Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ცეცხლი, კვერცხები, უროები, საღებავი... - კრემლის ბრძოლა ბულგარეთისათვის

ცეცხლი, კვერცხები, უროები, საღებავი... - კრემლის ბრძოლა ბულგარეთისათვის


საპროტესტო აქციის მონაწილე კვერცხებს ესვრის პოლიციას და სოფიაში ევროკომისიის (EC) შენობას. 2025 წლის 22 თებერვალი.
საპროტესტო აქციის მონაწილე კვერცხებს ესვრის პოლიციას და სოფიაში ევროკომისიის (EC) შენობას. 2025 წლის 22 თებერვალი.

ბულგარეთის პროკრემლისტურმა პარტიებმა ნამდვილი „პოგრომი“ მოაწყვეს სოფიაში. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომლებიც ბულგარეთის ევროზონაში შესვლას აპროტესტებდნენ, გასულ შაბათს იერიში მიიტანა ევროკომისიის წარმომადგენლობასა და ევროპარლამენტის სოფიის ბიუროზე.

სოფიაში, გიორგი რაკოვსკის ქუჩაზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის - „ევროპის სახლის“ შენობასთან, 22 თებერვალს, უპრეცედენტო რამ მოხდა. ბულგარეთის ევროზონაში გაწევრიანების მოწინააღმდეგე მოქალაქეების ჯგუფი, ძირითადად პარტია Възраждане-ს („აღორძინება“) აქტივისტები, ჯერ ბულგარეთის ეროვნული ბანკის შენობის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი გაემართნენ „ევროპის სახლისკენ“ - სოფიაში ევროკომისიის (EC) შენობისკენ, რომელსაც წითელი საღებავი, ბომბები და კვერცხები დაუშინეს. ბოლოს მომიტინგეებმა შენობის დაწვა და მძიმე უროების გამოყენებით ლითონის ცხაურებით დაცული ფანჯრების შემტვრევა სცადეს. საჭირო გახდა პოლიციის ძალების გამოყენება. შედეგად დაშავდა 29 ადამიანი, მათ შორის 10 პოლიციელი. ხულიგნობის ბრალდებით ბრალი წაუყენეს ძალადობრივი აქციის ხუთ მონაწილეს, რომელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 17 წლისაა.

როგორც ადგილობრივი მიმომხილველები ამბობენ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრორუსი დემონსტრანტები თავს დაესხნენ ევროკომისიის შენობას. „მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის მარშის“ მონაწილეებმა შენობის ფასადს წითელი საღებავი შეასხეს 2023 წლის მაისშიც.

ბულგარეთის მთავრობამ დაგმო ინციდენტი და განაცხადა, რომ სახელმწიფო არ მოითმენს ასეთ ქმედებებს. წამყვანმა საპარლამენტო პარტია ГЕРБ-მა (Граждани за европейско развитие на България - „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“) ევროპის წარმომადგენლობის შენობაზე თავდასხმას „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა. „პოლიტიკური მატყუარების მიერ შეცდენილი, დაბნეული და გაბრაზებული ადამიანები ეწინააღმდეგებიან ამ მომენტში ერთადერთ იმედისმომცემ ფაქტორს - იმას, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი“, - ასეთი რეაქცია ჰქონდა მომხდარზე კიდევ ერთ პროევროპულ პარტია ПП-ს (Продължаваме промяната - „განვაგრძობთ ცვლილებებს“).

რაც უფრო ყალბი, მით უფრო გასაგები

ბულგარეთის პროკრემლისტურმა პარტია Възраждане-მ („აღორძინება“) ამ აქციისათვის სამი ათასამდე ადამიანის შეკრიბა, მისი ლიდერის, კოსტადინ კოსტადინოვის თქმით, „თავისუფლების დაცვისა“ და „ბულგარეთის ფინანსური დამოუკიდებლობის განადგურების“ აღკვეთის მიზნით. როგორც ექსპერტები შენიშნავენ, „ფინანსური დამოუკიდებლობის“ შესახებ გაკეთებული განცხადებები საზოგადოების ყველაზე გაუთვითცნობიერებელ ნაწილზეა გათვლილი, რადგან ბულგარეთის საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტის ცნობით, ბულგარეთს ყოველწლიურად 250 მილიონი ევრო შეაქვს ევროკავშირის ბიუჯეტში, უკან კი დაახლოებით 1 მილიარდს იღებს ევროპული ფონდებიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მათ შორის, სოფიის მეტროს, გზებისა და მაგისტრალების მოდერნიზებისთვის.

კოსტადინ კოსტადინოვი
კოსტადინ კოსტადინოვი

ბოლო კვირების განმავლობაში ევროს წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, „აღორძინების“ ლიდერმა კოსტადინ კოსტადინოვმა ასევე დაიწყო თავდასხმა სტატისტიკის ეროვნულ ინსტიტუტზე. კოსტადინოვმა ინსტიტუტი ევროზონაში გაწევრიანების ერთ-ერთი კრიტერიუმის, ინფლაციის მონაცემების „გაყალბებაში“ დაადანაშაულა. თუმცა სტატისტიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები, რომელთა დამადასტურებელი მონაცემები „აღორძინებას“ არ წარმოუდგენია.

Възраждане - „აღორძინება“ პრორუსული და ანტიევროპული პარტიაა. ამავე დროს პარტიას წარმომადგენლები ჰყავს ევროპარლამენტში, სადაც „აღორძინება“ გაერთიანებულია ულტრამემარჯვენე პარტიებთან ერთად „სუვერენულ ერთა ევროპაში“, რომელშიც ასევე შედის რადიკალური ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).

„აღორძინება“ და კოსტადინოვი ყველანაირი საშუალებით ცდილობენ ბულგარეთის ევროინტეგრაციის შეფერხებას. ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში ბულგარეთის პარლამენტმა უარყო პარტიის წინადადება - გამართულიყო რეფერენდუმი ქვეყნის ევროზონაში შესვლის 20 წლით გადადების საკითხზე, რადგან, ბულგარეთის კონსტიტუციით, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები არ ექვემდებარება რეფერენდუმზე გატანას. 2024 წლის თებერვალში ამ გადაწყვეტილების კანონიერება დაადასტურა ბულგარეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც. სხვა საკითხია, რომ „აღორძინების“ მიერ შეგროვებული ხელმოწერების მნიშვნელოვანი ნაწილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და შსს-ს მიერ გადამოწმების შემდეგ, ბათილად იქნა ცნობილი. შედეგად, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდნენ, კრიტიკულად საჭირო 400 ათასზე ნაკლები აღმოჩნდა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს დეტალებია საჭირო იმის საჩვენებლად, თუ როგორ იქცევა ბულგარეთის მესამე საპარლამენტო პარტია, რომელიც 240 მანდატიდან 35-ს ფლობს: 2025 წლის იანვარში კოსტადინოვი აცხადებდა, რომ 600 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი პეტიციას ევროზე გადასვლის წინააღმდეგ და, რომ მთლიანობაში წინააღმდეგია ბულგარელი ხალხის 80%. თუმცა, ამ რიცხვების უკან არაფერი არ იდგა. ვითარება დიამეტრულად განსხვავებულია: გამოკითხვები და კვლევები აჩვენებს, რომ ევროზონაში შესვლის წინააღმდეგი ბულგარეთის მოქალაქეების უმცირესობაა.

კრემლის პლატფორმა ბალკანეთში

„აღორძინება“ არა მარტო ევროზე გადასვლის, არამედ ბულგარეთის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგიცაა. პარტიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს ორგანიზაციები თითქოს აზიანებენ ბულგარეთის სუვერენიტეტს. კოსტადინოვმა არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინის სამხედრო დახმარება და მოითხოვა ბულგარეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, არგუმენტად კი მოიტანა კრემლის ნარატივი „დასავლეთის ჩარევის შესახებ“. „აღორძინება“ ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს „დასავლეთის მარიონეტებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მოქმედებს ევროკავშირისა და აშშ-ის კარნახით. სულ ახლახან კოსტადინოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთმა უნდა მიითვისოს ტერიტორიები ოდესის რეგიონის სამხრეთით (სადაც მცირე ბულგარული ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს). პარტია მუდმივად თამაშობს სოცბანაკის ეპოქის ნოსტალგიაზე, იყენებს რუსოფილურ რიტორიკას რუსეთთან „ისტორიული მეგობრობის“ ხაზგასასმელად.

ჩვენ ვაგებთ ბრძოლას ჩვენი ევროპული იდენტობისთვის

„ევროპის სახლის“ შტურმის მცდელობამ კიდევ ერთხელ წამოჭრა საკითხი ევროპული კურსის შეცვლის საშიშროების თაობაზე. „ნეოფაშისტური პარტია“ - ასე დაახასიათა „აღორძინება“ ბულგარეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა, რომელიც ბულგარეთის საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს: „ჩვენ ვაგებთ ბრძოლას ჩვენი ევროპული იდენტობისთვის“.

როგორც პოლიტიკური მიმომხილველი მომჩილ დოიჰჩევი წერს, 22 თებერვალს იყო „რაშისტული გადატრიალების მცდელობა რუსეთის საელჩოს დავალებით. ვისაც ეს არ ესმის, უიმედო პოლიტიკური იდიოტია“.

მართლაც, როგორც ადგილობრივი მიმომხილველები წერენ, ძალიან დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ახალი კოალიციური მთავრობის წევრებმა, რომლებმაც ფიცი დადეს იანვრის შუა რიცხვებში, დაიწყეს პირდაპირი ურთიერთობა ბულგარეთში რუსეთის საელჩოსთან. მაგალითად, ბულგარეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ბორისლავ გუცანოვმა, რომელიც წარმოადგენს ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას, 11 თებერვალს მონაწილეობა მიიღო რუსეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფორუმში თემაზე „ერთპოლუსიანი სამყაროდან მრავალპოლუსიან სამყაროზე გადასვლა. ევროპა - ბალკანეთი - ბულგარეთი“. შეხვედრის დროს, მინისტრმა განმარტა, რომ მან განიხილა საერთაშორისო ვითარება ბულგარეთში რუსეთის ელჩთან, ელეონორა მიტროფანოვასთან, რათა „კარგი დიალოგი შევინარჩუნოთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან, ისეთებთან, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა“. გუცანოვმა აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ ეს ფორუმი იმართება სოფიაში, „აშკარა ნიშანია ცვლილების ქარისა, რომელიც იგრძნობა მთელ მსოფლიოში“. მინისტრმა მოიწონა კრემლის თეზისი ერთპოლუსიანი სამყაროდან მრავალპოლუსიან სამყაროზე გადასვლის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, განსხვავებულ პერსპექტივას ქმნის.

ბორისლავ გუცანოვი
ბორისლავ გუცანოვი

„ახალი მთავრობა კრემლის სულისკვეთებითაა გაჟღენთილი - სოციალურ საკითხთა მინისტრი ბორისლავ გუცანოვი იყო ღონისძიების თვალსაჩინო მონაწილე, რომლის მიზანია ეგრეთ წოდებული სხვა თვალსაზრისის, როგორც ლეგიტიმურის, ავტორიტარიზმისა, როგორც დემოკრატიის ალტერნატივისა და აღმოსავლეთის, როგორც დასავლეთის რეალური ალტერნატივის წარმოჩენა“, - დაწერა „დემოკრატიული ბულგარეთის“ წევრმა, დეპუტატმა ივაილო მირჩევმა Facebook-ზე. „მთავრობის წევრის ყოფნა აგრესორი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით გამართულ ფორუმზე, მიუღებელი და სკანდალურია. საუბარია ქვეყანაზე, რომელმაც ბულგარეთი არამეგობრულ სახელმწიფოდ გამოაცხადა“, - ნათქვამია იმავე საკითხზე ბულგარეთის ატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

პრეზიდენტიც იქითკენაა

ამასობაში ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა დაადასტურა თავისი პროკრემლისტური პოლიტიკოსის რეპუტაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის ფარგლებშიც ილაპარაკა „კისინჯერის გეგმასა“ და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობაზე „სუვერენული, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის სანაცვლოდ“. რადევის თქმით, „უნდა იბრძოლონ იმისთვის, რაც რეალურად შესაძლებელია“.

რუმენ რადევი სისტემატურად აკრიტიკებს ნატოს. ანალიტიკოსების შეფასებით, მისი ბევრი კომენტარი კრემლის თეზისების გახმოვანებას ჰგავს. რადევმა ღიად დაგმო უკრაინის მცდელობები, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. ბულგარეთის პრეზიდენტის ეს პოზიცია, შესაძლოა, უფრო ფართო პოლიტიკური გეგმის ნაწილი იყოს: ბულგარეთში გრძელდება გარკვეული სახის სამოქალაქო მოძრაობის შექმნის მცდელობები, რომელთა საბოლოო მიზანი ბულგარეთის რუსეთის მსგავს საპრეზიდენტო მმართველობაზე გადაყვანაა.

ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებმა დაწვეს პროევროპელი პოლიტიკოსების - ვალდის დომბროვსკის, კრისტინ ლაგარდის და პასკალ დონაჰოს ფიტულები.
ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებმა დაწვეს პროევროპელი პოლიტიკოსების - ვალდის დომბროვსკის, კრისტინ ლაგარდის და პასკალ დონაჰოს ფიტულები.

პორტალმა narod.bg გაავრცელა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყო 2024 წლის ბოლოს БСП-ს (Българска социалистическа партия - „ბულგარეთის სოციალისტური პარტია“) ყოფილმა დეპუტატმა გიორგი იანკოვმა ისეთი ახალი პოლიტიკური სტრუქტურის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავდა საპრეზიდენტო რესპუბლიკის იდეის პოპულარიზაციას. როგორც ამ პუბლიკაციიდან ირკვევა, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა არის მოდელი, „რომელიც ბოლოს მოუღებს პოლიტიკურ არასტაბილურობას ბულგარეთში და უზრუნველყოფს სახელმწიფო მართვის ეფექტურობას“. ამ იდეის მხარდამჭერები მოითხოვენ რეფერენდუმს (2026 წლისთვის), რასაც უნდა მოჰყვეს დიდი ეროვნული კრების მოწვევა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. „ჩვენი წყაროები, - წერს narod.bg, - მიიჩნევენ, რომ მოძრაობა, რომელიც იქმნება, კიდევ ერთი პრორუსული სტრუქტურაა, რომელიც გამოაცხადებს, რომ ბულგარეთი გადარჩება, თუკი ევროკავშირიდან და ნატოდან გამოვა“. პორტალი ასევე მიუთითებს იანკოვის კავშირზე „საერთაშორისო საბანკო თაღლით სტოიან სტაიკოვთან, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობდა ვენაში, რუსული ფულის ერთ-ერთი გამთეთრებელია და მჭიდრო კავშირები აქვს ბულგარეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილ მაღალჩინოსნებთან“.

წარსულისა და აწმყოს მითები

ბულგარეთის ოსმალეთის მმართველობისგან განთავისუფლების ეროვნული დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად (რომელიც 3 მარტს აღინიშნება), ბულგარეთის დემოკრატიული ძალები კიდევ ერთხელ გამოდიან მოთხოვნით, გადაიხედოს ისტორიული მითები. დედაქალაქის სრედეცის რაიონის მერმა ტრაიჩო ტრაიკოვმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში მოითხოვა გრაფ იგნატიევის სახელობის ქუჩისათვის სახელის შეცვლა. გენერალი ნიკოლაი იგნატიევი მიიჩნევა რუსეთის ბალკანური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი ფიგურად, რომელიც „თავგამოდებით იცავდა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ინტერესებს და ყველანაირად ებრძოდა დამოუკიდებელი ბულგარეთის იდეასა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომლებშიც ის ხედავდა რუსეთის მთავარი პოლიტიკური მიზნის - ბოსფორისა და დარდანელის დაუფლების - ხელშემშლელ ფაქტორებს“.

მოძრაობა БОЕЦ-ის (България Обединена с Една Цел - „ბულგარეთი გაერთიანებული ერთი მიზნით“) აქტივისტებმა, რომლებიც ებრძვიან კორუფციას და იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლისთავთან დაკავშირებით, 100 ლიტრი წითელი საღებავი დაღვარეს რუსეთის საელჩოს წინ და გააპროტესტეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

"აღორძინების" საპროტესტო აქცია ბულგარეთის ეროვნული ბანკის წინ
"აღორძინების" საპროტესტო აქცია ბულგარეთის ეროვნული ბანკის წინ

მიმომხილველების თქმით, დაპირისპირება ბულგარეთის საზოგადოების ორ პოლუსს შორის სულ უფრო ღრმავდება. ამასთან, ნაციონალისტები უფრო რადიკალურად მოქმედებენ, ვიდრე ევროატლანტიკოსები: კოსტადინ კოსტადინოვი იმუქრება, რომ ჩახერგავს სახალხო კრების შესასვლელს, თუ „აღორძინების“ მოთხოვნა, უარი ითქვას ევროზე, არ იქნება შესმენილი.

ანალიტიკოსი ოგნიან მინჩევი პროფესიული ინტერესებით აკვირდება „აღორძინებისა" და სხვა პროკრემლისტური ძალების, ძირითადად, ახალგაზრდა მხარდამჭერების ფსიქოლოგიას. მინჩევის თქმით, ბულგარელების ახალმა თაობებმა რუსეთზე არაფერი იციან; მათ ასევე არ იციან რუსული ენა, არ აქვთ საბჭოთა ბულგარეთის „სიამტკბილობის“ ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგრამ ახლა მათი ძალისხმევით შესაძლებელია რუსეთმა დაიბრუნოს კონტროლი ბულგარეთზე, რადგან ეს ახალგაზრდები მთლიანად მოტყუებული არიან აღმოსავლეთსა და დასავლეთში ცხოვრების რეალობასთან დაკავშირებით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG