Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლა პოლიტიკური ვნებების ცენტრში - აღდგება სწავლა 119-ე სკოლაში?


28 ოქტომბერს 119-ე საჯარო სკოლასთან მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას აპროტესტებდნენ.

დირექტორის მოვალეობის უკვე ყოფილი შემსრულებელი თეა ბრეგვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საკადრო გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ პოლიტიკური მოტივით მიიღო.

„გუშინ სკოლის მეილზე მოვიდა შეტყობინება, რომ 27 რიცხვიდან თამარ თაბუაშვილი იქნება დანიშნული. მქონდა რესურსცენტრთან კომუნიკაცია, მითხრეს, რომ 10-ის ნახევარზე მოვიდოდნენ და წარადგენდნენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. მათ მაგიერ დღეს მოვიდა "ოცნების" შტაბის წარმომადგენელი, იკითხა, სწავლა რატომ არ არისო? აბსურდული რამ თქვა, რომ მოქალაქეებმა დარეკეს. ესე იგი მოქალაქეებმა ღიად იციან, რომ სკოლა მართულია შტაბის მიერ და სამინისტროს მაგივრად პირდაპირ იქ რეკავენ?“

მოვალეობის შემსრულებელს გვინაცვლებენ ისევ მოვალეობის შემსრულებლით და არა დირექტორით. ჩვენ ველოდებოდით უკვე კონკურსგამოვლილ დირექტორს, რომელიც ბუნებრივია სკოლას სჭირდება, მაგრამ არა მოვალეობის შემსრულებელი...
თეა ქვათაძე

თეა ბრეგვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ღია მხარდამჭერია, თუმცა ამბობს, რომ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს სკოლაში არასდროს ავრცელებდა. 23 წელია პედაგოგია, 13 წლის მანძილზე დირექტორის მოადგილე იყო, ბოლო ერთი წელი კი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. ამ წლების მანძილზე ხელისუფლებას მისთვის არასდროს შეუთავაზებია პოლიტიკურ აქტივობაში რაიმე ფორმით დახმარება - „იცოდნენ, ვინც ვიყავი და მერიდებოდნენო”.

„როცა შევდიოდი სკოლის შენობაში, პარტიული შეხედულებები რჩებოდა გარეთ. აქამდე 1 წელი ეძებდნენ [ჩემ შემცვლელ] კადრს და ბოლოს გადაწყვიტეს. მიცნობდნენ, არც ადვილად ხელშესახები ვიყავი, იცოდნენ როგორ ვასრულებდი მოვალეობას. 10-მდე ოქროსმედალოსანი გვყავს ყოველწლიურად, მაგრამ არა მხოლოდ ქულებით, 100 % გრანტით საუკეთესო უნივერსიტეტებში ხვდებიან“.

119-ე საჯარო სკოლის იმ პედაგოგებს შორის, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავდა, ერთ-ერთი იყო თეა ქვათაძე. ის სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც არის:

„მოვალეობის შემსრულებელს გვინაცვლებენ ისევ მოვალეობის შემსრულებლით და არა დირექტორით. ჩვენ ველოდებოდით უკვე კონკურსგამოვლილ დირექტორს, რომელიც ბუნებრივია სკოლას სჭირდება, მაგრამ არა მოვალეობის შემსრულებელი. თეამ ჭაობიდან ამოიყვანა სკოლა, სრულებით აპოლიტიკური ვარ და ამის მიღმა ვაფასებ, როცა საჭირო იყო, დამლაგებელიც თავად იყო, კარის ქალიც და დირექტორიც, ზრუნავდა ბავშვების განათლებაზე, ამის არდანახვა არ შეიძლება“.

დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი გლდანის რაიონის გამგებლის კანდიდატის თენგიზ გიორგაძის დეიდაა. თენგიზ გიორგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია. თეა ბრეგვაძის აზრით, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო იმისა, რის გამოც იგი თანამდებობიდან გაუშვეს.

თეა ბრეგვაძე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 2020 წლის სექტემბერში გახდა, მას შემდეგ, რაც ყოფილ დირექტორს სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა ამოეწურა.

„TV პირველის“ ინფორმაციით, 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თეა ბრეგვაძის და მისი დის, ამავე სკოლის პედაგოგის გვარები ფიგურირებს სავარაუდოდ სუს-იდან გაჟონილ დოკუმენტებში.

„...არის სუსტი ხელმძღვანელი, ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. იგი მოქცეულია მოადგილის თეა ბრეგვაძის და ამავე სკოლის პედაგოგის მაკა ბრეგვაძის ზეგავლენის ქვეშ. მ.ბრეგვაძე არის პარტია „ენმ“-ს ავჭალა-ზაჰესის ზონის უფროსის თენგიზ გიორგაძის დედა, ხოლო ამ უკანასკნელის და არის თ.ბრეგვაძე. ეს უკანასკნელები პედკოლექტივში და მოსწავლეთა მშობლებში ახორციელებენ პარტია „ენმ“-ს სასარგებლოდ აგიტაციას“.

რამდენიმე თვის წინ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ეს ჩანაწერი 119-ე სკოლის პედაგოგების შესახებ ტელეკომპანიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

განათლების სამინისტრო ყოველგვარ პოლიტიკურ სარჩულს უარყოფს და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დათხოვნას კანონით გათვალისწინებული პროცედურებით ხსნის.

„27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.

ყოველგვარი კონკურსისა და გამოცდის გარეშე ნიშნავენ ოცნების მხარდამჭერს, რომელიც აკმაყოფილებს იმავე მოთხოვნებს, რასაც მე. გამიჩნდა პროტესტი, რატომ მოდის ის და არ  მიგრძელებენ უფლებამოსილებას, სანამ დაინიშნება დირექტორების გამოცდები და აირჩევა შესაფერისი კადრი...
თეა ბრეგვაძე

ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

„სუს-ის ფაილებში ვარ, დღეს "ოცნების" შტაბის წარმომადგენელი მოვიდა რესურსცენტრის და დირექტორის მაგივრად, რომ გაეგო, სკოლაში რა ხდება. ყოველგვარი კონკურსისა და გამოცდის გარეშე ნიშნავენ "ოცნების" მხარდამჭერს, რომელიც აკმაყოფილებს იმავე მოთხოვნებს, რასაც მე. გამიჩნდა პროტესტი, რატომ მოდის ის და არ მიგრძელებენ უფლებამოსილებას, სანამ დაინიშნება დირექტორების გამოცდები და აირჩევა შესაფერისი კადრი”, - ამბობს თეა ბრეგვაძე.

2020 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 2083 საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 1022 სკოლას ჰყავს.

დირექტორების გამოცდა 2020 წლის მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა, მიზეზად კი პანდემია დასახელდა. პანდემიის მიუხედავად წელს და შარშანაც ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ დირექტორთა გამოცდების ჩატარების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება ისევ არ მიუღია.

დღეს 119-ე სკოლაში სწავლა ჩაიშალა, ძნელია იმის თქმა, მოახერხებს თუ არა სკოლა სასწავლო პროცესის აღდგენას ხვალ. თეა ბრეგვაძე და კიდევ 30-ზე მეტი პედაგოგი, რომლებიც მას სოლიდარობას უცხადებენ, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

XS
SM
MD
LG