიორებსაც არ მიმართა, რომელთა ძალისხმევაზეც იდგა ამ ხნის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, - წერია პარტიის განცხადებაში.
აეროპორტი, რომელიც 20 წელი უქმად იყო, 2023 წელს სოხუმი-მოსკოვის შეთანხმების შედეგად აღადგინეს. საინტერესოა, რომ ტენდერი კომპანია „ინფრასტრუქტურის განვითარებამ“ მოიგო. ის რაშიდ ნურგალიევს ეკუთვნის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის რაშიდ ნურგალიევის შვილს.
კომპანია აეროპორტს მომგებიანი პირობებით აღადგენს. გათავისუფლებულია ქონებისა და მოგების გადასახადებისგან. საინვესტიციო პროექტი კომპლექსის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, მათ შორის - აეროდრომის, მგზავრების ტერმინალისა და იმ ობიექტების, რომლებიც ტვირთებს გაატარებს. აეროდრომი და ტერმინალი „სახელმწიფოს საკუთრებაში“ რჩება, მაგრამ ინვესტორს 49 წლით გადაეცემა გამოსაყენებლად.
გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის ახალმა კურატორმა ოკუპირებულ აფხაზეთში, სერგეი კირიენკომ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტი 1 მაისამდე გაიხსნას და იმისთვის, რომ ზაფხულის სეზონისთვის აეროპორტი სრულყოფილად მუშაობდეს, საცდელი ფრენა თებერვალში უნდა მოეწყოს. ყველაფერი მოსკოვის გეგმის მიხედვით გაკეთდა.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც აფხაზურმა მხარემ სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე დაიწყო ლაპარაკი, საქართველოს შსს-მ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტმა განაცხადეს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების ჩატარება შეუძლებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობას.
სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო ლიცენზია მართლაც არ აქვს. საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ რუსეთთან აქვს.
2019 წელს აეროპორტს მიანიჭეს კოდი URAS და ის როსტოვის საჰაერო ზონაში ჩასვეს. თუმცა, ICAO ამას არ აღიარებს. მან აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი ჯერ კიდევ 2006 წელს გაუუქმა. ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის შეცვლა მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. ამიტომ რუსეთმა სოხუმის აეროპორტს რა კოდიც არ უნდა მისცეს, ICAO მას მაინც საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს.
სოხუმში რეისი იგეგმება მოსკოვიდან და სხვა რუსული ქალაქებიდან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ბადრა გუნბამ, რომელიც აეროპორტის რეკონსტრუქციას კურირებდა, განაცხადა, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისში ავიარეისები რეგულარულად შესრულდება რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან. აფხაზეთში რუსული ავიაკომპანიები იფრენენ.
ოფიციალური თბილისის ურეაქციობას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ქართული ოცნების“ გააზრებულ არჩევანს მიაწერს. მისი თქმით, დუმილი უკავშირდება იმას, რომ, სავარაუდოდ, საქართველო ჩართულია სქემაში, რომლითაც რუსეთი სანქციებს არიდებს თავს.
ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სოხუმში აეროპორტის გახსნა შემთხვევითი ამბავი არაა. რუსეთს ეკონომიკური პრობლემები აქვს, დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს უჭერს მხარს, კრემლისთვის კი მნიშვნელოვანია ტვირთის მოწოდების გზების ისე დივერსიფიცირება, რომ მათ სანქციები არ შეეხოს. ამ გზაზე საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
„გარკვეული ტვირთები თურქეთიდან საქართველოს გავლით აფხაზეთისკენ წავა, შესაძლოა ზღვით, ან უფრო ავტოტრანსპორტით. გალის რაიონში მსხვილი ტერმინალი ააშენეს. ის აშკარად არ არის აფხაზეთის საჭიროებას მორგებული, შეუძლია დღეში იმდენი მანქანა მიიღოს, რამდენიც აფხაზეთს თვეში დასჭირდება. იქ 4-5 სატვირთო მანქანა გავა. დიდი ალბათობით, ეს ტრანსპორტი საქონელს რუსეთში წაიღებს, ასევე გაჩერდება აეროპორტში, საიდანაც ტვირთს სწრაფად გადაიტანენ ჰაერით რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში“.
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამის გამო საქართველოს ხელს არ აძლევს რეაგირება, შესაძლოა რუსეთმა უსაყვედუროს. აფხაზეთისთვის კი აეროპორტი არა მხოლოდ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, არამედ „დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის“ სიმბოლოც.
„[აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამბობს] ჩვენ ვვითარდებით, დაივიწყეთ აფხაზეთი“. აი, ნახეთ, უკვე აეროპორტი გვაქვს, თვითმფრინავები დაფრინავენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, სანამ თბილისი, სოხუმის აეროპორტის სტატუსის თემას არ წამოწევს, მის საერთაშორისო სქემაში ჩართვასა და აღიარებას არ მოითხოვს, „ეს აეროპორტი მხოლოდ რუკაზე დარჩება“. თუმცა, თბილისის დუმილი ძნელად თუ გამართლდება იმით, რომ აეროპორტს საერთაშორისო აღიარება არა აქვს.
ფორუმი