Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოში


ავტორი: ირინა გურული

შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საკანონმდებლო დონეზე სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისათვის. ევროკავშირი ითხოვს, რომ მსგავსი სისტემა დანერგილი ჰქონდეს ნებისმიერ მესამე ქვეყანას, რომელსაც სურვილი აქვს ივაჭროს ევროკავშირთან ცოცხალი ცხოველებითა და ცხოველური წარმოშობის პროდუქციით. მსგავსი მოთხოვნა შეეხება საქართველოსაც, როგორც ევროკავშირთან DCFTA შეთანხმების მხარეს. ამ მოთხოვნამ, ზოგ შემთხვევაში საინფორმაციო ვაკუუმის გამო, საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია. საქართველოში 297 ათასზე მეტ შინამეურნეობას ჰყავს ერთი ისეთი შინაური ცხოველი მაინც (ძროხა, კამეჩი, ღორი, თხა, ცხვარი), რომელზეც ვრცელდება აღნიშნული ვალდებულება. არ იყო ადვილი იმის გაცნობიერება, რომ ყველა შინაური ცხოველი კონკრეტული საბუთით უნდა აღირიცხოს.

რატომ არის აუცილებელი ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია?

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცხოველთა დაავადებების მონიტორინგია. ერთი ინდივიდუალური ცხოველის დაავადების შესახებ ინფორმაციის ფლობა ხელს შეუშლის სხვა ცხოველებში დაავადების გავრცელებას და შეამცირებს ბაზარზე დაავადებული ცხოველური პროდუქციის მოხვედრას.

ეს, პირველ რიგში, სწორედ მოქალაქეების, ანუ საზოგადების, ინტერესებს ემსახურება, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს თავად ცხოველების მეპატრონეებისგან.

რას გულისხმობს ვალდებულება?

ევროდირექტივების მოთხოვნები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით. მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელემენტებია:ნიშანდება, მონაცემთა ელექტრონული ბაზა, მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაცია და თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია და სადგომის/დროებითი სადგომის წიგნაკის წარმოება. წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელემენტებია: ნიშანდება (საყურე ნიშანი), თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკის წარმოება, გადაადგილების დოკუმენტის წარმოება და მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოება.

ეს პროცესი საქართველოში უკვე აქტიურად მიდის: 2012 წლის აგვისტოდან საქართველოში დაიწყო და დღემდე ყოველწლიურად გრძელდება მსხვილფეხა საქონლის მასობრივი იდენტიფიკაცია-ნიშანდების ღონისძიება. 2015 წლიდან დაიწყო წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია და, ჯამში, იდენტიფიცირებულია 150 000-ზე მეტი საქონელი. 2015 წლის ბოლოსთვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირუტყვის მთლიანი რაოდენობა შეადგენდა 2.4 მილიონზე მეტს.

საქართველოს მთავრობის დადგენილება № 548 „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან. დადგენილების თანახმად, ღორების მფლობელებმა უნდა მოახდინონ მათ საკუთრებაში არსებული ღორების რეგისტრაცია. მფლობელებმა უნდა აწარმოონ შესაბამისი ჩანაწერები, ხოლო ვაჭრობით დაკავებულმა პირებმა - ჩანაწერები ყველა გარიგების შესახებ. დადგენილებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ შინაური ცხოველების დაკვლა, გაყიდვა, მოხმარება კონტროლს მიღმა ვეღარ იქნება და, დიდი ალბათობით, უნდა გაიზარდოს სასაკლაოების დატვირთვაც, ანუ შესრულდეს საქონლის სასაკლაოებზე დაკვლის ვალდებულება, რომელიც ასევე მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული.

ეს ვალდებულებები იმ არცთუ იშვიათ ვალდებულებებს შორისაა, რომლებიც საზოგადოების საკმაოდ ფართო სპექტრს შეეხება. მათ შინაარსსა და შესრულების მაჩვენებლებზე კვლევა მოამზადეს არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ექსპერტებმა და დღეს ისინი შედეგებს ხელისუფლებისა და ექსპერტული წრეების მონაწილეობით განიხილავენ. კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება სწორედ ინფორმირების გზების დახვეწასა და ტექნიკურ დახმარებათა უზრუნველყოფის აუცილებლობას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG