მოვლენები სწრაფად იცვლება. დონალდ ტრამპი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორად და საშუალო წარმატების კომიკოსად მოიხსენიებდა და ასევე ომის დაწყებაშიც სდებდა ბრალს, მზად არის უკრაინის ლიდერს ვაშინგტონში უმასპინძლოს - ახლახან შეთანხმებული დოკუმენტის ხელმოსაწერად.
უკრაინის პრეზიდენტს ვაშინგტონში 28 თებერვალს ელოდებიან და სწორედ იქ მოეწერება ხელი ბუნებრივი წიაღისეულისა და უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდის შესახებ შეთანხმებას, რომლის პირველ ვარიანტზეც უარი თავად ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი ორმხრივ შეთანხმებას მომავალი წარმატებების საფუძვლად განიხილავს. მისთვის მთავარი საკითხი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღებაა, რომლის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ წარმოუდგენია.
ტრამპი ზელენსკის ელოდება
„გავიგე, რომ [ზელენსკი] პარასკევს ჩამოვა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვარ, თუკი სურს და ის ისურვებდა ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად [...]. და მე მესმის, რომ ეს დიდი საქმეა, ძალიან დიდი საქმე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 25 თებერვალს, ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
და უკრაინა რას მიიღებს აშშ-ისთვის საინტერესო წიაღისეულის სანაცვლოდ? - პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა ჩამოთვალა:
- 350 მილიარდი დოლარი;
- დიდი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობა;
- ბრძოლის უფლება.
ასევე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება, ვიდრე რუსეთთან [ცეცხლის შეწყვეტის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
„ეს მხოლოდ დასაწყისია, საფუძველი“, „შეიძლება იქცეს დიდ წარმატებად“, „წარმატება დამოკიდებულია პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენს საუბარზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, 26 თებერვალს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. ვოლოდიმირ ზელენსკი წიაღისეულთან დაკავშირებულ შეთანხმებას უკავშირებს მთავარ და უცვლელ მიზანს - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოპოვებას.
იმ ექსპერტების შეფასებით, ვინც შეთანხმების პროექტს გაეცნენ, წიაღისეულისა და უკრაინის რეკონსტრუქციის შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონმა დათმო თავიდან ჩაფიქრებული 500-მილიარდიანი სარგებლის მიღება და შეთანხმება მიღწეულია უკრაინისთვის „ბევრად უფრო მომგებიანი პირობებით”.
26 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იშვიათ მიწათა ლითონებსა და სხვა წიაღისეულზე შეთანხმების ფარგლებში აშშ დაიბრუნებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის უკვე დახარჯულ 350 მილიარდ დოლარსაც და მეტსაც. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი განმარტა, რომ ეს შეთანხმება აშშ-ისთვის ფულის დაბრუნებას საერთოდ არ ითვალისწინებს. ექსპერტები მიუთითებენ, რომ საუბარი დახარჯულ 350 მილიარდზე გადაჭარბებულია.
ხელმოსაწერად მომზადებული ორმხრივი შეთანხმების პროექტი ადგენს პირობებს „რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდისთვის“.
რა წერია შეთანხმების პროექტში?
შეთანხმების ტექსტის მიხედვით, რეკონსტრუქციის ფონდში უკრაინა შეიტანს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების - ნავთობის, გაზისა და წიაღისეულის - მონეტიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის 50%-ს.
მითითებულია, რომ ფონდში თავს მოიყრის უკრაინის სახელმწიფოს პირდაპირ თუ ირიბ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების შემდგომი მონეტიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი.
სანაცვლოდ, შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ გააგრძელოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში.
შეთანხმების პროექტის მე-4 პუნქტის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლება კვლავაც შეინარჩუნებს ხანგრძლივვადიან ფინანსურ ვალდებულებას - „სტაბილური და ეკონომიკურად აყვავებული უკრაინისთვის“; ხოლო შემდგომ შენატანს შესაძლოა წარმოადგენდეს: „ფულადი სახსრები, საფინანსო ინსტრუმენტები და სხვა მატერიალური თუ არამატერიალური აქტივები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინის აღდგენისთვის“.
მოხდება ფონდის შემოსავლების რეინვესტირება, ფონდის ხარჯის გამოკლებით. უკრაინის „დაცულობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის” ფონდის თანხების რეინვესტირება მოხდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ, რაც დამატებით გაიწერება ფონდთან დაკავშირებულ შეთანხმებაში.
შეთანხმების წინაპირობებში ჩამოწერილია შემდეგი საკითხები:
- „მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარება“, რომელიც აშშ-მა უკრაინას გაუწია „რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში“.
- ამერიკელი ხალხის დიდი სურვილი ინვესტირებისა „თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში“.
- აშშ-ისა და უკრაინის სურვილი - იყოს მტკიცე მშვიდობა უკრაინაში და „მდგრადი პარტნიორობა თავიანთ ხალხებსა და მთავრობებს შორის“.
- აშშ-ისა და უკრაინის აღიარება - რომ უკრაინამ წვლილი შეიტანა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, „ნებაყოფლობითი უარის თქმით მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული იარაღის არსენალზე“.
- უკრაინის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები და პერსონები არ იხეირებენ უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში, მდგრადი მშვიდობის დამყარების შემდეგ.
პარალელურად, ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას უკრაინას ევროკავშირიც სთავაზობს - „ურთიერთმომგებიანი” პირობებით.
გავრცელებული ინფორმაციით, კიევს შესაბამისი წინადადება ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში, სტეფან სეჟურნემ პირადად წარუდგინა, როცა ის უკრაინის დედაქალაქში, ბრიუსელის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა - ომის მესამე წლისთავისთვის.
უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით, როიტერსი მიუთითებს, რომ უკრაინას აქვს 22 დასახელების წიაღისეული, 34-დან, რომლებსაც ევროკავშირი კრიტიკულად მნიშვნელოვან კატეგორიას ანიჭებს. მათ შორის არის სამრეწველო და სამშენებლო მასალები, ფერადი ლითონები, იშვიათი მინერალები.
უკრაინაშია თავმოყრილი გრაფიტის მსოფლიო რესურსების 20 პროცენტი. გრაფიტი გამოიყენება ელექტრომობილების წარმოებაში და საჭიროა ბირთვული რეაქტორების მუშაობისთვის.
უსაფრთხოების გარანტიები - უკრაინის მთავარი მიზანი
აშშ-სა და უკრაინას შორის შეთანხმებულ ტექსტში წერია, რომ - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა „მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას, მოიპოვოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც საჭიროა ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად” . ტექსტში არ არის ახსნილი - უსაფრთხოების რა გარანტიებს გასცემს თავად აშშ.
თუმცა ექსპერტები სწორედ უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიად განიხილავენ აშშ-ის დაინტერესებას უკრაინის სასარგებლო წიაღისეულით. ისინი ეყრდნობიან პრინციპს - რომ აშშ უკრაინაში დაიცავს თავის ეკონომიკურ ინტერესს, რის აუცილებელ პირობას უსაფრთხოებაც წარმოადგენს.
მსგავსი შინაარსის განცხადება 26 თებერვალს თავად აშშ-ის პრეზიდენტმაც გააკეთა.
„ეს შესანიშნავი შეთანხმებაა უკრაინისთვისაც. ჩვენ იქ ვიმუშავებთ, ადგილზე ვიქნებით წარმოდგენილი და ამ მხრივ ეს იქნება გარკვეულ ავტომატური უსაფრთხოება, რადგან არავინ აურევს ხალხთან, როდესაც ჩვენ იქ ვიქნებით. ევროპაც ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ყველაფერს. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ სურთ ე.წ. მშვიდობისმყოფელების შეყვანა იქ [უკრაინაში]. ვფიქრობ, ეს კარგია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 26 თებერვალს, აშშ-ის მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას.
25 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მნიშვნელოვანი უწოდა აშშ-ის დასტურს, რომ - უკრაინას აქვს უფლება, მოიპოვოს უსაფრთხოების გარანტიები. ასევე მაკრონის გაცხადებით, ევროპის ქვეყნები მზად არიან - გაგზავნონ სამხედროები უკრაინაში, ომის შეწყვეტის შემდეგ, სამშვიდობო მისიით და არა საბრძოლველად.
„ეს შეეხება ევროპელების უსაფრთხოებას... თუკი ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოების გარანტიებს ამ ტერიტორიაზე [უკრაინაში] ევროპაში, მაშინ როგორ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გარანტირება?!“, - განაცხადა მაკრონმა.
- ბრიტანეთი მზადაა ადგილზე თავისი ჯარისკაცები გაგზავნოს აშშ-ის მხარდაჭერით. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს დონალდ ტრამპი 27 თებერვალს თეთრ სახლში მიიღებს.
- ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, დანია, ესტონეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი - ომის დაწყების მესამე წლისთავისთვის, 24 თებერვალს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. ვარაუდობენ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ სამშვიდობო მისიას უკრაინაში.
25 თებერვალს დონალდ ტრამპმა მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხი მოგვიანებით მოგვარდება და, რომ რუსეთის პრეზიდენტი ევროპელი სამშვიდობო კონტინგენტის წინააღმდეგი არ არის.
კრემლის რეაქციებით კი ჩანს, რომ ეს ასე არ არის და მოსკოვი არ აპირებს მშვიდად აიტანოს ევროპელი სამხედროები უკრაინაში. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ტრამპის სიტყვები მედიასთან არ დაადასტურა და კვლავ სერგეი ლავროვის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება გაიხსენა.
ლავროვის მიერ 18 თებერვალს გაკეთებული განცხადების მიხედვით:
- ნატოს გაფართოებას რუსეთი პირდაპირ მუქარად აღიქვამს;
- ნატოს წევრი ქვეყნების სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსება „მიუღებელი იქნება მოსკოვისთვის“.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებდა, რომ ევროპელი მშვიდობისმყოფელების უკრაინაში შეყვანა მისთვის კონფლიქტის ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს.
26 თებერვალს, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსების ვარიანტებს არ განიხილავს და, რომ რუსეთისთვის არავის უკითხავს ასეთი შესაძლებლობის შესახებ.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კრემლი ჯერჯერობით რეალურ პოზიციას არ ამხელს და სურს, რომ მოგვიანებით წარმოაჩინოს დათმობად, მეტი სარგებლის მისაღებად გამიზნულ ვაჭრობაში.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, 26 თებერვალს, აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია როგორც „ქვეყნების რაოდენობასა და შემადგენლობაზე“, ასევე იმაზე - „ვის რით შეუძლია დახმარება თუ უსაფრთხოების გარანტიების მოცემა“.
უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტად პრეზიდენტი ზელენსკი თავად უკრაინის არმიას ასახელებს. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ - არ აპირებს რიცხოვნობის შემცირებას - რაც კრემლის სურვილია.
საერთაშორისო კონტინგენტის უკრაინაში განთავსებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაზუსტებით არაფერი თქმულა. არ არსებობს პასუხი შეკითხვებზე - თავდაცვის რა მექანიზმები და გარანტიები ექნება საერთაშორისო კონტინგენტს, თუკი რუსეთი მას მიზანში ამოიღებს. ზოგი ექსპერტი შიშობს, რომ ასეთ დროს ევროპელი ჯარისკაცების დაშავებას ან დაღუპვას შესაძლოა უმძიმესი პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.
ფორუმი