Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარიმების „კონვეიერი“ - სასტიკად ნაცემ დავით ქაცარავასაც დასჯიან?


დავით ქაცარავა და მისი ადვოკატები 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე
დავით ქაცარავა და მისი ადვოკატები 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე

ზუსტად ერთი კვირა უნდა იფიქროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ და 18 ივლისს თქვას, დააკისრებს თუ არა ადმინისტრაციულ ჯარიმას, 1500-დან 3000 ლარამდე, დავით ქაცარავას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს.

ის 14 მაისს, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სამართალდამცავები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

"აქ ვზივარ იმისთვის, რაც არ ჩამიდენია"

11 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა, მხარეებმა მოსამართლის თანდასწრებით, ჯერ დავით ქაცარავას ადვოკატების მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება განიხილეს.

ვიდეომტკიცებულების განხილვა
ვიდეომტკიცებულების განხილვა

ვიდეოში, რომელიც დავით ქაცარავას დაკავების კადრებს ასახავს, ის სპეცრაზმელებს მიმართავს: „კარგად გაითავისეთ, 40 კილომეტრში რუსები გვიდგანან აქ და თქვენ რუსების დამცველებად იქეცით, რა კანონს მოაწერეს ამათ ხელი, გადასარევად იცით“, - სწორედ ამ დროს აკავებენ სპეცრაზმელები დავით ქაცარავას.

ვიდეოჩანაწერის სულ რაღაც 2-3-წუთიანი განხილვის შემდეგ, მხარეებმა საბოლოო პოზიციები დააფიქსირეს.

ისევე როგორც წინა, 5 ივლისის სხდომაზე, ახლაც ურყევი იყო თავის სიტყვაში შსს-ს იურისტი, გუგა ნაჭყებია:

გუგა ნაჭყებია, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი
გუგა ნაჭყებია, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი

„[ჩვენი მტკიცებულებები] ადასტურებს, რომ ბატონმა დავით ქაცარავამ ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილით ჩადენილი სამართალდარღვევა...

ჩვენ მხარს ვუჭერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს და ვითხოვთ პირის სამართალდამრღვევად ცნობას, რაც შეეხება სახდელს, ეს სასამართლომ განსაზღვროს“.

11 ივლისს გამართულ სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა დავით ქაცარავამაც. მას მოსამართლეს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება „ტენდენციურია“ და მის „სამაგალითოდ დასჯას“ ემსახურება:

დავით ქაცარავა სასამართლოს დარბაზში სიტყვით მიმართავს მოსამართლეს
დავით ქაცარავა სასამართლოს დარბაზში სიტყვით მიმართავს მოსამართლეს

„დღეს აქ ვზივარ იმ საქმისთვის და იმ დანაშაულისთვის, რომელიც მე მართლა არ ჩამიდენია“.

იმის დასამტკიცებლად, რომ დავით ქაცარავა 14 მაისს, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციელებს არ ემორჩილებოდა და თან ხულიგნობდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა სასამართლო სხდომაზე ორი მოწმე-პოლიციელი წარადგინა. ის პოლიციელები, რომლებმაც დავით ქაცარავას დაკავების ოქმი შეადგინეს, ანუ, პროცესუალური დამკავებლები.

სწორედ მათ უნდა დაერწმუნებინათ მოსამართლე, რომ დავით ქაცარავა ნამდვილად არღვევდა წესრიგს რუსთაველის გამზირზე. თუმცა, ამის დასადასტურებლად შსს-ს, გარდა პოლიციელებისა, სხვა არანაირი მტკიცებულებები არ წარუდგენია. მათ შორის, მაგალითად, არც პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები, რადგან სასამართლოს სხდომაზე ორივე პოლიციელმა თქვა, რომ სამხრე კამერები არ ჰქონდათ ჩართული, რადგან კანონი ამას არ ავალდებულებთ.

"სასამართლო - კონვეირი" - ამას 2000 ლარი, იმას 3000

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროს დაკავებულთა საქმეებში ერთი რამ მეორდება:

  • შსს სასამართლოს სხდომებზე დაკავებულთა წინააღმდეგ წარადგენს მხოლოდ პოლიციელებს;
  • მტკიცებულებებად იყენებს მხოლოდ პოლიციელების გამოკითხვის ოქმებს;
  • უიშვიათეს შემთხვევებში ურთავს საქმეს სხვა მტკიცებულებებს, მაგალითად, ვიდეო- თუ ფოტომტკიცებულებებს.

ძირითადად სწორედ პოლიციელების მონათხრობზე დაყრდნობით, ერთგვარი კონვეიერული წერით იღებენ აქციის მონაწილეთა დაჯარიმების გადაწყვეტილებებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებიც - მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე, ირაკლი ჩიკაშუა, ლელა ცაგარეიშვილი, კობა ჩაგუნავა.

გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც მოსამართლეები ან წყვეტენ საქმეს, ან მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლებიან.

დანარჩენ შემთხვევებში, აქციების დროს დაკავებულებს სოლიდური ჯარიმები ეკისრებათ. მათ შორის, აქციის იმ მონაწილეებსაც, რომლებსაც სამართალდამცავები დაკავებისას სასტიკად გაუსწორდნენ და დღეს მათ დაზარალებულების სტატუსიც აქვთ.

