Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბჟანიამ მოსკოვში განიხილა ოკუპირებულ აფხაზეთში ავიამომისვლის განახლების საკითხი

ბჟანიამ მოსკოვში განიხილა ოკუპირებულ აფხაზეთში ავიამომისვლის განახლების საკითხი


ფოტო არქივიდან: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი სამხედროების თვითმფრინავი დაეშვა 90-იანი წლების დასაწყისიდან დახურულ სოხუმის აეროპორტში
ფოტო არქივიდან: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი სამხედროების თვითმფრინავი დაეშვა 90-იანი წლების დასაწყისიდან დახურულ სოხუმის აეროპორტში

რუსეთის მიერ ოკუპრებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში შეხვდა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერადკოს. ბჟანიას პრესსასახურის ინფორმაციით, აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვისას მხარეებმა განსაზღვრეს პროექტის რეალიზაციის სქემა, რომელიც მოიცავს „ნორმატიულ-სამართლებრივ რეგულირებას, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შემუშავებას და სამთავრობო შეთანხმებების გაფორმებას“.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მოიძებნა პოტენციური ინვესტორი, სოხუმის აეროპორტის აღდგენის საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია მზად იქნება მომავალი წლის შემოდგომისთვის, აეროპორტი კი, პირველ რეისებს მიიღებს 2024 წლის იანვრიდან.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკვე არაერთი წელია ცდილობს რუსეთის მონაწილეობით სოხუმის აეროპორტის აღდგენას. 90-იანი წლების დასაწყისამდე სოხუმის აეროპორტი ავიარეისებს იღებდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან. აეროპორტი 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ დაიხურა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აეროპორტის ტერიტორიაზე დაეშვნენ თვითმფრინავები რუსი სამხედროებით.

2019 წლის ივლისში, დე ფაქტო მთავრობამ გადაწყვიტა სოხუმის აეროპორტი აღადგინოს საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. აეროპორტს მიანიჭეს "ერთობლივი ბაზირების სტატუსი" და "საერთაშორისო კოდი URAS." ამ დასახელების პირველი ასო პოსტსაბჭოთა სივრცის აეროპორტების კოდებში გამოიყენება, მეორე ასო აღნიშნავს რუსეთის ქალაქს, დონის როსტოვს, მესამე - აფხაზეთს და მეოთხე - სოხუმს.

საოკუპაციო რეჟიმის ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას(ICAO) მიმართა, სათანადოდ შეეფასებინა აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვა, სოხუმის აეროპორტი გახსნას საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. თავის მხრივ, ICAO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოხუმის აეროპორტი და მისი საჰაერო სივრცე საქართველოსია.

XS
SM
MD
LG