ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე კახა კვეკვესკირი, რომელსაც სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2 000 ლარით დააჯარიმა.
„ამ "კონვეიერული" სასამართლოს ე.წ. მოსამართლემ 2000-ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამომიწერა დღეს [10 ივლისს]. 13 მაისს, „რუსული კანონის“ მესამე მოსმენის დღეს საპროტესტო აქციაზე რეჟიმმა ჯერ ფიზიკურად იძალადა და შემდგომ დამაკავა 48 საათით. თითქმის ორი თვის თავზე ჩამიტარეს სასამართლო პროცესი და კანონდამრღვევად გამომაცხადა მოძალადე რეჟიმის მონა მოსამართლე ნინო ენუქიძემ“, - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე კახა კვეკვესკირმა სასამართლო პროცესის შემდეგ.
აქტივისტის ადვოკატის თქმით, მოსამართლემ მხოლოდ პოლიციელის ჩვენება გაიზიარა. „მთელმა საქართველომ იხილა კადრები, როგორ სცემა და დააკავა სპეცრაზმმა კახა კვეკვესკირი, ამ პირობებში კი შედგა ოქმი, თითქოს საპატრულო პოლიციამ დააკავა ის. რეალურად არცერთი მტკიცებულება არ იყო მათ [პოლიციის] მხარეს, რომ კახა კვეკვესკირმა რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა. მოსამართლემ გაიზიარა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელის ცრუ ჩვენება“, - თქვა კვეკვესკირის ინტერესების დამცველმა.
კვეკვესკირს 2024 წლის 13 მაისს სპეცრაზმელების ჯგუფი პარლამენტის უკანა შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ცემის კადრები მალე გავრცელდა სოციალურ ქსელში - სპეცრაზმელებს ის და კიდევ ერთი დაკავებული ასფალტზე ჰყავთ დაყრილი და მუშტებს და წიხლებს ურტყამენ.
გათავისუფლების შემდეგ კახა კვეკვესკირი რადიო თავისუფლებას უყვებოდა: „როცა წინ ვიდექი, მათგან, ვინც მითხრა, ჩემს მინისტრს რატომ აგინებო, არადა, არ მიგინებია და ვინც მერე მეცა, ეკეთა უცხო ოქროს ბეჭედი, საქორწინო და მისი ხმა დღესაც მესმის და მისი თვალებიც მახსოვს. მას ნიღაბი კი არა, არაფერი უშველის”.
ფორუმი