საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც თებერვლის ბოლოს უკრაინაში „რუსეთთან საბრძოლველად“ დასავლეთის სახმელეთო ჯარის გაგზავნას ლობირებდა, ამჟამად, როგორც ჩანს, პოზიცია შეცვალა და უპირატესობას უკრაინაში ევროპელ მშვიდობის დამცველთა განთავსებას ანიჭებს.
ფრანგული და პოლონური გამოცემების თანახმად, სწორედ ევროპელი მშვიდობის დამცველების უკრაინაში შესაძლო გაგზავნის საკითხზე უნდა ემსჯელათ 12 დეკემბერს ვარშავაში, ემანუელ მაკრონსა და ანჯეი დუდას.
მაგრამ პოლონეთში ვიზიტმა ცხადყო, რომ ამ იდეის გარშემო, ემანუელ მაკრონს ძალიან გაუჭირდება თანამოაზრეთა მოძებნა მოკავშირეთა შორის. 12 დეკემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უარყო ხმები პოლონური სამხედრო ძალის უკრაინაში გაგზავნის შესახებ და განაცხადა, რომ ვარშავას რაიმე გეგმა არც ევროპულ სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით აქვს.
"ეს მხოლოდ მაკრონის ამბიციაა"
უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ ემანუელ მაკრონისეული იდეის თაობაზე ინფორმაცია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, დასავლურმა მედიამ გაავრცელა.
პოლონური Rzeczpospolita-ს ინფორმაციით, ვარშავაში ჩასულ მაკრონს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად უნდა განეხილა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისგან შემდგარი 40 000-კაციანი საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა.
ლაპარაკია, დაახლოებით, 4 ბრიგადაზე, ხოლო ერთ-ერთის ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, პოლონეთი იკისრებდა.
ევროკავშირის პოტენციური სამშვიდობო მისია უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ განლაგდება და ცეცხლის შეწყვეტას და შესაძლო დარღვევებს დააკვირდება.
პოლონეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემა. Politico-ს უთხრა, რომ ვარშავა გაოცებული იყო მაკრონის წინადადებით. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, სამშვიდობო მისიების შექმნის საკითხები გაეროსა და ეუთოს ფარგლებში უნდა გადაწყდეს და არა ორი ქვეყნის პრეზიდენტების განხილვის დროს.
თანაც იმ დროს, როდესაც უკრაინას და რუსეთს ჯერ მოლაპარაკებაც კი არ აქვთ დაწყებული კონფლიქტის გაყინვასა და ცეცხლის შეწყვეტაზე, ემანუელ მაკრონის სამშვიდობო ინიციატივას წინააღმდეგობრივს უწოდებენ უკრაინაში.
„ჯერჯერობით ევროპელი მშვიდობის დამცველების გაგზავნა ეს მხოლოდ მაკრონის ამბიციაა და ის მაკრონს ეხმარება საფრანგეთში შექმნილი შიდაპოლიტიკური კრიზისის ვითარებაში“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა. „მეორეც, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს თავისი მოქალაქეების გაგზავნა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც თანამედროვე ისტორიის უდიდესი ომი მიმდინარეობს. და არის კიდევ ერთი გამოწვევა - ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროების გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე, ეს არის ძალიან დიდი გამღიზიანებელი რუსეთისთვის. და ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს“.
მანამდე მაკრონმა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის იდეა გამოთქვა. Rzeczpospolita ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, დიდი ალბათობით, სამშვიდობო მისიის იდეა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გასულ შაბათს განიხილა პარიზში.
ზელენსკი მაკრონს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 7 დეკემბერს შეხვდა პარიზში. მაკრონის წინადადების შესახებ მან ორშაბათს ახსენა კიევში გერმანიის ოპოზიციური ბლოკის, CDU/CSU-ს ლიდერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე.
„ჩემი აზრით, ევროპელი პოლიტიკოსები ახლა ცდილობენ მოძებნონ ფორმატი, რომელშიც ისინი რეაგირებას მოახდენენ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჩამოყალიბდება. მაგრამ მათი ეს მცდელობა არცთუ ისე წარმატებულია“, - ამბობს ევჰენ მაგდა
ომის შესაჩერებლად საჭიროა, რომ „არ მივატოვოთ უკრაინა“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კიევი მზად არის, „დაფიქრდეს და იმუშაოს“ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიების შესახებ რუსეთთან კონფლიქტის „გაყინვის“ შემთხვევაში. ზელენსკის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მაკრონი ემხრობა ქვეყანაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსებას უსაფრთხოების გარანტის სახით, სანამ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება.
უფრო ადრე, 9 დეკემბერს, კიევში გერმანიის ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ნატოს წევრობას, არამედ ასევე, საბოლოო ჯამში, ევროკავშირში შესვლას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალი აგრესია მოსკოვის მხრიდან.
„ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო კონტინგენტი შეიძლება უკრაინაში დარჩეს მანამდე, სანამ ის ნატოს წევრი გახდება“, - თქვა მან იმის ნიშნად, რომ კიევი სულ უფრო მეტად არის ღია რუსეთთან კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისთვის.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინის ოფიციალური მიწვევა არის ვოლოდიმირ ზელენსკის ეგრეთ წოდებული გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტი. იმისათვის, რომ ასეთი მიწვევა გაიცეს, საჭიროა ნატოს 32-ვე ქვეყნის თანხმობა. კომენტატორებმა დიდი ეჭვი გამოთქვეს, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია უახლოეს მომავალში. ისინი მიუთითებენ ისეთი ქვეყნების პოზიციაზე, როგორიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია.
პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და უკრაინისათვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიის მიცემას. მაგრამ, როგორც ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ 12 დეკემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, უკრაინაში ამა თუ იმ ევროპული ქვეყნის ჯარისკაცების გაგზავნის საკითხს ვარშავა მხოლოდ ზავის დადების, მშვიდობის დამყარებისა და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ განიხილავს.
„პოლონეთის მოქმედების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ვარშავაში და მხოლოდ ვარშავაში. ჯერჯერობით ჩვენ ასეთ მოქმედებას არ ვგეგმავთ. ჩვენ ვიმუშავებთ საფრანგეთთან, და არა მხოლოდ საფრანგეთთან, ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოს გახდის ევროპას და ასევე დაიცავს უკრაინას კონფლიქტის განახლებისგან, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება ზავისა და, შესაძლოა, მშვიდობის შესახებ“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
ემანუელ მაკრონს ვარშავაში კონკრეტულად არაფერი უთქვამს უკრაინისათვის ევროპული სამშვიდობო მისიის შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე კვლავ გაიმეორა, რომ „უკრაინის მყარი უსაფრთხოება - ევროპის მყარ უსაფრთხოებას ნიშნავს“.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კიევი უსაფრთხოების უფრო მყარ ვალდებულებებს ითხოვს თავისი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან.
უკანასკნელ თვეებში რუსეთმა თანდათანობით წარმატებებს მიაღწია ბრძოლის ველზე და ამჟამად უკრაინის ტერიტორიის ერთ მეხუთედს აკონტროლებს ომში, რომელიც ევროპის უდიდესი სამხედრო კონფლიქტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე თქვა, რომ მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საფუძველი შეიძლება იყოს წინასწარი შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ომის საწყის ეტაპზე მიაღწიეს სტამბოლში.
მაგრამ მნიშვნელოვან წინაღობად რჩება ის, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება ნატოში უკრაინის გაწევრიანებას, ვინაიდან რუსეთი ამას თავისი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ მუქარად განიხილავს.
ნატოში უკრაინის მიღების თაობაზე ზელენსკის მოწოდება დაემთხვა საერთაშორისო დისკუსიას ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკის თაობაზე, რომელიც ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს, თუკი ისინი გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
ის ასევე ემთხვევა თეთრ სახლში ხელისუფლების ცვლილებას.
დონალდ ტრამპმა, რომელიც 20 იანვარს დაიკავებს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას, გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია იმისთვის, რომ ომის განმავლობაში მან უკრაინისთვის მილიარდობით დოლარი გაიღო.
ტრამპის თქმით, მას შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 24 საათში დაასრულოს ომი. ეს განცხადება ისე იქნა გაგებული, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ჯარებს აქვთ ოკუპირებული.
მაგრამ 12 დეკემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან „ომის შეჩერების შესახებ შეთანხმების მიღწევის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ის, რომ არ მივატოვოთ უკრაინა“.
ტრამპის ეს სიტყვები მოჰყავს ჟურნალ „ტაიმს“, რომელმაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი წლის ადამიანად დაასახელა.
ფორუმი