Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არარსებული საქონლის აკრძალული ექსპორტი


რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა 26 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი კი საქონლის დაავადება გახდა. ეს ინფორმაცია უცნაური გამოდგა ქართული მხარისათვის. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულია საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი არ განხორციელებულა. რაც შეეხება საქონლის ტყავს, საქსტატის ინფორმაციით, მინიმალურია მისი ექსპორტიც.

გადმოწერა

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გაუგებარი გამოდგა რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, აიკრძალა მსხვილფეხა საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის საქართველოდან რუსეთში შეტანა. ამის მიზეზად კი დასახელდა საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელში გავრცელებული დაავადება - ნოდულარული დერმატიტი. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ 26 დეკემბერს გავრცელდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ რუსეთის სანიტარული სამსახურის განცხადება მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, იმიტომაა გაუგებარი, რომ, მისი თქმით, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულია საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი არ განხორციელებულა. როგორც ის ამბობს, სავარაუდოდ, რუსეთის მხარემ ამ განცხადების გავრცელებით, უბრალოდ, პროცედურები დაიცვა:

„წმინდა წყლის ფორმალობა იყო რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადების გავრცელება, რადგან ნამდვილად ვერ ვიხსენებ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ცოცხალი პირუტყვი რუსეთში ექსპორტირებული ყოფილიყო. არ ვიცი, რაში სჭირდებოდათ, მაგრამ მათ ეს პოზიცია დააფიქსირეს“.

რაც შეეხება დაავადების გავრცელებას, მიხეილ სოხაძის თქმით, ნოდულარული დერმატიტის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ განხორციელდა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები. მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ვაქცინირებულია 200 ათასამდე პირუტყვი. მთლიანობაში კი, 360 ათასი სული პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. მისი თქმით, ნოდულარული დერმატიტი ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

რუსეთის სანიტარული სამსახურის განცხადება უცნაური გამოდგა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიასთვისაც:

„მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ექსპორტი არც ხორციელდებოდა არასდროს. ცოტა უცნაური განცხადებაა“.

მისი ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირად ღირებულია და შორ მანძილზე გადაყვანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქციის თვითღირებულებას. რაც შეეხება ცხვარს, მისი გეოგრაფიული არეალი უფრო ფართოა და მოიცავს არა მარტო სამეზობლო აზერბაიჯანს, არამედ სხვა მუსულმანურ სახელმწიფოებსაც, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების და სპარსეთის ყურის ჩათვლით...
სოსო არჩვაძე

გარდა მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ექსპორტის შეზღუდვისა, რუსეთის სანიტარული სამსახურის განცხადებაში მითითებულია, რომ გავრცელებული დაავადების გამო, იკრძალება, ასევე, საქართველოდან დაუმუშავებელი ტყავის ექსპორტი. რადიო თავისუფლებამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოდან რუსეთში მსხვილფეხა რქოსანი ცხოველისა თუ ტყავის ექსპორტის შესახებ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთის მიმართულებით არ განხორციელებულა მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი. რაც შეეხება ტყავს, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, რუსეთის მიმართულებით საქართველოდან სულ გავიდა 423 კგ, 7578 აშშ დოლარის ღირებულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ან ცხენების ოჯახის ცხოველების ტყავი, გათრიმლვის შემდეგ დამატებით დამუშავებული ან ტყავეულის კრასტის სახით. როგორც საქსტატში განმარტავენ, ექსპორტი საკმაოდ მცირე მოცულობისაა და ის, სავარაუდოდ, კერძო პირის მიერ უნდა იყოს ექსპორტირებული.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, მიხეილ სოხაძის, განმარტებით, მეცხოველეობის პროდუქტები საქართველოდან ძირითადად გადის არაბულ ქვეყნებში, ირანში, თურქეთში. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გავრცელდება ინფორმაცია ევროპაში, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში მატყლის ექსპორტის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ახორციელებს ცოცხალი ცხოველის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში, სოსო არჩვაძე, ეკონომიკის დოქტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველო ამ მიმართულებით მაინც იმპორტზე დამოკიდებული სახელმწიფოა და მისი მოცულობა თითქმის ორჯერ მეტია ადგილობრივ წარმოებაზე და წელიწადში, დაახლოებით, 75 ათას ტონას შეადგენს. მისი თქმით, საკმაოდ შეზღუდულია რესურსი იმისა, რომ საქართველომ ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი აწარმოოს და არ არის იმ მასშტაბის, რომ რაიმე არსებითი გავლენა იქონიოს საქართველოს ექსპორტ-იმპორტის სალდოს ფორმირებაში. სოსო არჩვაძის თქმით, მსხილფეხა რქოსანი საქონელი მეტწილად მეზობელ ქვეყნებში გადის. ამ ქვეყნებს შორის არ არის რუსეთი:

„მისი ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირად ღირებულია და შორ მანძილზე გადაყვანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქციის თვითღირებულებას. რაც შეეხება ცხვარს, მისი გეოგრაფიული არეალი უფრო ფართოა და მოიცავს არა მარტო სამეზობლო აზერბაიჯანს, არამედ სხვა მუსულმანურ სახელმწიფოებსაც, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების და სპარსეთის ყურის ჩათვლით. რუსეთთან ჩვენ ამ მიმართულებით ინტენსიური ურთიერთობები არ გაგვაჩნია. შეიძლება ცალკეული სახის შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მასობრივი სავაჭრო პროცესი, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, ციტრუსის ან ღვინის ექსპორტი, ასეთი მასშტაბის ექსპორტი, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ გვაქვს“.

XS
SM
MD
LG