Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მიერ პალესტინის აღიარება ისევე ეხება კავკასიას, როგორც ახლო აღმოსავლეთს


მაჰმუდ აბასი, პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტი, ხვდება არმენ სარქისიანს, სომხეთის პრეზიდენტს, რამალაში, 24 იანვარი, 2020 წ.
მაჰმუდ აბასი, პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტი, ხვდება არმენ სარქისიანს, სომხეთის პრეზიდენტს, რამალაში, 24 იანვარი, 2020 წ.

როდესაც სომხეთმა 21 ივნისს გამოაცხადა, რომ ოფიციალურად აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ, მან დაასახელა "კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაცია ღაზაში და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი".

მაგრამ ერევნის გამოთვლები დაიწყო ღაზის ამჟამინდელ ომამდე დიდი ხნით ადრე და ნაკლებად უკავშირდება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს და უფრო მეტად ეხება კავკასიას.

ისრაელი დიდი ხანია სომხეთის მტრის, აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეა. ისრაელის მიერ აზერბაიჯანული ნავთობის შესყიდვები ავსებს ბაქოს სალაროებს და ისრაელის იარაღი მნიშვნელოვნად დაეხმარა აზერბაიჯანს 2020-2023 წლებში იმ ტერიტორიების დაბრუნებაში, რომლებიც სომხეთთან ბრძოლაში დაკარგა 1990-იან წლებში. ახლა, როცა ისრაელი ღაზაში ომის შედეგად უფრო დიდი საერთაშორისო იზოლაციის წინაშე დგას, ერევანმა დაინახა საპასუხო დარტყმის მიყენების შესაძლებლობა.

"სომხეთის მიერ უფრო პროპალესტინური პოზიციის დამკვიდრებაში დამნაშავე თავად ისრაელის პოლიტიკაა", - თქვა რიჩარდ გირაგოსიანმა, ერევანში დაფუძნებული რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა. "და ეს გამოწვეულია ისრაელის უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერით აზერბაიჯანისადმი, რამაც მხოლოდ გაზარდა აზერბაიჯანის დამოკიდებულება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ იარაღის გამოსაყენებლად", - განაცხადა მან.

"ჩემი მტრის მტერი"

როგორც ბაქოს, ისე ერევნის აღქმაში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი დიდი ხანია კავკასიაში ომების ლინზიდან ჩანს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანმა და ისრაელმა სწრაფად დაიწყეს მჭიდრო კავშირების დამყარება პრინციპით: „ჩემი მტრის მტერი“ - ამ შემთხვევაში ირანი - „ჩემი მეგობარია“. ბაქოს ეშინია ირანის პოტენციური გავლენის მის შიიტურ მოსახლეობაზე, ხოლო თეირანს ეშინია აზერბაიჯანის პოტენციური გავლენისა ჩრდილოეთ ირანში ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე.

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი
ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

„ისრაელის მსგავსად, აზერბაიჯანი ირანს აღიქვამს, როგორც უსაფრთხოების მთავარ, შესაძლოა ეგზისტენციალურ საფრთხეს, და ორი ქვეყნის თანამშრომლობა ამ საერთო აღიარებიდან გამომდინარეობს“, - ნათქვამია ბაქოში აშშ-ის საელჩოს 2009 წელს გაჟონილ დიპლომატიურ დოკუმენტში.

თუმცა, თავდაპირველად ურთიერთობა შედარებით ფრთხილი იყო: აშშ-ის დოკუმენტში მოყვანილი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ციტატა, რომელიც ამ ურთიერთობას ადარებდა "აისბერგს, რომლის ცხრა მეათედი ზედაპირს ქვემოთაა". აზერბაიჯანმა ისრაელში საელჩოც კი არ გახსნა, რადგან გაითვალისწინა არაბული სახელმწიფოების რეაქცია, რომელთა მხარდაჭერაც ბაქოს სომხეთთან ბრძოლაში სჭირდებოდა.

ამ ურთიერთობამ ისრაელ-სომხეთის კავშირები დააზიანა. ისრაელი გამუდმებით უარს ამბობდა ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარებაზე, აზერბაიჯანელი პარტნიორების პატივისცემის გამო (და თურქეთთან კავშირების შენარჩუნების იმედით). სომხებისთვის ეს ნაბიჯი ფარისევლობა იყო ჰოლოკოსტის შემდეგ დაარსებული სახელმწიფოს მხრიდან. ისრაელისა და პალესტინის შესახებ გაეროს კენჭისყრისას სომხეთი მუდამ პალესტინის მხარეს აძლევდა ხმას.

თუმცა სომხეთს არ უღიარებია პალესტინა. ეს ერევნის პოლიტიკის შედეგი იყო, არ ეღიარებინა მთიანი ყარაბაღი, დე ფაქტო სახელმწიფო, რომელიც ეთნიკური სომხების მიერ შეიქმნა 1990-იანი წლების პირველი ყარაბაღის ომის შემდეგ. სომხეთის მიერ ყარაბაღის ოფიციალურად აღიარება აზერბაიჯანელების (და სხვების) მიერ მოლაპარაკების შეწყვეტად იქნებოდა აღქმული.

აისბერგი ზედაპირზე ამოდის

დროთა განმავლობაში, ისრაელ-აზერბაიჯანის ურთიერთობა სულ უფრო თვალსაჩინო გახდა. აზერბაიჯანი მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ხანგრძლივი და თბილი ურთიერთობები ჰქონდა ებრაელებთან, როგორც აზერბაიჯანში, ისე მთელ მსოფლიოში. აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად ეყრდნობოდა ისრაელის იარაღს - 2018-დან 2022 წლამდე პერიოდში აზერბაიჯანზე მოდიოდა ისრაელის იარაღის ექსპორტის 9 პროცენტზე მეტი. ისრაელის იარაღმა, განსაკუთრებით უპილოტო თვითმფრინავებმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა აზერბაიჯანის 2020 წლის გამარჯვებაში ყარაბაღის მეორე ომში.

ამ ომმა დააჩქარა აზერბაიჯანის ისრაელთან დაახლოება. სომხეთმა კი საპირისპირო პოზიცია დაიჭირა და დაუახლოვდა ირანს, რომელმაც ერევანს უსაფრთხოების გარანტია (თუმცა ბუნდოვნად ფორმულირებული) შესთავაზა აზერბაიჯანის პოტენციური თავდასხმის წინააღმდეგ.

სომხები სულ უფრო მეტად ბრაზდებოდნენ ისრაელზე. 2023 წლის დეკემბერში საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც სომხებმა ისრაელთან თავიანთი ურთიერთობები თურქეთზე ოდნავ უკეთესად დაახასიათეს. ერევნის ერთადერთ სინაგოგაზე თავდასხმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ოთხჯერ მოხდა, ბოლოს ივნისის დასაწყისში. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმები მათი ქვეყნის აზერბაიჯანთან იარაღის გაფორმების შედეგია.

ომმა ასევე გამოიწვია ისიც, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალურად აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ამით გაუქმდა სადავო ტერიტორიების არაღიარების მანამდე არსებული პრინციპი.

გარკვეულწილად, სომხეთის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ის უერთდება მეინსტრიმს: 140-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე აღიარა პალესტინა, მათ შორის სომხეთის ყველა მეზობელმა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობამ.

თუმცა, ვითარებას ის ართულებს, რომ იმ ქვეყნების უმცირესობა, რომლებიც პალესტინას არ ცნობენ, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში არიან კონცენტრირებულნი. სომხეთი სწორედ მათ მოხიბვლას ცდილობს რუსეთზე მისი ყოფილი დამოკიდებულებისაგან გასათავისუფლებლად.

მანამდე აღიარებას შესაძლოა გარკვეული რეაქცია გამოეწვია დასავლეთის დედაქალაქებში, მაგრამ ცოტა ხნის წინათ რამდენიმე სხვა ევროპულმა ქვეყანამ - ირლანდიამ, ნორვეგიამ, სლოვენიამ და ესპანეთმა - ასევე აღიარეს პალესტინა სახელმწიფოდ. ამ ნაბიჯებმა „შეამცირა სომხეთის შემდგომი დიპლომატიური დაუცველობა ან იზოლაცია“, თქვა ანალიტიკოსმა გირაგოსიანმა.

აზერბაიჯანის პასუხი

სომხეთის მიერ პალესტინის აღიარებამ აზერბაიჯანი რთულ ვითარებაში ჩააყენა და გაურთულა ახლო აღმოსავლეთში ბალანსის შენარჩუნება.

თურქეთმა, პალესტინელთა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მცველმა და აზერბაიჯანის უახლოესმა მოკავშირემ, ერევნის ნაბიჯი დადებითად შეაფასა. ეს აჩვენებს, რომ პალესტინა აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობის კიდევ ერთ ფაქტორად იქცა. თურქეთში პალესტინის მხარდამჭერმა მომიტინგეებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ოფისზე მიიტანეს იერიში. ორი ქვეყნის ლიდერების ბოლო შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრის რეზიუმეში აღნიშნული იყო, რომ მან ალიევთან განიხილა "ისრაელის აგრესია ღაზაში". ამავე შეხვედრის აზერბაიჯანულ რეზიუმეში კი ახლო აღმოსავლეთი ნახსენები არ ყოფილა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (მარჯვნივ) ხვდება თავის ისრაელელ კოლეგას, ისააკ ჰერცოგს. ბაქო, 2023 წლის მაისი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (მარჯვნივ) ხვდება თავის ისრაელელ კოლეგას, ისააკ ჰერცოგს. ბაქო, 2023 წლის მაისი.

ოფიციალური ბაქო და პროსამთავრობო მედია სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებაზე არაფერს ამბობს. „საერთოდ, აზერბაიჯანი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, რადგან ისრაელთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას ცდილობს ღაზაში ისრაელის თავდასხმის გლობალური რეაქციის ფონზე, თქვა შუჯაათ აჰმადზადამ, დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ბაქოში.

ისრაელის შეტევამ ღაზაში, როგორც ჩანს, უბრალო აზერბაიჯანელებს შორისაც გამოიწვია ცვლილება - პროისრაელური პოზიციიდან უფრო პალესტინელების მიმართ სიმპათიისაკენ გადაიხარნენ, თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე მონაცემები არ არსებობს, „მე პირადად ვარ მოწმე, თუ როგორ იქცა ბოლო თვეებში აზერბაიჯანში ისრაელის მხარდამჭერი ხალხი ისრაელის მოწინააღმდეგედ“, - თქვა მან. „ახლა თითქმის არავინ დაუჭერს მხარს ისრაელს ღიად“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG