Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ეხმარებოდა ჩინეთი ასადს და რას ნიშნავს მისი დაცემა პეკინისთვის


ბაშარ ასადი და სი ძინპინი პეკინში, 2023 წელი
ბაშარ ასადი და სი ძინპინი პეკინში, 2023 წელი

ბაშარ ასადის ხელისუფლების უცბად დამხობას დიდი ზეგავლენა აქვს ახლო აღმოსავლეთზე: ჯერ არაა ცხადი, ვინ გახდება ამ ქვეყნის მმართველი, სირიელი ლტოლვილები ყოველი მხრიდან დაიძრნენ სამშობლოსკენ, ისრაელმა ამ ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყო და ღრმად შევიდა მის ტერიტორიაზე...

მაგრამ ამ კონტექსტში ჩვენი თემა ჩინეთია: რას ნიშნავს სირიის ეს მეტამორფოზი ასადის შორეული მოკავშირისთვის?

ჩინეთი ასადს მხარს უჭერდა 2011 წლის შემდეგ, როცა იქ სამოქალაქო ომი დაიწყო და ამას აკეთებდა უფრო რუსეთსა და ირანთან, პრეზიდენტ ბაშარ ასადის ახლო მოკავშირეებთან ერთად.

გაეროში, როცა ასადის მიმართ კრიტიკულ დოკუმენტებს იღებდნენ ხოლმე, ჩინეთი მათ დაბლოკვაში რუსეთს ედგა მხარში. სულ, როცა ასადს დაუჭირა მხარი, პეკინმა რვაჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება, რაც ნახევარია იმ ვეტოების რიცხვისა, რომლებიც ჩინეთს გამოუყენებია.

სირიაში ყოფნა ჩინეთმა კონფლიქტის პერიოდში შეამცირა, მაგრამ ასადთან ურთიერთობა გააფართოვა და 2023 წელს ახლა უკვე თავისი სამშობლოდან განდევნილი პრეზიდენტი პეკინში ჩავიდა სახელმწიფო ვიზიტად.

სირიაში ჩინეთი ინვესტიციების მხრივ საკმაოდ ძუნწი იყო და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივაში მიწვევის დაპირების და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გარდა 2010 წლის მერე ჩინეთის ფირმებს მსხვილი კონტრაქტები არ გაუფორმებიათ, არც ინვესტიციები შესულა ამ ქვეყანაში.

მაშ, რატომ უჭერდა ჩინეთი ასადს მხარს, რატომ ვამბობთ ასე?

„არაბული გაზაფხულის“ გამოცდა: ჩინეთისთვის უმნიშვნელოვანესი თემა იყო სიმბოლურობა და სტაბილურობის ილუზია, რომელსაც ასადი წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ მას ჯერ სახალხო ამბოხება ემუქრებოდა და შემდეგ კი სამოქალაქო ომი დაიწყო.

2011 წელს არაბულ სამყაროში რევოლუციური განწყობის შექმნამ ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში განგაში გამოიწვია.

ჩინეთში ამ დროს გავრცელდა ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე კორუფციით უკმაყოფილება და პარტიას ეშინოდა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამბოხს შეიძლებოდა ჩინელები შთაეგონებინა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ტიბეტსა და სინიანში დაძაბულობას.

ამას დაერთო სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“, ექსტრემისტული გაერთიანების გააქტიურება, რასაც მის რიგებში ათასობით უიღურის, ჩინეთის მუსლიმი მოქალაქეების ჩარიცხვა მოჰყვა. ისინი სირიაში ჩადიოდნენ და ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძოდნენ. უიღური მოხალისეები ამბობდნენ, რომ სირიაში ისინი იარაღის ხმარების სწავლას და შემდეგ ჩინეთში დაბრუნებას აპირებდნენ.

ბრძოლაში გამობრძმედილი უიღურების ჩინეთში დაბრუნების შიში იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩინეთის მმართველმა, სი ძინპინმა პარტიის ხელმძღვანელობას მოუწოდა, დაეწყო რეპრესიები ამ უმცირესობის წინააღმდეგ და მათთვის შეექმნათ ბანაკების სისტემა. ამის თაობაზე ინფორმაციას შეიცავდა გამოჟონილი დოკუმენტები, რომლებიც New York Times-მა მოიპოვა.

ახლა აშკარაა, რომ ამ გათვლამ ჩინეთისთვის არ გაამართლა.

ასადის დაცემა ასევე ირეკლავს პეკინის ორი პარტნიორის, რუსეთისა და ირანის დასუსტებას, რადგან ისინი ღაზაში, ლიბანში, უკრაინაში ომებით არიან დაკავებული, რაც ასევე შეშფოთების მიზეზია ჩინეთისთვის.

როცა მსოფლიოს მედია ასადის განდევნით მოზეიმე სირიელებს უჩვენებდა, ჩინეთის მედია ამ დროს დამასკის კადრებს გადასცემდა დაცარიელებული ქუჩებით.

და კიდევ სამი ამბავი ევრაზიიდან:

პირველი ტაივანისთვის პეკინის მიერ კვლავ ძალის ჩვენებას ეხება. პეკინმა განაცხადა, რომ მიიღებს „აუცილებელ ზომებს“ სუვერენიტეტის დასაცავად და არ შეეგუება ქვეყანაში „სეპარატისტულ“ მოქმედებებს, და ამ დროს ტაივანი იტყობინებოდა კუნძულის გარშემო ჩინეთის თვითმფრინავების და ხომალდების მომრავლებას, რაც არეალში წინასწარ გამოუცხადებელი სამხედრო მანევრების გამართვას ეხებოდა ტაივანის ტერიტორიული საზღვრების დარღვევით. ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად თვლის და კუნძული-სახელმწიფოს პრეზიდენტი ლაი ჩინ-ტე პეკინის თვალში სეპარატისტია, რომელიც აშშ-ის ტერიტორიებს, ჰავაის და გუამს ესტუმრა, რაზეც რეაგირება უნდა იყოს მანევრების გამართვა კუნძულის გარშემო.

კავშირები კალიფორნიაში

ჩინეთის კომპანიამ, რომელიც California electronics-ის დისტრიბუტორია, სანქციების ძალით აკრძალული ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიური ელემენტების ასობით პარტია გააგზავნა რუსეთში უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამ პროდუქტის მიმღებები რუსეთში იყვნენ რუსეთის არმიასთან დაკავშირებული ფირმები, ამტკიცებენ ჩვენი კოლეგები, მაიკ ეკელი და მარკ კრუტოვი.

უნდა ვიცოდეთ ის, რაც ჩანს ამ ცნობებიდან: დასავლეთისთვის ერთობ რთულია გადაუკეტოს რუსეთს წვდომა დასავლურ ტექნოლოგიებზე, რათა კრემლის არმიამ ვერ გამოიყენოს ისინი უკრაინის წინააღმდეგ საჭირო იარაღის წარმოებისას.

Yangzhou Yangjie Electronic Technology Company Limited-ის მიერ წარმოებული სულ მცირე ერთი ელემენტი იქნა აღმოჩენილი რუსეთის იარაღის სამიზნე სისტემაში, რომელიც უკრაინაში ბრძოლის ველზე იპოვეს.

ჩინეთის კომპანიამ ამ პროდუქციის, სულ მცირე, 200 პარტია გააგზავნა რუსეთში 2022 წლის შემდეგ. ინფორმაცია ეყრდნობა საბაჟო დოკუმენტებს, რომლებიც მოიპოვა C4ADS-მ, ვაშინგტონში მოქმედმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, რომელიც მონაცემთა ანალიზით და გლობალური კვლევითაა დაკავებული. საქმე ეხება ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებსაც აშშ-მა „განსაკუთრებით პრიორიტეტულის“ კატეგორია მიანიჭა იმის გამო, რომ შესაძლებელია რუსეთის იარაღის სისტემებში მათი გამოყენება.

ჩინეთი და სერბეთი ექსტრადიციას და ახალ თანამშრომლობას გეგმავენ

რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის თანამშრომლის, მილა მანოილოვიჩის მიერ მიღებული მონაცემების თანახმად, სერბეთმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩინეთის ხუთი მოქალაქის ექსტრადიცია მოახდინა.

რას ნიშნავს ეს: მონაცემები ცხადყოფს, რომ ექსტრადიციები უკვე ხორციელდება. ეს ასევე ნიშნავს, რომ თანამშრომლობა გაფართოვდება, რადგან სერბეთის იუსტიციის სამინისტრო ემზადება პარლამენტისთვის ჩინეთთან ექსტრადიციის კანონის შესახებ კანონპროექტის წარსადგენად, რომელიც, მიღების შემთხვევაში, გააფართოებს პეკინსა და ბელგრადს შორის თანამშრომლობის ფარგლებს.

ექსტრადიციის გარშემო მორიგებას, რომელიც დაარეგულირებს დანაშაულში ბრალდებული მოქალაქეების ორმხრივ ექსტრადიციას, ექსპერტები განიხილავენ, როგორც პასუხს სერბეთში ტურისტებისა და ჩინეთის მოქალაქეების შედინებაზე, რაც დაკავშირებულია მსხვილ ჩინურ ინვესტიციებსა და სესხებთან იმ პროექტებისთვის, რომლებიც „სარტყლისა და გზის” მეშვეობით ხორციელდება.

სერბეთის დასაქმების ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლიდან, როცა მმართველმა „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ დაიწყო პეკინთან ურთიერთობების განმტკიცება და „სარტყლისა და გზის” პროექტების გაფართოება, ჩინეთის 45 ათასზე მეტ მოქალაქეზე გაიცა სამუშაო ნებართვა.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას განუცხადა,რომ ამჟამად ქვეყანაში ჩინეთის 3433 მოქალაქეა დარეგისტრირებული.

და კიდევ ერთი რამ, რაც გასათვალისწინებელია:

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული სანქციების პაკეტის პროექტის თანახმად, ევროკავშირი პირველად გამოვიდა ჩინური კომპანიებისა და კერძო პირებისთვის სავიზო აკრძალვებისა და აქტივების გაყინვის წინადადებით იმის გამო, რომ მათ შეთანხმებები აქვთ რუსეთის ფირმებთან, რომლებიც დაკავშირებული არიან მოსკოვის საომარ მოქმედებებთან უკრაინაში.

სანქციების პაკეტის პროექტი ევროკავშირის ქვეყნებს პირველად 22 ნოემბერს წარუდგინეს და იმისთვის, რომ ამოქმედდეს, წლის ბოლომდე 27-ვე ქვეყნის მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG