სამცხე-ჯავახეთში ერთდროულად პირუტყვის სამი სახის დაავადება გავრცელდა – ნოდურალური დერმატიტი, ემკარი და პასტეროლოზი. სპეციალისტები მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, ადგილობრივები კი აქცენტს მიყენებულ ზარალზე აკეთებენ.
ორი კვირაა, ერთადერთი მეწველი ძროხის გადარჩენას ცდილობენ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები გოგოლაურები. ოჯახის დიასახლისი ფიქრობს, რომ, მკურნალობის მიუხედავად, პირუტყვის მდგომარეობა უარესდება.
სამცხე-ჯავახეთში პირუტყვის ვირუსულ დაავადებას, მესამე კვირაა, ებრძვიან. სოფლებში საქონელი ნოდერალური დერმატიტით დაინფიცირდა. სპეციალისტების განმარტებით, დაავადების შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში პირველად დაფიქსირდა. ის საკმაოდ საშიშია და პირუტყვის დაცემას იწვევს. ცხელება, კანზე კვანძები, კიდურების შეშუპება – ეს ნოდერალური დერმატიტის კლინიკური ნიშნებია. დაავადება ორი მიმართულებით ვითარდება – სიმპტომითა და უსიმპტომოდ. ვირუსული დაავადების დაფიქსირებისთანავე, ვეტერინარებმა სოფელ აგარაში ოთხ თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ვაქცინაცია ჩაუტარეს. პროფილაქტიკური აცრები ჩატარდა რეგიონის ყველა იმ სოფელში, სადაც დაავადება დაფიქსირდა.
ნოდურალური დერმატიტის პარალელურად, საქონლის კიდევ ერთ დაავადებას ებრძვიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. დილიფის თემის სოფლებში ემკარით უკვე 17 სული პირუტყვი დაიხოცა. აღნიშნული დაავადების თავიდან ასაცილებლად, გეგმიური აცრები წელიწადში ორჯერ უნდა ჩატარდეს. ნოდურალური დერმატიტისგან განსხვავებით, ემკარის საწინააღმდეგო ვაქცინა ფერმერებმა თავად უნდა იყიდონ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის განმარტებით, ემკარი მწვავედ ვითარდება და ხშირ შემთხვევაში დაავადების შემდეგ დაწყებულ მკურნალობას შედეგი არ აქვს. რაც შეეხება ნოდურალურ დერმატიტს, ლელა ბექაური საკითხის მეორე მხარეზე ლაპარაკობს.
ვაქცინაციის შემდეგ რძის მოხმარება 10 დღის განმავლობაში რომ იკრძალება, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფერმერები დაავადებას მალავენო, ამბობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოში. ნანა ზუბაშვილის ინფორმაციით, სამი სხვადასხვა სახის დაავადება დაფიქსირდა ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში პირუტყვის ორი სახის დაავადება გავრცელდა. ნოდურალური დერმატიტით 12 პირუტყვია დაავადებული, ხოლო 1 - დაცემული.