ხმების დაახლოებით 20 პროცენტით ეს პარტია მეორე ადგილზე გადის, რაც ოთხი წლის წინანდელი შედეგის თითქმის გაორმაგებაა.
თუმცა ევროკავშირის ცენტრისტების მიერ მართულ სახელმწიფოებსა და საკუთრივ გერმანიაში ეს შედეგი მაინც ერთგვარ შვებას მოიტანს, რადგან ის ემთხვევა წინასწარი გამოკითხვების მონაცემებს.
მიუხედავად ხმამაღალი მხარდაჭერისა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისგან, ილონ მასკისგან - ისევე, როგორც აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ულტრამემარჯვენე პოპულისტი ლიდერებისგან - AfD მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა და მისი მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მემარჯვენე-ცენტრისტულ CDU/CSU-ს.
კონსერვატიულ CDU/CSU-ს ხმების 30-მდე პროცენტი აქვს. ამ ძალის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მიანიშნა, რომ სურს მმართველ კოალიციაში ჰყავდეს მხოლოდ ერთი პარტნიორი - რითაც იგი თავიდან აიცილებს წინა კონფიგურაციას, სამი პარტიისგან შემდგარ მმართველობას, რომელიც შიდა კონფლიქტებით იყო მოცული და ბოლოს ვადამდელი არჩევნები მოიტანა შედეგად.
როგორც წინასწარი გამოკითხვები ცხადყოფდა, მთავრობის ფორმირების ამოცანა სწორედ მერცს დაეკისრება. და ერთი რამ, რაც ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ცხადია, არის ის, რომ AfD არ იქნება ამ მოლაპარაკებების ნაწილი, რადგან ეს ძალა გერმანიის სხვა მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს ათვალწუნებული ჰყავთ.
ახლა გასარკვევია, რამდენად შეძლებს მერცი ამ ამოცანის შესრულებას. საარჩევნო პროცენტები მოწმობს, რომ მას შესაძლოა მაინც მოუწიოს სულ მცირე ორ პარტიასთან გაერთიანება საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად. საამისოდ ორი მთავარი კანდიდატია - მემარცხენე-ცენტრისტული SPD, რომელსაც ამჟამინდელი კანცლერი, ოლაფ შოლცი უდგას სათავეში - და რომელმაც ხმების 16 პროცენტის მოპოვებით თითქმის 10 პროცენტი დაკარგა წინა არჩევნებთან შედარებით; და მწვანეები, რომლებიც 14 პროცენტით მეოთხე ადგილზე გადიან.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, გადალახავენ თუ არა ხუთპროცენტიან ბარიერს ლიბერალური ორიენტაციის FDP და სარა ვაგენკნეხტის ულტრამემარცხენე პარტია BSW. თუ ამას ეს ორივე პარტია შეძლებს, მერცს, სავარაუდოდ, ერთზე მეტი კოალიციური პარტნიორის ყოლა მოუწევს.
უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება ახალი მთავრობის ფორმირებას. მერცი ამბობს, რომ სურს ეს პროცესი, ყველაზე გვიან, აპრილის მეორე ნახევრისთვის დასრულდეს.
ეს რაც მალე მოხდება, მით უკეთესი, რადგან ახალ მთავრობას წინ ბევრი რთული ამოცანა ელის. გერმანიის ეკონომიკას მიყოლებით ჰქონდა რეცესიის ორი წელიწადი, და ბევრი ამომრჩეველი იმიგრაციის კანონების გამკაცრებას მოელის. ვითარება გაამწვავა რადიკალურ ისლამთან დაკავშირებული იმიგრანტების მხრიდან მოწყობილმა რამდენიმე სისხლიანმა თავდასხმამ, რომლებიც ბოლო თვეებში მედიის მთავარი თემები იყო.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი და მყისიერი გამოწვევა იქნება ურთიერთობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, და იმის უზრუნველყოფა, რომ ევროპას როლი ჰქონდეს აშშ-სა და რუსეთს შორის ნებისმიერ პოტენციურ შეთანხმებაში უკრაინის თაობაზე. მერცს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გარკვეული საერთო მახასიათებლები აქვს - ორივე მათგანი ბიზნესიდან მოდის და, მაგალითად, ორივეს უყვარს გოლფის თამაში. მაგრამ იქნება კი ეს საკმარისი?
ვაჭრობის შესახებ ტრანსატლანტიკური კონფლიქტი, რომელიც დიდი ალბათობით გაჩნდება, დარტყმას მიაყენებს გერმანიის ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას. ტრამპი აცხადებს, რომ მალე შემოიღებს გადასახადებს გერმანიის წარმოებულ მანქანებზე. ამასთან, გერმანიის პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, CDU/CSU-ის ჩათვლით, აცხადებს, რომ სურთ გააგრძელონ უკრაინის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მხარდაჭერა.
გერმანიის ახალი კანცლერი ბევრი გამოწვევის წინაშე დადგება, ხოლო ევროპას ექნება მოლოდინი, რომ გერმანია ბევრ საკითხზე იკისრებს ლიდერის პოზიციას. მაგალითად, ევროპის სხვა სახელმწიფოები ყურადღებით მიადევნებენ თვალს საკუთრივ გერმანიის ქმედებებს - რამდენად ისურვებს ის ჯარის გაგზავნას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმების დასაცავად. ამავე დროს, ევროპის ქვეყნები დააკვირდებიან, დათმობს თუ არა გერმანია თავის ტრადიციულ წინააღმდეგობას სესხების აღების მიმართ, რის შედეგადაც ევროკავშირის ობლიგაციების გაცემა მთელი ბლოკის მხრიდან გახდება შესაძლებელი. ხოლო ეს, თავის მხრივ, კონტინენტს შესაძლებლობას მისცემს, სწრაფად გაზარდოს თავდაცვაზე გაღებული ხარჯები.
ფორუმი