სეზონის დასაწყისში ბათუმელების ნაწილი სტუმრების სიმცირეს უჩივის, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ პრობლემა არა ტურისტების ნაკლებობა, არამედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან ჩამოსულების საქმიანობით გამოწვეული კონკურენციაა. ბათუმში, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთათვის ვითარება ბოლო წელიწად-ნახევარში მნიშვნელოვნად შეიცვალა.
"ამიტომაც ვცხოვრობ აქ"
ბათუმის პოპულარული კაფე-ბარების და რესტორნების მფლობელები და მენეჯერები ამბობენ, რომ წელიწად-ნახევრის წინ, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები მასობრივად შემოვიდნენ საქართველოში, მათ შორის ბევრი ზღვისპირა ქალაქშიც, რუსულენოვანი სტუმრები მრავლად ჰყავდათ. დღეს ვითარება შეცვლილია.
„ისინი დადიან, ვინც უკვე ათი წელია ჩვენი სტუმარია. გასულ წელს იყო [რუსულენოვანი სტუმრების] შემოტევები , მაგრამ ახლა თავისი კაფეები და რესტორნები აქვთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თევზის ერთ-ერთი პოპულარული რესტორნის მფლობელი ირმა კოტია.
ბათუმის ძველ უბანში ქართული სამზარეულოთი ცნობილი კიდევ ერთი რესტორნის მენეჯერი ნინო ფალავანდიშვილიც ადასტურებს, რომ ბოლო დროს მის რესტორანსაც ძირითადად საქართველოს მოქალაქეები და ევროპელები სტუმრობენ:
„ბევრმა სტუმარმა, ჩვენთან რომ დადიოდა, იმათ გახსნეს კაფეები... ვინც დასარჩენად არიან ჩამოსული, მათ გახსნეს. მერე ჩამოსულები უკვე მათთან დადიან, ძირითადად, სასმელზე... ესაა კონკურენცია“.
ნატაშა კუშნირი, რუსეთის ქალაქ ბირობიჯანიდან არის. ბათუმზე ვიდეო YouTube-ში ნახა, მოეწონა, ჩამოვიდა და დასახლდა. ბარს ამუშავებს, სადაც მისივე თქმით ძირითადად სტუმრები რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან ჰყავს. ბევრი - ახლო აღმოსავლეთის, არაბეთის ქვეყნებიდან.
„მე ნამდვილად ვხედავ რუსულენოვანი მოქალაქეების ნაკადს. შეიძლება ვთქვა, რომ რამდენიმე ტალღა იყო. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ვხედავ, რომ ქალაქი ვითარდება, მუდმივად უმჯობესდება არქიტექტურა, გზები, მთლიანობაში კი შესამჩნევია მოძრაობა უკეთესობისკენ. მე ძალიან მომწონს ქალაქი, ამიტომაც ვცხოვრობ აქ“, - ეუბნება ნატაშა რადიო თავისუფლებას.
"ჩვენთვის ძალიან იკლო მუშაობამ"
ბათუმელი თამარ თოიძე 30 წელზე მეტია ბინების გაქირავება-გაყიდვითაა დაკავებული. ასეთი დაბალი შემოსავალი არასდროს ჰქონია. ამბობს, რომ ბათუმში ჩამოსულმა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეებმა თავად დაიწყეს უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავება და ძირითადად, თანამემამულეებზე მუშაობენ:
„აი, მაგალითად, უკრაინელები რომ ჩამოდიან, აქ მყოფებმა უკვე იციან და თვითონ აბინავებენ. დიდ თანხას ამატებენ, მაგრამ საკუთარი საიტები რომ აქვთ, უკრაინელი თუ რუსი მაინც მათთან მიდის და არა ჩვენთან. წელიწად-ნახევარია ჩვენთვის ძალიან იკლო მუშაობამ“.
შორენა ჭაღალიძეს, რომელსაც ბათუმში საოჯახო აპარტამენტები აქვს, რუსეთის მოქალაქეებმა წლევანდელი ზაფხულის ჯავშნები გაუუქმეს. შორენაც მიზეზად იმავეს ასახელებს, რასაც თამარი:
„დიდი კონკურენციაა არა მხოლოდ სამაკლერო და ტურიზმის სფეროში, არამედ ყველგან. წელიწადზე მეტია ჩვენთან განუწყვეტლივ შემოედინებიან ადამიანები რუსეთის ფედერაციიდან. აქვთ კაპიტალი და, შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი კონკურენტუნარიანობა ძალიან მაღალია. ჩამოდიან და ყიდულობენ ბინებს და შენობებს ქალაქში. კერძო სახლებს და მიწებს სოფლებში. აკეთებენ სასტუმროებს და თავად არიან დაკავებული სამაკლერო საქმიანობითაც“.
რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში არა მხოლოდ ტურისტული, არამედ სარემონტო, სამშენებლო, ასევე სილამაზის სალონებისა და კვების ობიექტების ბაზარიც აითვისეს.
„თან ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ყველა ერთმანეთს იცნობს. იშვიათია, რომ რუსეთის მოქალაქემ რაიმე საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეს მიმართოს. კონკურენცია დღითი დღე იზრდება, რადგან რუსეთიდან ხალხის ნაკადი არ წყდება. აქ ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადგილობრივია, რომელიც ამბობს, რომ წელს ტურისტების ნაკლებობაა. რეალურად ნაკლებობა კი არ არის, რუსეთიდან ჩამოსულები ისევ რუსეთის მოქალაქეებს მიმართავენ“, - ეუბნება შორენა ჭაღალიძე რადიო თავისუფლებას.
„ბათუმი რუსულენოვან ქალაქს ემსგავსება“
ანდრეი ჩერკასოვი ბათუმში ცხრა თვის წინ ჩამოვიდა, ბელარუსიდან. ამბობს, რომ საქართველოში თავს თავისუფლად გრძნობს.
„აქ მომწონს ტოტალური თავისუფლება იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებ, როგორ აკეთებ. სისტემას არ აქვს ჩამოყალიბებული ჩარჩო. ანუ ჩამოხვედი და აქ მიგიღეს. ჩამოხვედი და საქართველო გეუბნება: „კეთილი იყოს შენი ჩამობრძანება“. გინდა ბიზნესის წამოწყება? კეთილი, არის პირობები და უფრო მომგებიანიც არის ევროპასთან შედარებით“.
რაულ ფატლაძე ამ „კეთილგანწყობილ“ ბიზნესგარემოს უჩივის. მის კაფე-ბარს ბათუმში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, რუსეთიდან, ბელარუსიდან ჩამოსულები მრავლად სტუმრობდნენ, ახლა, ამბობს, რომ ქალაქის ძველ ნაწილში, თითქმის ყველა ქუჩაზე კაფეები თავად გახსნეს, ე.წ. ახალი ბათუმი კი, „საერთოდ ოკუპირებულია“:
„ბათუმი რუსულენოვან ქალაქს ემსგავსება... თავის ყაიდაზე გადააქვთ ბევრი მიმართულებაც. ჩვენ არ ვართ მზად ასეთი რიტმით ცხოვრებისთვის. მათ უფრო უადვილდებათ ბიზნესის მართვა, რადგან ზუსტად იციან, რა სჭირდება მათ დიასპორას... შენ ვიდრე სწავლობ, ისინი ფუძნდებიან...“
„ვსწავლობ ქართულს და ვცდილობთ გარკვევას, ცოტა რთულად გამოგვდის, მაგრამ მაინც ვცდილობთ“, - ამბობს ანდრეი ჩერკასოვი. მისი დაკვირვებით, „ეს რუსულენოვნება შეიძლება სხვადასხვანაირად გავიგოთ, თუმცა ქმნის თავისებურ კომფორტს... ზღვისპირა უბნები, სადაც უფრო მეტი სასტუმრო და აპარტამენტია, უფრო მეტად დასახლებულია ჩამოსული ადამიანებით, რომლებიც ლაპარაკობენ რუსულად, უკრაინულად ან ბელარუსულად. ვხედავთ, რომ ასეა, რუსული ენა დომინირებს ქალაქის ამ ნაწილში და ეს ჩვენი რეალობაა. თუმცა, თუ ქალაქის შიდა უბნებისკენ გადავინაცვლებთ, უფრო მთებისკენ ახლო დასახლებებთან, უფრო ქართველები ცხოვრობენ, იქ უფრო გაიგებ ქართულ ლაპარაკს... ასევე არიან რუსების ის ნაწილი, რომლებიც არაფერს ამბობენ. ურჩევნიათ უბრალოდ იცხოვრონ, ჩუმად იყვნენ, არ გააცხადონ თავისი პოზიცია. ეს ბევრს მეუბნება ამ ადამიანებზე“.
საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, 2022 წლის განმავლობაში რუსეთის 15 000-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა მეწარმედ საქართველოში. მხოლოდ 2023 წლის პირველ სამ თვეში მათ კიდევ 5000-მდე ახალი ბიზნესი წამოიწყეს. საერთო ჯამში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გადმოსული რუსი მეწარმეების რიცხვი 20 000-ს აღემატება.