„ლოგიკას ნუ ეძებთ მოსამართლეების გადაწყვეტილებებში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი გიორგი ტაბატაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი.

ის „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებულ არაერთ პირს იცავს. მათ შორის იყვნენ ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სასამართლომ 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

გიორგი ტაბატაძე იცავდა აქციაზე დაკავებულ კახა კვეკვესკირსაც. მას 10 ივლისს, 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა მოსამართლე ნინო ენუქიძემ.

კახა კვეკვესკირი ერთ-ერთია, რომლის დაკავებისა და სასტიკი მოპყრობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელსა და მედიაში მალევე გავრცელდა:

გიორგი ტაბატაძე
გიორგი ტაბატაძე

„მოსამართლეთა უმრავლესობა ე.წ. შემსრულებელია. რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ერთთან თუ შენიშვნით შემოიფარგლებიან, მეორეს ჯარიმას აკისრებენ.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ სასტიკად ნაცემ თორნიკე მარუაშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. გაამტყუნა, თუმცა, ჯარიმა არ დააკისრა, სამაგიეროდ, კვეკვესკირი დააჯარიმა.

„კონვეიერული“ წესით მიდიან, რაღაც პრინციპი აქვთ, არ ვიცი, რის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს, ალბათ სტატისტიკაში რომ ძალიან ნათლად არ გამოჩნდეს, რომ ყველას აჯარიმებენ, გამონაკლისის სახით, ვიღაცებს შენიშვნას აკისრებენ, ერთი-ორი ადამიანი გაამართლეს კიდეც, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ აქ ყველა საქმე ერთნაირია, აბსურდული ბრალდებებით“, - ამბობს გიორგი ტაბატაძე.

მაგალითად, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.

თუმცა, „რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი, ამავე მოსამართლემ 2300 ლარით დააჯარიმა და, ამასთან, იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ არსებობდა ვიდეომასალა, უწყვეტი ფორმატის, რომელიც ადასტურებდა, რომ ალექსი პეტრიაშვილს არაფერი დაურღვევია, თუმცა, ლელა ცაგარეიშვილმა ეს მტკიცებულება მხედველობაში არ მიიღო და პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო.

ეკა ქობესაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი და დავით ქაცარავას ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც აქციებზე დაკავებულთა საქმეებს განიხილავს, იმგვარი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, რომ უჭირს ლოგიკური ხაზის გავლება.

მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ მოსამართლეები საქმეებს ერთიანი პრაქტიკით უდგებიან და, ამასთანავე, დამკვიდრდა სამწუხარო ტენდენცია, როდესაც პოლიციელთა ჩვენებებს სანდოობის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით აფასებენ:

ეკა ქობესაშვილი
ეკა ქობესაშვილი

„პოლიციელი, რომელმაც შეადგინა დაკავების ოქმი, რა თქმა უნდა, სხვა ჩვენებას ვერ მისცემს, რადგან სამსახურებრივად არის დაინტერესებული. მიკერძოებული და ტენდენციური მოწმის ჩვენება არ შეიძლება იყოს სანდო. ზოგ შემთხვევაში, ადამიანები მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე არიან სამართალდამრღვევებად ცნობილები.

ამასთანავე, სამწუხაროდ, სასამართლო არ ფიქრობს, რომ როდესაც პირი რეალურად არის სამართალდამრღვევი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აუცილებლად მოაქვს მტკიცებულებად ვიდეოკადრები, მაგრამ როდესაც სამართალდარღვევის ფაქტი არ არის, მაშინ შსს-ს რატომღაც არ მოაქვს ვიდეომტკიცებულებები და მოსამართლე სამართალდამცავებზე დაყრდნობით იღებს დაჯარიმების გადაწყვეტილებას“.

აპრილ-მაისში, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 193 ადმინისტრაციული მუხლით, ხოლო ცხრას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.

დაკავებულებიდან ნახევარზე მეტი, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე მიუთითებდა.

სამართალდამცავების მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა დავით ქაცარავაც. ის დაზარალებულადაა ცნობილი და მის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს:

„არანაირი პროგრესი ამ კუთხით არ არსებობს და არც იქნება. ამის ნება არ არსებობს, სისტემა თავის მორჩილ ჯალათებს, რომლებიც დაკვეთას ასრულებენ, ბუნებრივია, არ დასჯის“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას 5 ივლისს.

8 ივნისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჯამში 138 შეტყობინებაა შესული.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.

„მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალის გადამეტების საკითხის შესწავლის, ასევე გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში სამართალდამცავების, მათ შორის სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პირების იდენტიფიცირებისა და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მათ შორის, სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან, ინტერნეტ სივრციდან, კერძო ობიექტებიდან და საჯარო უწყებებიდან მიმდინარეობს გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერების, სამხრე ვიდეოკამერისა და ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერების ამოღება. ამ დროისთვის ჯამში მხოლოდ 700 საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალაა ამოღებული, რომლის შესწავლაც გამოძიების ფარგლებში დეტალურად მიმდინარეობს“, - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში, რომელიც 8 ივნისს გავრცელდა.

17 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ჯარიმები (იმ დროის მონაცემებით) 150 ათას ლარს აღემატებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG