Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანონს აგინებდა“, „სამხრე კამერა არ მქონდა“ - მოწმე პოლიციელები ქაცარავას წინააღმდეგ


დავით ქაცარავა ადვოკატებთან, ეკა ქობესაშვილთან და მიხეილ რამიშვილთან ერთად
დავით ქაცარავა ადვოკატებთან, ეკა ქობესაშვილთან და მიხეილ რამიშვილთან ერთად

„ძირითადად კანონის მიმართ ჰქონდა აგრესიული გამოხატულება უცენზურო სიტყვებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. კანონის მიმართულებით იგინებოდა“.

ასე უპასუხა მოწმე ბიძინა ჟამერაშვილმა, საბურთალოს პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა, მოსამართლე კობა ჩაგუნავას კითხვას იმის შესახებ, თუ ვის აგინებდა დავით ქაცარავა, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, 14 მაისს.

ეს ის დღეა, როცა ქაცარავა სპეცრაზმელებმა დააკავეს, სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ, პატრულის თანამშრომლებს, ბიძინა ჟამერაშვილსა და გაიოზ იკოშვილს გადასცეს.

5 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა, დაარღვია თუ არა დავით ქაცარავამ კანონი. დღეს პირველი სხდომა გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დარბაზში ე.წ. პროცესუალური დამკავებლები, ანუ ის ორი მოწმე პოლიციელი მიიწვია, რომლებმაც 14 მაისს, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ დავით ქაცარავას სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმეს და რუსთაველის გამზირიდან პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

დავით ქაცარავას სამართალდამცავები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები).

შსს-სთვის „უცნობი“ კადრები

სანამ მოსამართლე მოწმე-პოლიციელების გამოკითხვას დაიწყებდა, დავით ქაცარავას ერთ-ერთმა ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა მტკიცებულების სახით იმ ვიდეოკადრების დართვა მოითხოვა, რომელზეც დავით ქაცარავას დაკავების მომენტია ასახული.

სასამართლოს სხდომა
სასამართლოს სხდომა

ეს კადრები მედიაში, სოციალურ ქსელებში იმავე დღეს, 14 მაისსვე გავრცელდა და დღემდე ხელმისაწვდომია ინტერნეტში. თუმცა, ადვოკატის წარმოდგენილი ვიდეო, სხვების და მოსამართლის გასაკვირადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთვის უცნობი აღმოჩნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

„იმისთვის, რომ შუამდგომლობის ეტაპზე დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, ეს მტკიცებულება დაერთოს თუ არა საქმეს, მნიშვნელოვანია, გავეცნო ამ ვიდეომასალას. ჩემთვის, როგორც შსს-სთვის, უცნობია, თუ არსებობდა რაიმე კადრები, შსს-მ ვერ მოახერხა ვიდეომტკიცებულებების მოპოვება.

შესაბამისად, შესაძლოა, ამ ვიდეომასალას კავშირი არ ჰქონდეს ამ საქმესთან და სასამართლოს მივმართავ, რომ თუ არსებობს ამის საშუალება, მომცეთ რამდენიმე წუთი, გავეცნო აღნიშნულ ვიდეომასალას და შემდეგ მოვახსენო პოზიცია, ეს ვიდეომასალა დაერთოს თუ არა საქმეს მტკიცებულების სახით“.

მოსამართლემ დავით ქაცარავას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვიდეომასალა საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო. შსს-ს წარმომადგენელს კი უთხრა:

მოსამართლე კობა ჩაგუნავა
მოსამართლე კობა ჩაგუნავა

„მე უფრო მეტსაც გეტყვით, მოლოდინი მქონდა, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი იქნებოდა გარკვეული სახის ვიდეომასალა, სადაც დავით ქაცარავას დაკავების ვიდეომასალა იქნებოდა ასახული... ის, რომ დავით ქაცარავას დაკავების შესახებ კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნახავს და არ იცის, ვერ გავიზიარებ ამას, სიმართლე გითხრათ...[ეს კადრები] არაერთხელ გავრცელდა არაერთი ტელევიზიის საშუალებით... მეც პირადად არაერთხელ მინახავს ის კადრები, რაც სატელევიზიო სივრცეში იყო“, - თქვა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.

„სამხრე კამერა არ მქონია ჩართული“ - მტკიცებულებების ნაცვლად პოლიციელების მონაყოლი

ეს არ არის პირველი საქმე, როდესაც აქციებზე დაკავებული პირების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში მხოლოდ მოწმე-პოლიციელებს წარადგენს და საქმეს სხვა არანაირ მტკიცებულებას, იქნება ეს, მაგალითად, ფოტო- თუ ვიდეომასალა, არ ურთავს.

ასე იყო 5 ივლისსაც. სასამართლო დარბაზში, მოწმის სახით დაბარებული პოლიციელები ირწმუნებოდნენ, რომ 14 მაისს, დავით ქაცარავა არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, „იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება“ და სწორედ ამიტომ დააკავეს ის ადმინისტრაციული წესით.

პირველი მოწმე, ბიძინა ჟამერაშვილი ჰყვებოდა, რომ 14 მაისს, პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩასთან, სპეცრაზმელების სიახლოვეს, დავით ქაცარავასგან დაახლოებით 5-10 მეტრში იდგა:

„დავით ქაცარავა მოუწოდებდა სპეცრაზმელებს, რომ დაეტოვებინათ ის ტერიტორია, რადგან რუსეთის ჯარი იმყოფება 40 კილომეტრში და თქვენ აქ დგახართ და გვარბევთ, რუსეთის მონები ხართ და დატოვეთ ეს ტერიტორიაო.

შესაბამისად, პოლიციელებმა, რომლებიც იქ იყვნენ, შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, რადგან უმეტესობა 2008 წელს ომობდა და როდესაც რუსეთის მონას გიწოდებენ, საკმაოდ შეურაცხმყოფელია, ზოგს ოჯახის წევრი დაეღუპა იქ, ზოგი თავად თანამშრომელი დაიღუპა და შეურაცხმყოფელი იყო დავით ქაცარავას მხრიდან მსგავსი მიმართვა.

როდესაც ხელსაყრელი მომენტი ჩავარდა, სპეცრაზმელებმა ფიზიკური ძალით დააკავეს და შეიყვანეს კორდონის შიგნით. შემდეგ, როგორც პრაქტიკაშია, სპეცრაზმელების იდენტიფიცირება არ ხდება და პროცესუალური დაკავება ხდება უკვე საპატრულოს მიერ.

მე და ჩემი მეწყვილე გავედით ჭიჭინაძის მხარეს, იქ იდგა ჩვენი ავტომობილი, სპეცრაზმელების ავტომობილიდან გადმოვიყვანეთ ბატონი დავითი, ჩავსვით ჩვენს ავტომობილში, წავიყვანეთ დეპარტამენტში, სადაც გამოვიძახეთ სამედიცინო დახმარება და ხელწერილით იქნა გაშვებული ჩვენი დეპარტამენტიდან“.

მოსამართლე: ბატონი დავითის მხრიდან უმისამართო ლანძღვა-გინება, უცენზურო სიტყვები, გინება, თქვენ გაიგეთ თუ არა?

ბიძინა ჟამერაშვილი: ძირითადად კანონის მიმართ ჰქონდა აგრესიული გამოხატულება უცენზურო სიტყვებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. კანონის მიმართულებით იგინებოდა.

მოსამართლე: სამსახურებრივ მოვალეობას რომ ასრულებდით, გქონდათ ჩართული სამხრე კამერა, სადაც აღბეჭდილი იქნებოდა თუნდაც ეს ქმედებები.

ბიძინა ჟამერაშვილი: ზოგადად, სამხრე კამერა მაქვს, მაგრამ იმ მომენტში ჩართული ნამდვილად არ მქონდა.

მოსამართლე: რატომ?

ბიძინა ჟამერაშვილი: არ მავალდებულებს კანონი კამერის ჩართვას.

მოსამართლე: ოქმში გიწერიათ, რომ უმისამართოდ იგინებოდა. დედის, ოჯახის წევრის მიმართ გინება, მსგავსი რამე იყო?

ბიძინა ჟამერაშვილი: პოლიციელების მიმართ ნამდვილად არ შეუგინია.

მოსამართლე: თუ მოიკვლიეთ რაიმე ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერები თუ გამოითხოვეთ ვინმესგან?

ბიძინა ჟამერაშვილი: ჩემს მეწყვილეს ვკითხე, ჩართული ჰქონდა თუ არა კამერა და მითხრა, რომ არ ჰქონია.

სანამ დავით ქაცარავა მოწმე პოლიციელს კითხვას დაუსვამდა, მან ჯერ მადლობა გადაუხადა მას:

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ, საჯაროდ ვცდილობდი ჩემი მადლიერება გადამეცა იმ პოლიციელებისთვის, ვინც გადამიბარა იმ ჯალათებისგან, ვინც დამლეწა საშინელი სისასტიკით და თუ თქვენ იყავით ერთ-ერთი ეს ადამიანი, არ მახსოვხართ ჩემი მაშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მადლობას გეტყვით იმ მიდგომისთვის, რაც ვიგრძენი თქვენი მხრიდან“.

შემდეგ კი ჰკითხა პოლიციელს:

- თქვენ მკაფიოდ გაიგეთ, მონას რომ ვიძახდი?

- კი

- კარგად გაიგეთ?

- კი

- სამწუხაროა, რადგან მონა არ მიწოდებია არავისთვის.

ბიძინა ჟამერაშვილმა სასამართლოს დარბაზში 5 ივლისს ისიც თქვა, რომ დავით ქაცარავა მან და მისმა მეწყვილემ დაკავებიდან დაახლოებით 5-10 წუთში „გადაიბარეს“, რასაც სიცრუეს უწოდებს დავით ქაცარავა.

ის ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ამბობდა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, რომ სპეცრაზმელები მას დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში სცემდნენ მანქანაში და მხოლოდ ამის შემდეგ გადააბარეს ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. იგივე გაიმეორა მან 5 ივლისსაც:

დავით ქაცარავა
დავით ქაცარავა

„ასახელებენ დროს, თითქოს დაკავებიდან 5 წუთში ჩამსვეს მანქანაში, სინამდვილეში, მინიმუმ 40 წუთი იყო გასული ჩემი დაკავებიდან საპატრულო მანქანაში გადასმამდე. აცდენილი იყო ყველაფერი ერთმანეთს. მოუმზადებელი პოლიციელები აღმოჩნდნენ, ვერ დაალაგეს ის ხაზი, თუ რა უნდა ესაუბრათ“.

„უშუალოდ პოლიციელებს არ აგინებდა“...

ბიძინა ჟამერაშვილისგან განსხვავებით, მისი მეწყვილე და კიდევ ერთი მოწმე, გაიოზ იკოშვილი, 5 ივლისს, სასამართლოს დარბაზში ირწმუნებოდა, რომ დავით ქაცარავა მას და მის მეწყვილეს არ ჩაუსვამთ საპატრულო მანქანაში:

„მე არ ჩამისვამს მანქანაში, მე რომ მივედი, ის უკვე დაკავებული იყო. მე და ჩემი მეწყვილე ერთად მივედით. მე იქ არ ვყოფილვარ, არ ვიცი, როდის ჩასვეს მანქანაში. მე რომ მივედი, ის უკვე ავტომობილში იჯდა“.

რაც შეეხება თავად დაკავების მომენტს, გაიოზ იკოშვილი ამ პროცესს ასე აღწერს:

„პატივცემული დაახლოებით ხუთი საათისთვის ცდილობდა, კომუნიკაციაში შესულიყო სამართალდამცავებთან, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მათ საპოლიციო ქმედებას, მოუწოდებდა, როგორ უნდა ემოქმედათ, სად უნდა ემოქმედათ, რომ წასულიყვნენ საზღვარზე, იმ კონკრეტულ სიტუაციაში იქ არ უნდა ყოფილიყვნენ, უწოდებდა მონა პოლიციელებს. მონოტონური იყო მისი ეს მოწოდება“.

მოსამართლე: აგინებდა?

გაიოზ იკოშვილი: უშუალოდ პოლიციელების მიმართ გინება არ იყო, ზოგადად იგინებოდა. თუმცა, პოლიციელებს უწოდებდა მონა პოლიციელებო, რუსეთის მონა პოლიციელებო... რომელიც დამამცირებელია პოლიციელებისთვის, რომლებიც მუშაობენ, აცვიათ ფორმა.

მოსამართლე: დაკავების დროსაც იძახდა ამ სიტყვებს? იგინებოდა?

გაიოზ იკოშვილი: ვერ გავიხსენებ, თუმცა, პატივცემული დააკავეს ნახევარი საათით ადრე ჩადენილი ქმედების გამო.

მოსამართლე: სამხრე კამერა თუ გქონდათ ჩართული?

გაიოზ იკოშვილი: სამხრე კამერა არ მქონდა ჩართული.

დავით ქაცარავა თბილისის საქალაქო სასამართლოში
დავით ქაცარავა თბილისის საქალაქო სასამართლოში

დავით ქაცარავა კატეგორიულად უარყოფს, რომ საპროტესტო აქციაზე „უშვერ“ სიტყვებს ამბობდა და პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას.

5 ივლისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე მან მოსამართლესა და დარბაზში მსხდომთ მიმართა:

„მთელი ამ წლების განმავლობაში მე ვმონაწილეობდი არაერთ პროტესტში და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოზიცია პოლიტიკურად შეიძლება მკაფიოდ განსხვავდებოდეს სახელისუფლებო პოზიციისგან, ჩემი მიდგომა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან იყო ყოველთვის კორექტული. მით უფრო, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, როცა ჩემს მეგობრებთან ერთად სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში ვპატრულირებთ ოკუპაციის ხაზთან, იქაც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს კომუნიკაცია პოლიციელებთან, რომლებიც ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ არიან განლაგებულნი და ისინიც დაადასტურებენ ჩემს აბსოლუტურ კორექტულ ურთიერთობას სამართალდამცავების მიმართ.

არც ის დღე იყო გამონაკლისი. იმასაც დავამატებ, რომ როდესაც მცემდნენ მანქანაში და როდესაც იღებდნენ ჩემი ცემის კადრებს, იქაც კი არ არის გინება ან შეურაცხყოფა. მთელი ჩემი მიმართვის შინაარსი დაფიქსირებულია როგორც საჯაროდ, ასევე შს სამინისტროს ტელეფონის კამერით გადაღებულ კადრებში და რომელსაც, ბუნებრივია, არ წარმოადგენენ, რადგან ერთი სიტყვაც კი არ არის შეურაცხმყოფელი ჩემს მიმართვაში“, - თქვა დავით ქაცარავამ სასამართლოს დარბაზში.

დაცვამ 5 ივლისს სასამართლოს დარბაზში მოწმედ მიიწვია საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

14 მაისს, დავით ქაცარავას დაკავებისას ის სწორედ მასთან ერთად იდგა:

მოსამართლე: დაახლოებით სად იდგა ბატონი დავითი?

ვაჟა გაფრინდაშვილი: კორდონიდან დაახლოებით 5-7 მეტრის დაშორებით.

მოსამართლე: ბატონი დავითის მხრიდან რაიმე სახის შეურაცხმყოფელი სიტყვა, ან თუნდაც ეთქვას, რომ ისინი იყვნენ მონები, ან ასრულებდნენ მონურ საქმეს, მსგავსი ფრაზები გაიგეთ?

ვაჟა გაფრინდაშვილი: არ გამიგია.

მოსამართლე: თქვენი შეფასება როგორია, რატომ დააკავეს ბატონი დავითი?

ვაჟა გაფრინდაშვილი: მიზანმიმართული დაკავება იყო.

მოსამართლე: რაიმე უცენზურო სიტყვები არ გაგიგიათ მისი მხრიდან არც პოლიციელების მისამართით და არც ზოგადად?

ვაჟა გაფრინდაშვილი: არა.

იმ ვიდეოში, რომელიც დავით ქაცარავას დაკავების კადრებს ასახავს, ის სპეცრაზმელებს მიმართავს: „კარგად გაითავისეთ, 40 კილომეტრში რუსები გვიდგანან აქ და თქვენ რუსების დამცველებად იქეცით, რა კანონს მოაწერეს ამათ ხელი, გადასარევად იცით“, - სწორედ ამ დროს აკავებენ სპეცრაზმელები დავით ქაცარავას.

დავით ქაცარავას, რომელსაც პოლიციის შენობაში გადაყვანამდე სასტიკად გაუსწორდნენ სპეცრაზმელები, გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და კლინიკა 6 დღის შემდეგ დატოვა:

„მანქანაში, სადაც ჩამსვეს, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მისწორდებოდნენ. რამდენიმე წუთით მასვენებდნენ და შემდეგ ისევ თავიდან იწყებდნენ. ხელზე ე.წ. კასტეტის მსგავსი ხელთათმანი ეკეთათ და იმით მიმტვრევდნენ სახის ძვლებს...“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მან 20 მაისს, კლინიკის დატოვების შემდეგ.

პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამ საქმეში დავით ქაცარავას დაზარალებულის სტატუსი აქვს. 5 ივლისს მან რადიო თავისუფლებას უთხრა:

„არანაირი პროგრესი ამ კუთხით არ არსებობს და არც იქნება. ამის ნება არ არსებობს, სისტემა თავის მორჩილ ჯალათებს, რომლებიც დაკვეთას ასრულებენ, ბუნებრივია, არ დასჯის“.

დავით ქაცარავას ჩადენილ შესაძლო სამართალდარღვევის საქმეზე მომდევნო სხდომა 11 ივლისს, ვიდეოჩანაწერების გამოკვლევით გაგრძელდება.

აპრილ-მაისში, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 193 ადმინისტრაციული მუხლით, ხოლო ცხრას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.

დაკავებულების თითქმის ნახევარი, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

17 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების ჯარიმების რაოდენობა (იმ დროის მონაცემებით) 150 ათას ლარს აღემატებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG