Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სოხუმის აეროპორტის ინვესტორად რუსული კომპანია "აეროინვესტი" სახელდება

სოხუმის აეროპორტის ინვესტორად რუსული კომპანია "აეროინვესტი" სახელდება


აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის და "როსავიაციის" წარმომადგენლების შეხვედრა სოხუმში. 2019 წლის 21 აგვისტო
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის და "როსავიაციის" წარმომადგენლების შეხვედრა სოხუმში. 2019 წლის 21 აგვისტო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში მოსკოვის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღსადგენად ინვესტიციას სავარაუდოდ, განახორციელებს კომპანია „აეროინვესტი,“ რომელიც მინვოდის აეროპორტის ყოფილი მფლობელია.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, „აეროინვესტს“ კავშირი აქვს ყაბარდო-ბალყარეთის ყოფილი მეთაურის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, არსენ კანოკოვის ჰოლდინგ „სინდიკასთან.“

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა 21 აგვისტოს სოხუმში შეხვდა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ დელეგაციას. მის შემადგენლობაში იყო ეგორ სალამატინი, რომელსაც სოხუმის აეროპორტის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელად მოიხსენიებენ.

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის შეკითხვას, არის თუ არა პოტენციური ინვესტორი კერძო კომპანია, სალამატინმა უპასუხა: „ასე რატომ გაინტერესებთ?“ ჟურნალისტის განმარტების შემდეგ, რომ ეს საზოგადოებას აინტერესებს, სალამატინმა თქვა, რომ არსებობს მრავალპროფილიანი ჰოლდინგი, რომლის ფარგლებშიც კომპანია „აეროინვესტიცაა“ და ის თავის დროზე ფლობდა მინვოდის აეროპორტს. სალამატინს ჰოლდინგის სახელი „სინდიკა“ არ უხსენებია.

რაც შეეხება სოხუმის აეროპორტის მდგომარეობას, ეგორ სალამატინმა განაცხადა, რომ ის ნულიდან უნდა აღადგინონ და თუ სამუშაოებს ამ შემოდგომიდან დაიწყებენ, ორი წელი დასჭირდებათ.

„როსავიაციის“ დირექტორის მოადგილის, ოლეგ სტორჩევოის განცხადებით, დელეგაცია სოხუმში იმყოფება ტექნიკურ კომისიასთან ერთად, რათა შეისწავლონ აეროპორტის მდგომარეობა და განსაზღვრონ მუშაობის მიმართულებები. სტორჩევოიმ ამოცანად დაასახელა ავიამიმოსვლის განახლება აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის, პირველ ყოვლისა რუსეთთან. „როსავიაციის“ წარმომადგენლის განცხადებით, აეროპორტის რეკონსტრუქციის გარდა, აუცილებელია ავიაციის სპეციალისტების მომზადება.

რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ მათ ინვესტორის დასახმარებლად თანხები არ გააჩნიათ.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი 6 აგვისტოს, სოჭში განიხილეს რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ხაჯიმბამ.

ივლისის ბოლოს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გადაწყვიტა სოხუმის აეროპორტი აღადგინოს საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. აეროპორტს მიანიჭეს "ერთობლივი ბაზირების სტატუსი" და "საერთაშორისო კოდი URAS." ამ დასახელების პირველი ასო პოსტსაბჭოთა სივრცის აეროპორტების კოდებში გამოიყენება, მეორე ასო აღნიშნავს რუსეთის ქალაქს, დონის როსტოვს, მესამე - აფხაზეთს და მეოთხე - სოხუმს.

აგვისტოს დასაწყისში, საქართველომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) მიმართა, სათანადოდ შეაფასოს აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვა, სოხუმის აეროპორტი გახსნას საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის.

თავის მხრივ, ICAO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოხუმის აეროპორტი და მისი საჰაერო სივრცე საქართველოსია.

ICAO-ს განმარტებით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთიც შედის, მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR, რომლის შეცვლა, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის, ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა შეუძლებელია საქართველოს თანხმობის გარეშე. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის განიხილავს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად.

XS
SM
MD
LG