ტრამპმა ეს განცხადება თეთრ სახლში, ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, როდესაც მას ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.
„მე კონკრეტულად დავუსვი ეს შეკითხვა [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს]. მას ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს“, - თქვა ტრამპმა 24 თებერვალს.
შემდეგ ამასთან დაკავშირებით კრემლის სპიკერ დიმიტრი პესკოვსაც ჰკითხეს, რომელიც 25 თებერვალს მოსკოვში რეგულარულ ბრიფინგს ატარებდა.
მისი პასუხი? მან თქვა, რომ „არაფერია დასამატებელი“ ადრე გაკეთებულ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ უკრაინაში ნატოს ქვეყნებიდან სამშვიდობოების განლაგება მოსკოვისთვის მიუღებელია.
"ამ საკითხთან დაკავშირებით არის პოზიცია, რომელიც გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა [სერგეი] ლავროვმა. მე დასამატებელი არაფერი მაქვს", - განაცხადა პესკოვმა.
ერთი შეხედვით ეს განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ტრამპის კომენტარებს, თუმცა ის მას პირდაპირაც არ ეწინააღმდეგება. მისია, რომელსაც ნატოს ევროპული ქვეყნები ხელმძღვანელობენ იგივე არ გახლავთ, რაც სამშვიდობო ძალების საერთაშორისო კონტინგენტი მთელი მსოფლიოდან, რომელიც ევროპულ ძალებსაც მოიცავს.
ყველა მხარემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა, და პესკოვი შესაძლოა, შეგნებულად ცდილობდა მისი პასუხი ბუნდოვანი ყოფილიყო. ასევე შესაძლებელია, რომ კრემლი ამ გადაწყვეტილებას სამომავლოდ ინახავს, სურს ეს წარმოაჩინოს, როგორც დათმობა, რომლის სანაცვლოდაც რაც შეიძლება მაღალ ფასს მოითხოვს.
ნებისმიერ შემთხვევაში, იდეა, რომელსაც წინსვლა თითქოს არ მოჰყოლია, როდესაც ის მაკრონმა პირველად წამოაყენა ერთი წლის წინ, ახლა სერიოზულად განიხილება.
სამხედრო მოსაზრებები
ნიკუ პოპესკუ, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს წარმომადგენელი განასხვავებს სამშვიდობო ძალებსა და ე.წ. „დარწმუნების ძალას“, რომელიც შექმნილია რათა იბრძოლოს, თუ უკრაინას ხელახლა თავს დაესხმებიან.
„ტრადიციული სამშვიდობო მისიების პრობლემა ისაა, რომ ისინი ემორჩილებიან გაეროს გადაწყვეტილებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ვეტო დაადოს მას ან შეწყვიტოს მისია ნებისმიერ დროს“, განუცხადა რადიო თავისუფლებას გასულ თვეში პოპესკუმ, 2021-2024 წლებში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჯეიმი ში, რომელიც 2018 წელს პენსიაზე გასვლამდე ნატოს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მსახურობდა, ამას ეთანხმება და კიდევ ორ საკითხს აყენებს.
„ვიყენებთ თუ არა ნატოს ძალებს, რომლებიც ამჟამად იცავენ ნატოს საზღვრებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში? პოლონეთი ამის წინააღმდეგია. თუ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ უკრაინის არმიის, როგორც მთავარი შემაკავებელი ძალის შექმნას და ამაში ვხარჯავთ ფულს და არა ევროპულ ძალებზე (როგორც დანია ითხოვს)?”
ალბათ, მეტს შევიტყობთ, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შეხვდება ტრამპს ვაშინგტონში 26 თებერვალს. სტარმერმა თქვა, რომ ბრიტანეთი მზადაა ადგილზე თავისი ჯარისკაცები გაგზავნოს აშშ-ის მხარდაჭერით.
„ევროპელებს ემახსოვრებათ 1990-იანი წლების დასაწყისის ბოსნიის ფიასკო, როდესაც ევროპელები ადგილზე იყვნენ და მათ მუდმივად აკრიტიკებდნენ ამერიკელები, რომლებიც უსაფრთხოდ იყვნენ ჰაერში“, - თქვა შიმ, რომელიც ცნობილი გახდა როგორც ნატოს სპიკერი 1990-იანი წლების ბალკანეთის ომებში.
სტარმერის განცხადებები ჯარების გაგზავნის მზადყოფნის შესახებ მედიამ ფართოდ გააშუქა, მაგრამ პარალელურად წერდნენ იმასაც, რომ ბრიტანეთის სამხედრო შესაძლებლობები შეზღუდულია. მთავარი ოპონენტია რიჩარდ დანატი, ბრიტანული არმიის ყოფილი მეთაური, რომლის აზრითაც არმიას უამრავი პრობლემა გააჩნია და მისიას ვერ უხელმძღვანელებს.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალები აშშ-ზე 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ ძირითადად კონცენტრირებულია ანტიტერორისტულ ოპერაციებზე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მას არაერთხელ შეუმცირეს ბიუჯეტი. სექტემბრის საპარლამენტო მოხსენებაში სახელწოდებით „უკრაინა: გამოღვიძების ზარი“ ნათქვამია, რომ ბრიტანეთი „არასაკმარისადაა მზად“ რუსეთის საფრთხის დასაძლევად.
ივლისში, თავად სტარმერმაც თქვა, რომ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები "გამოცარიელებულია".
პოლიტიკური ფაქტორები
ევროპის კიდევ ერთი დიდი სამხედრო ძალა საფრანგეთია.
ფრანგული არმია უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე ბრიტანეთისა, თუმცა ისიც გადატვირთულია მრავალწლიანი საბრძოლო განლაგებით აფრიკაში. ფრანგმა ექსპერტებმა ეჭვი გამოთქვეს, შეუძლია თუ არა მას უკრაინის მსგავს მაღალი ინტენსივობის კონფლიქტთან გამკლავება.
„ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ექვსი შორი დისტანციის სარაკეტო გამშვები, ჩვენ არ გვაქვს დრონების წინააღმდეგ ბრძოლის რეალური საშუალება“, - აღნიშნა ნოემბერში საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლეო პერია პენიემ.
შვედეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან გარკვეულ პირობებში თავიანთი ჯარისკაცები ადგილზე განათავსონ. პოლონეთი, რომელსაც დიდი არმია ჰყავს, ამაზე უარს აცხადებს.
გერმანია ამჟამად არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას განიცდის. არც მოქმედი კანცლერი, ოლაფ შოლცი და არც მისი სავარაუდო შემცვლელი, არჩევნებში გამარჯვებული ფრიდრიხ მერცი, დიდ ენთუზიაზმს არ იჩენდნენ გერმანული ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით. თუმცა, ამავე დროს, ეს არც მათ არ გამოირიცხავს. ორივეს მხრიდან გაისმოდა მინიშნებები, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
კიდევ ერთხელ, ჯერ ადრეა.
ევროპის საკვანძო კომპონენტი შესაძლოა სკანდინავიურმა და ბალტიის ქვეყნებმა შეადგინონ, რომლებიც ხმამაღლა უჭერენ მხარს უკრაინას.
ფინეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, დანიამ, ესტონეთმა, ისლანდიამ, ნორვეგიამ და შვედეთმა 24 თებერვალს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, სადაც პირობა დადეს, რომ გააგრძელებდნენ და გააძლიერებდნენ სამხედრო მხარდაჭერას.
ამ განცხადებაში არ ყოფილა ნახსენები ჯარების გაგზავნა, თუმცა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიანიშნა, რომ ამას არ გამორიცხავს.
მნიშვნელოვანია პოლიტიკური მიზანშეწონილობაც. დასავლეთ ევროპაში ჩატარებული გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა მხარდაჭერის დაბალი დონით სარგებლობს.
ასეთი კონტინგენტის გაგზავნის, თუნდაც არასაბრძოლო როლში, თან უზარმაზარი რისკები ახლავს. უნდა განისაზღვროს, როგორ იქცევა ჯარი, თუ, მაგალითად მას რუსეთი გაუხსნის ცეცხლს. ასევე, თუ დაპირისპირების დროს ევროპელი ჯარისკაცები დაიჭრებიან ან დაიღუპებიან, ამას შეიძლება უმძიმესი პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.
ფორუმი