ვითარება შეიძლება დღეში რამდენჯერმე შეიცვალოს. რთულია მიყოლა. გთავაზობთ ოთხი ძირითად რამეს, რაც უნდა იცოდეთ.
მინერალები
ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას განიხილავდა, როგორც არაპროვოცირებულ შეჭრას, რომელსაც წინ უნდა აღსდგომოდნენ საერთაშორისო სამართლის შესანარჩუნებლად და ამისათვის სანქციებს იყენებდნენ მოსკოვის იზოლაციისა და დასჯისათვის.
ტრამპმა სხვა გზა არჩია. მან შეთანხმება უკრაინის იშვიათი მინერალების შესახებ ომის დასრულების მცდელობის ცენტრალურ საკითხად აქცია.
პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ვაშინგტონს ამ წიაღისეულზე წვდომის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს, უკრაინის თავდაცვაში ჩადებული ნაღდი ფულის ამოღებაა. ეს მიდგომაა - „პირველ რიგში ამერიკა“.
უკრაინისთვის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მისვლა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა იმ ალიანსის გადარჩენის შანსია, რომელიც ბოლო დროს განადგურებული ჩანდა.
მაკრონისა და სტარმერის ორმაგი როლი
ტრამპს ოვალურ კაბინეტში ამ კვირას ასევე ეწვევიან აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირე ორი ქვეყნის ლიდერები. ისინიც ცდილობენ ურთიერთობის გადარჩენას, რადგან ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ნატოს მოკავშირეები აშშ-ის ფულზე დამოკიდებულებისათვის.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრას ტრამპთან ბევრი ღიმილი და ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა ახლდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას რაიმე არსებითი არ მოჰყოლია. ორი ლიდერი თავაზიანად დაუპირისპირდა კიდეც ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაუწია მეტი დახმარება უკრაინას.
ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შეაქო გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ხარჯების გაზრდის დაპირებისთვის. 27 თებერვლის ვიზიტს ბრიტანული მედიის ნაწილი განიხილავს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს სტარმერის კარიერაში.
სტარმერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება აშშ-ის მხარდაჭერის მოპოვება უკრაინაში შესაძლო ევროპული სამხედრო მისიისთვის, რომელმაც მომავალი ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაიცვას.
ჯარები უკრაინაში
აშშ-ის მხარდაჭერა აუცილებელია, რადგან მხოლოდ ევროპული ძალები საკმარისი არ იქნება. სამხედრო ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ზოგ სფეროში (დაზვერვა, ლოგისტიკა და საჰაერო მხარდაჭერა) ნატოს ევროპული ფრთა მოიკოჭლებს.
ჯერაც გაურკვეველია, რამდენადაა შესაძლებელი, რომ ეს მოხდეს. მაკრონმა უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ახსენა, თუმცა სხვა ლიდერებმა ამის რეალურ შანსებზე ლაპარაკი მხოლოდ ახლა დაიწყეს.
ტრამპმა თქვა, რომ მან ამის შესახებ ჰკითხა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და, რომ ის მზად იყო ამას დათანხმებოდა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა შემდეგ ეს ეჭვქვეშ დააყენეს: ჯერ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, მოგვიანებით კი - საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
პუტინს ტრამპის განცხადებებზე პასუხი ჯერ არ გაუცია.
ტრამპი და პუტინი
ბოლო კვირებში ტრამპსა და პუტინს შორის პირდაპირმა სატელეფონო საუბრებმა ყველაფერი შეცვალა და გამოიწვია გასულ კვირას აშშ-რუსეთის მაღალი დონის მოლაპარაკებები ელ-რიადში. ორმხრივი კომუნიკაციის თავად ფაქტი ახალია და დინამიკას მთლიანად ცვლის.
სამშვიდობო მოლაპარაკებების იდეა ახლა მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა აღარ არის. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ის ორმხრივ მიდგომას ახორციელებს, რათა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხას.
თუმცა აშკარაა, რომ რუსეთთან საუბარი მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. რიადის მოლაპარაკებების შემდეგ გადაიდგა ნაბიჯები საელჩოების ხელახლა დასაკომპლექტებლად და შესაძლო ეკონომიკური კავშირების შესასწავლად.
ამან შოკში ჩააგდო როგორც უკრაინა, ისე ევროპული ქვეყნები და გამოიწვია ზემოთ ჩამოთვლილი მრავალი სწრაფი ცვლილება.
ფორუმი