Accessibility links

ინტერვიუ
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„რუსეთმა ამ არჩევნებში წააგო, თან მწარედ“ - როლანდ ფროიდენშტაინი გერმანიის არჩევნების ლოკალურ და გლობალურ შედეგებზე

„რუსეთმა ამ არჩევნებში წააგო, თან მწარედ“ - როლანდ ფროიდენშტაინი გერმანიის არჩევნების ლოკალურ და გლობალურ შედეგებზე


რუსეთის ინტერესებზე გერმანიის არჩევნებში - როლანდ ფროიდენშტაინი, პოლიტიკის ექსპერტი და Free Russia Foundation-ის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი
რუსეთის ინტერესებზე გერმანიის არჩევნებში - როლანდ ფროიდენშტაინი, პოლიტიკის ექსპერტი და Free Russia Foundation-ის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი

„გერმანიამ უნდა მოახერხოს საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება, განსაკუთრებით საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით...“

„შოლცის მემკვიდრე ბევრად უფრო სერიოზულად მოეკიდება გერმანიის გეოპოლიტიკური პოზიციის ცვლილებას“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას როლანდ ფროიდენშტაინი, პოლიტიკის ექსპერტი და Free Russia Foundation-ის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი.

გერმანიის ბოლო არჩევნები, მათი შედეგები და გავლენა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, ასევე გერმანიის ახალი ხელმძღვანელობის დამოკიდებულება უკრაინისა და საქართველოს მიმართ – ამ თემებზე ვაჟა თავბერიძე როლანდ ფროიდენშტაინს ბრიუსელში ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რა ვიხილეთ, რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ეტაპზე - რა მოხდა გერმანიის ბოლო არჩევნებში?

გერმანია ნელ-ნელა გამოდის ჩიხიდან, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით.

როლანდ ფროიდენშტაინი: ვნახეთ, რომ CDU-მ ოდნავ ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე მოელოდნენ, მაგრამ ამ არჩევნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ გერმანია ნელ-ნელა გამოდის ჩიხიდან, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით. და ეს მართლაც მნიშვნელოვანია – გერმანიამ უნდა მოახერხოს საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. სამი წლის წინ, ცნობილი Zeitenwende-თი ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ შემდეგ, ოლაფ შოლცის უნიათო ლიდერობისა და პოლიტიკის გამო ჩიხში შევიდა, ახლა კი ეს მატარებელი რელსებზე უნდა დავაბრუნოთ. ვფიქრობ, რომ გერმანიის მხრიდან ვიხილავთ გაცილებით მეტ ენერგიას, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას და მეტ დაფინანსებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებში.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება პოლიტიკურ რადიკალებს – მემარცხენე „ლინკეს“ და ულტრამემარჯვენე AfD-ს - ორივემ დრამატულად გააუმჯობესა წინა არჩევნების შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ ისინიც ამ არჩევნების გამარჯვებულები არიან?

როლანდ ფროიდენშტაინი: დიახ, უდავოდ. AfD-ს ცხადია, ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ ჰქონდა, ამიტომ მთავარი ოპოზიციის მანტიას მოისხამს, რადგან მათთან კოალიციის შეკვრა არავის სურს, პირველ რიგში კი CDU-ს. სხვათა შორის, ჩემი ზოგიერთი ამერიკელი კოლეგა ამას ვერ იჯერებს. მეკითხებიან – „რატომ არ ქმნიან კოალიციას AFD-სთან?“ ამაზე ვუპასუხებ: „თქვენ უბრალოდ არ იცნობთ ევროპას. ეს კითხვაც კი აჩვენებს, რომ ევროპული პოლიტიკის აზრზე არ ხართ“.

პირველ რიგში, AfD არის პროკრემლისტური, ნაწილობრივ ნეონაცისტური პარტია, რაც აშშ-ის რესპუბლიკელების ნაწილს, როგორც ჩანს, ან ავიწყდება, ან მიზანმიმართულად ხუჭავენ თვალს ამაზე. AfD-სთან კოალიცია CDU-ს შიგნიდან გაანადგურებდა, უამრავი ადამიანი დატოვებდა პარტიას.

რაც შეეხება „ლინკეს“, ეს პარტია ერთადერთი იყო, რომელიც საარჩევნო ღამით ლამის ჭკუიდან გადავიდა სიხარულისგან, კოლექტიურად. სამი-ოთხი კვირის წინ, ისინი 5%-იან ბარიერთან ბუქსირებდნენ და იმის საშიშროება იდგა, რომ პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდებოდნენ. მაგრამ ბოლო მომენტში ხსნად მოევლინათ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჰაიდი რაიჰინეკი, სოციალურ ქსელებში აქტიური ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალი, რომლის პოსტიც, სადაც ის ფრიდრიხ მერცის მიგრაციული პოლიტიკის სიხისტეს აკრიტიკებდა, ვირუსულად გავრცელდა და მათი მხარდაჭერა თითქმის 9%-მდე გაზარდა.

რადიო თავისუფლება: „მწვანეები“ და SPD?

როლანდ ფროიდენშტაინი: ორივე ღრმა დეპრესიაშია. SPD-სთვის ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ ისინი მაინც შევლენ მთავრობაში, რადგან ახლა კოალიციის ფორმირებისთვის ერთადერთ ვარიანტს წარმოადგენენ. ეს, რა თქმა უნდა, მათთან მოლაპარაკებებს გაართულებს – ისინი თავს დაიფასებენ და CDU-ს რეფორმების გატარებისას გაუძალიანდებიან, იმ საკითხებზე, რომლებზეც მათი და CDU-ს ხედვა ღიად საპირისპიროა.

განსაკუთრებით საინტერესო იქნება SPD-ის ერთ-ერთი საპარლამენტო ლიდერის, როლფ მუცენიხის როლი – რომელსაც, როგორც ჩანს, არც კი უფიქრია გადადგომაზე. ის სერიოზულ თავის ტკივილად ექცევა CDU-ს, განსაკუთრებით რუსეთისა და უკრაინის თემებზე. მუცენიხი 1980-იანი წლების „მშვიდობის მოძრაობიდან“ მოდის, მთელი ცხოვრება განიარაღებაზე საუბრობდა და პუტინთან დათმობებზე წასვლას ემხრობოდა – 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგაც კი.

ყოველივე ამის შემხედველი, AfD მოთმინებით დაელოდება – მათი მიზანია, ეს საპარლამენტო ვადა მთავარი ოპოზიციის რანგში ჩაამთავრონ, იმედი აქვთ, რომ მმართველ კოალიციას რეფორმები ჩაუვარდება, რადგან მათი ხედვები ზედმეტად განსხვავდება. შემდეგ ეცდებიან, 2029 წლის არჩევნებში მმართველ პარტიად მოგვევლინონ, საარჩევნო კამპანიისას კი თითს გაიშვერენ წინა მთავრობისკენ და იტყვიან: აი, მათ სცადეს და არ გამოუვიდათ. ახლა ჩვენი ჯერია.

ახალგაზრდა კაცები ძირითადად ულტრამემარჯვენეებს უჭერენ მხარს, ხოლო ახალგაზრდა ქალები - მემარცხენე რადიკალებს.

რადიო თავისუფლება: ერთ-ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც ბოლო ორ არჩევნებში უფრო და უფრო გამოიკვეთა, არის ის, რომ ახალგაზრდა გერმანელები სულ უფრო მეტად ირჩევენ რადიკალურ მემარცხენეებს ან ულტრამემარჯვენეებს, მაშინ როცა უფროსი თაობა კვლავ ცენტრისტებზე აკეთებს არჩევანს. რატომ?

როლანდ ფროიდენშტაინი: კი, ასეა. ამას დამატებით გენდერულ ხაზსაც თუ დავუმატებთ, ვნახავთ, რომ ახალგაზრდა კაცები ძირითადად ულტრამემარჯვენეებს უჭერენ მხარს, ხოლო ახალგაზრდა ქალები - მემარცხენე რადიკალებს, რადგან მათ არ მოსწონთ მემარჯვენეების არაჰუმანური პოლიტიკა.

რადიო თავისუფლება: რას უქადის ეს გერმანიის მომავალს?

როლანდ ფროიდენშტაინი: ორნაირად შეიძლება განვითარდეს - ერთი, რომ ეს ძალები ნელ-ნელა შეაღწევენ პოლიტიკურ მედიაში და AFD-ი მეინსტრიმ პარტიად იქცევა – ბოლო 5-7 წლის განმავლობაში ისედაც ამისკენ მიდის დინამიკა.

მეორე სცენარი ისაა, რომ ეს ახალგაზრდა ამომრჩევლები ასაკის მატებასთან ერთად უფრო რეალისტურები გახდებიან და მიხვდებიან, რამდენად უგუნურია რადიკალური მემარჯვენეების პოლიტიკა.

დუგინმა დაწერა – „მერცი სრული კატასტროფაა“. გამოდის, მერცი რაღაცას სწორად უნდა აკეთებდეს.

რადიო თავისუფლება: გერმანიის საზღვრებსაც გავცდეთ – ვინ შეიძლება ჩავთვალოთ გამარჯვებულად და ვინ – დამარცხებულად?

როლანდ ფროიდენშტაინი: პირველ რიგში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა ამ არჩევნებში წააგო, თან მწარედ. დუგინმაც კი დაწერა – „მერცი სრული კატასტროფაა“. გამოდის, მერცი რაღაცას სწორად უნდა აკეთებდეს.

მეორე მხრივ, გამარჯვებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ უკრაინა. ასევე საფრანგეთიც და პოლონეთიც – მათთვის ეს დიდი შვების მომტანი ამბავია. ცენტრალურ ევროპელებს სურთ, რომ სერიოზულად აღიქვან, საფრანგეთს კი სჭირდება კონსტრუქციული პარტნიორი, რომელსაც კონკრეტული იდეები ექნება. სკანდინავიური ქვეყნები და ბრიტანელებიც კარგა ხანია, ელიან გერმანიის ისეთ ლიდერს, რომელიც მკაფიოდ, არაორაზროვნად უპასუხებდა კრემლის მაქინაციებს.

რადიო თავისუფლება: აშშ?

როლანდ ფროიდენშტაინი: ვფიქრობ, ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება აშშ-სთან მიმართებით. მაგრამ ერთი რამ ცხადია – რაც არ უნდა მოხდეს, შოლცის საფირმო პასიურობასა და სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩარგვის პოლიტიკაზე უარესი ძნელად თუ იქნება.

ოღონდ ერთია, რომ თუ წყალგამყოფ ხაზს გავავლებთ ამერიკის ზოგად ინტერესებსა და ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებს შორის, მაშინ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულთა შორის არის ტრამპის ადმინისტრაციაც – განსაკუთრებით ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ილონ მასკი.

მასკს და ვანსს არ ესმით, როგორ „მუშაობს“ ევროპა. წაიკითხავენ ორ-სამ სათაურს, რამდენიმე ტვიტს ნახავენ და ჰგონიათ, რომ ევროპაში ყველაფერი მარტივადაა.

რადიო თავისუფლება: ორივე მათგანი ღია კეთილგანწყობას იჩენდა AFD-ს მიმართ, ღიად უჭერდნენ მხარს ამ პარტიას - როგორ ფიქრობთ, რატომ არ იქონია მათმა მოწოდებებმა სასურველი ეფექტი გერმანელ ამომრჩეველზე?

როლანდ ფროიდენშტაინი: იმიტომ, რომ მათ არ ესმით, როგორ „მუშაობს“ ევროპა. ზუსტად ისე, როგორც სტივ ბენონს არაფერი გაეგებოდა. წაიკითხავენ ორ-სამ სათაურს, რამდენიმე ტვიტს ნახავენ და ჰგონიათ, რომ ევროპაში ყველაფერი მარტივადაა – ხალხი ელიტებს უპირისპირდება, ხოლო ელიტები თავს იცავენ ნებისმიერ ფასად. აი, ასეთია ევროპის სურათი მათ გონებაში, ასე ხედავენ მას. სწორედ ასეთ ევროპას მიმართავდა ჯეი დი ვენსი მიუნხენში. საკუთარ თავს წარმოაჩენდა, როგორც „სიმართლის დიდ წინასწარმეტყველს“, რომელიც, თურმე, ევროპელ ელიტებს ამხელდა – მათ, ვინც თითქოს საკუთარ ხალხს უშინდება. არადა, მათ ამ აღქმას ევროპელი ამომრჩევლის ალბათ ათი, უკიდურეს შემთხვევაში 25 პროცენტი თუ იზიარებს - ისიც იმის მიხედვით, თუ ევროკავშირის რომელ წევრ ქვეყანაზე გვაქვს საუბარი.

რაც შეეხება უშუალოდ იმას, თუ რატომ არ „დაუჯერა“ მათ გერმანელმა ამომრჩეველმა - პირველ რიგში, იმიტომ, რომ ისინი შეგნებულად ხუჭავენ თვალს AfD-ის ნეონაცისტურ ელემენტებზე. ასევე, არ იმჩნევენ მის პროკრემლისტურ ბუნებას – ყოველ შემთხვევაში, ჯეი დი ვენსი, რადგან ილონ მასკისთვის პროკრემლისტური პოლიტიკა კარგა ხანია, ცოდვად აღარ ითვლება, მაგრამ ვენსი, წესით, პუტინის დიქტატურის თაყვანისმცემელი არ უნდა იყოს. და მაინც, როგორც ჩანს, მას პრობლემა არ აქვს იმ ფაქტთან, რომ AfD-ის წევრები აქტიურად და დიდი შემართებით ირგებენ კრემლის სასარგებლო იდიოტების როლს.

რაც შოლცში ყველაზე თვალშისაცემი იყო, მისი ინტელექტუალური ამპარტავნებაა.

რადიო თავისუფლება: ოლაფ შოლცი უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ - რა მემკვიდრეობას ტოვებს, თუ ვივარაუდებთ, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა უკვე დასრულებულია?

როლანდ ფროიდენშტაინი: ის პრაქტიკულად უკვე წარსულია. ალბათ სიტყვით გამოვა ხოლმე ფრიდრიხ ებერტის ფონდში ან სადმე.

რაც შოლცში ყველაზე თვალშისაცემი იყო, მისი ინტელექტუალური ამპარტავნებაა. მართლა სჯეროდა, რომ ყველა დანარჩენზე ჭკვიანი იყო და მხოლოდ მას შეეძლო რეალობის დანახვა.

მეორე, ის იყო ცივი და გულგრილი გერმანელებთან მიმართებით – თითქმის არასდროს ამბობდა იმას, რასაც რეალურად ფიქრობდა, და არც ცდილობდა ხალხთან კომუნიკაციას.

მესამე: ექსტრაორდინარული ორპირობა უკრაინის თემაზე - თავი უკრაინის დიდ მხარდამჭერად მოჰქონდა, მაგრამ რეალურად, ყოველთვის ფეხს ითრევდა. როცა აკრიტიკებდნენ, ამბობდა – „ნახეთ, რამხელა საქმე გავაკეთეთ“ და ციფრებს ჩამოთვლიდა, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან მომენტში მაქსიმალურად წელავდა დროს. ალბათ, გულწრფელად სჯეროდა, რომ მესამე მსოფლიო ომს აჩერებდა, მაგრამ მისი პოლიტიკის რეალური შედეგი ომის გაჭიანურება იყო. მაგალითად, ნატოს გაფართოების საკითხშიც, ბაიდენის ადმინისტრაციასთან დიპლომატიურ ფერხულში ჩართული შოლცის ფეხისთრევამ, ომის გაგრძელებას შეუწყო ხელი.

რადიო თავისუფლება: მისთვის პოლიტიკური ეპიტაფიის დაწერა რომ გთხოვოთ - რა ეწერებოდა მის პოლიტიკურ საფლავის ქვაზე?

როლანდ ფროიდენშტაინი: „ეგონა, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცოდა“.

რადიო თავისუფლება: შოლცის მემკვიდრეზე გადავიდეთ – მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი განვიხილოთ. შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი Zeitenwende ახლა იწყება? რამდენად შეიცვლება სიტყვები საქმით?

როლანდ ფროიდენშტაინი: ვფიქრობ, შეგვიძლია ვენდოთ მერცს, რომ გერმანიის გეოპოლიტიკური პოზიციის ცვლილებას ბევრად უფრო სერიოზულად მოეკიდება. ამას ნაწილობრივ აშშ-ის დამოკიდებულების ცვლილებაც განაპირობებს. როცა საქმე ეხება, მაგალითად, თეთრი სახლის ამჟამინდელ პოლიტიკას რუსეთისა და უკრაინის მიმართ, SPD-ს ზოგიერთ წევრს, განსაკუთრებით, შოლცის საგარეო პოლიტიკის ტვინებს, დიდად ნამდვილად არ სწყინთ ეს ცვლილება. ოსკარ უაილდს რომ დავესესხოთ, ესაა „სიყვარული, რომლის სახელის ხსენებასაც ვერ ბედავენ“.

მაგრამ მერცი სერიოზულადაა განწყობილი. მას ფუნდამენტური ცვლილება სურს. მთავარი კითხვა ის არის, რამდენად მისცემს SPD, როგორც კოალიციური პარტნიორი, მას ამის ბოლომდე გატარების საშუალებას, ან რას მოითხოვს სანაცვლოდ – იქნება ეს Taurus-ის გადაცემა, უკრაინისთვის დახმარების გაძლიერება თუ სხვა.

რადიო თავისუფლება: ანუ Taurus-ები ნამდვილად გაიგზავნება?

როლანდ ფროიდენშტაინი: დიახ. მთავარი კითხვა ახლა ისაა, ისევ იქნება თუ არა ომი იმ დროისთვის, როცა ისინი გაიგზავნება. მაგრამ უკრაინა მათ მიიღებს – ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც, მშვიდობის პირობებში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

რადიო თავისუფლება: რამდენად თანმიმდევრული და პრინციპული იქნება მერცი უკრაინის საკითხში? Taurus-ის გაგზავნა ერთია - მშვიდობისმყოფელებსაც გააგზავნის უკრაინაში?

როლანდ ფროიდენშტაინი: ეჭვი არ მეპარება, რომ დათანხმდება ამას. არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ევროკავშირის ყველაზე დიდი და ყველაზე მდიდარი ქვეყანა სამხედრო ჩართულობისა და აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების კუთხით სხვებზე ნაკლებს აკეთებდეს.

რადიო თავისუფლება: ტრამპის ადმინისტრაციის დიდი ფანი აშკარად არ ჩანს – ეს აშშ-სგან „ნაბიჯ-ნაბიჯ დამოუკიდებლობაზე“ საუბარი და მისი რეპლიკა ნატოზე, რომ ივნისში არავინ იცის, რა მდგომარეობაში იქნება ალიანსი. როგორ აღიქვამთ ამას?

როლანდ ფროიდენშტაინი: ეს იმედგაცრუებული ადამიანის საუბარია და მესმის მისი, მაგრამ ის, რომ ასე საუბრობს, არ ნიშნავს, რომ ნატოს ტოვებს ან განუდგება. უბრალოდ, უნდა მოვემზადოთ ბევრად რთული დროისთვის, მაგრამ ამასთან, ვეცადოთ ნატოს სტრუქტურული მთლიანობის შენარჩუნებას. მაკრონიც კი ცდილობს ნატოს გადარჩენას – მიუხედავად იმისა, რომ ადრე „ტვინგათიშულად“ მიიჩნევდა, დღეს ისიც აღიარებს, რომ ნატოთი უკეთესი მსოფლიო გვექნება, ვიდრე მის გარეშე.

იგივე ეხება მერცსაც. ის აბსოლუტურად სერიოზულად ამბობს, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. და მართალიცაა - და ევროპას მაქსიმალურად უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რადიო თავისუფლება: ბოლოს საქართველოზეც გკითხავთ - რას უნდა ელოდოს საქართველო გერმანიის ახალი ხელმძღვანელობისა და მათი ხედვისგან?

როლანდ ფროიდენშტაინი: მეტ ყურადღებას. და ბევრად მეტ ხაზგასმას დასავლური პრინციპებისა და ღირებულებების დაცვაზე.

რადიო თავისუფლება: საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ პროსამთავრობო მედიამ სათაურად გაიტანა – „ოლაფ შოლცი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა "ქართულ ოცნებას", დამარცხდა“. როგორც ჩანს, სიურპრიზი ელით?

როლანდ ფროიდენშტაინი: ოჰ, და თანაც როგორი. ძალიან დიდი სიურპრიზი ელით.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG