Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კარგავს სირიას?


ვლადიმირ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი
ვლადიმირ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი

შეიარაღებული ისლამისტური ჯგუფების ელვისებური შეტევა ჩრდილოეთ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიის წინააღმდეგ მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც დამასკისა და მისი მოკავშირეებისთვის (თეირანი, მოსკოვი), ასევე მთელი მსოფლიოსთვის.

როგორც ირკვევა, იერიში, რომელსაც სათავეში უდგას შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მზადდებოდა. ისლამისტმა ბოევიკებმა იერიში მიიტანეს ზუსტად იმ დროს, როცა არა მხოლოდ ასადი, არამედ მისი მოკავშირეებიც - რუსეთი, ირანი და მის მიერ კონტროლირებადი „ჰეზბოლა“, დასუსტებული და სხვა საკითხებზე კონცენტრირებული არიან, როდესაც თვალშისაცემად შემცირებულია დამასკის სამხედრო, პოლიტიკური და მატერიალური მხარდაჭერა.

რადიკალურმა ანტიასადურმა ძალებმა, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, თურქეთის საზღვართან, ენერგიულად და წარმატებით აიღეს ინიციატივა საკუთარ ხელში. ის, რომ აჯანყებულებმა რამდენიმე დღეში შეძლეს ასადის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკავება, აშკარას ხდის დამასკის პარტნიორების - მოსკოვისა და თეირანის - ამჟამინდელ სისუსტეს. არადა, მიმდინარე მრავალწლიან ომში სწორედ ისინი უზრუნველყოფდნენ ასადის რეჟიმის სტაბილურ ბრძოლისუნარიანობას.

რუსეთი სირიაში - უწინ და ახლა

ბოლო წლებში განვითარებულმა გლობალურმა მოვლენებმა შეამცირა სირიის ომის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, თუმცა ამ მასშტაბურ კონფლიქტში დღემდე ჩართულია რამდენიმე უცხო სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი. მეტიც, ბაშარ ალ-ასადი, სირიის ამჟამინდელი და 2000 წლის 17 ივლისიდან უცვლელი პრეზიდენტი, ვაჟი წინა პრეზიდენტის ჰაფეზ ალ-ასადისა, რომელიც ქვეყანას მართავდა 1971-2000 წლებში, ძალაუფლებას ინარჩუნებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისა და ირანის სამხედრო მხარდაჭერით. სანამ რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა, ყველაფერი ნელა, მაგრამ გარდაუვალად მიდიოდა იქითკენ, რომ ბაშარ ალ-ასადი ადრე თუ გვიან ძალაუფლებას დაკარგავდა.

უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე კრემლი, ასადის რეჟიმისათვის გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარებით, წარმატებით ინარჩუნებდა რეგიონზე სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას. დახმარების პასუხად, მადლიერი ბაშარ ალ-ასადი სრულ მხარდაჭერას უცხადებდა მოსკოვს მის ყველა ქმედებაში. სწორედ მას ეკუთვნის რუსეთ-უკრაინის ომის კრემლისთვის სასურველი, მაამებლური ფორმულირება: „პლანეტარული მასშტაბის ბრძოლა ახალი და ძველი ნაცისტების წინააღმდეგ“.

როგორც პოლიტოლოგმა და აღმოსავლეთმცოდნემ ნიკიტა სმაგინმა შენიშნა, რუსეთისთვის ვითარება რადიკალურად შეიცვალა და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ:

„ეს არის მთავარი ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, მათ შორის კრემლის პოზიციებზე ახლო აღმოსავლეთში. კრემლის პოზიციები აქ მეტად მოწყვლადი აღმოჩნდა. შესაბამისად, ფიგურალურად რომ ვთქვათ, სირია აღარ არის უსაფრთხო პლაცდარმი და მუდმივმოქმედი ბაზა რუსული ჯარებისთვის, რისი დიდი იმედიც ჰქონდა მოსკოვს“.

ბაშარ ალ-ასადი და ვლადიმირ პუტინი. 2021 წ.
ბაშარ ალ-ასადი და ვლადიმირ პუტინი. 2021 წ.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ სირია რუსეთისთვის იქცა იმგვარ „აქტივად“, რომლის მიტოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება (პუტინის თვალსაზრისით), ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ მთელი მისი ძალისხმევა მხოლოდ და მხოლოდ „მთავარ ფრონტზე“, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე იყოს კონცენტრირებული. როგორც განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, კრემლს არაფერი გამოუვიდა. ასადის რეჟიმით მოსახლეობის უკმაყოფილების ხარისხი გამუდმებით იზრდებოდა. ასევე მძაფრდებოდა დაპირისპირება სირიაში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებთან, რომლებზეც კონტროლი დამასკმა ირანისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დახმარების წყალობით დაიბრუნა.

ასადის დაუდევრობა

სირიის ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ მიზეზები, რისთვისაც დაიწყო ეს ომი, არსად გამქრალა, ისევე როგორც არ გამქრალან ის ძალები და ორგანიზაციები, რომლებსაც ასევე ჰყავთ გარე მოკავშირეები და ებრძვიან ოფიციალურ დამასკს და მის ირანელ და რუს მოკავშირეებს.

სირიაში ფრონტის ხაზები ადრე მხოლოდ დროებით იყო გაყინული, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია ქვეყნის დაშლა, სულ მცირე, სამ ტერიტორიად. 2019-2020 წლებში, როცა ომის ხანძარი განელდა, დამასკის (ასადის) კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა სირიის 60%. დაახლოებით 30%, ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთში, მოექცა ქურთების „ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის“ კონტროლის ქვეშ, რომელიც სარგებლობს ვაშინგტონის მფარველობით და, რომელიც იცავს სირიელ ქურთებს ანკარისგან. დანარჩენი 10% - ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე სუნიტური, რადიკალ-ისლამისტური ანკლავია, რომელიც ერთგვარ თურქულ პროტექტორატად იქცა.

ბაშარ ალ-ასადმა უცნაური დაუდევრობა გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ესმოდა, რომ მისი მთავარი მოკავშირეები ჩართული აღმოჩნდნენ სხვა ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში, მაინც იმედოვნებდა, რომ მის პოზიციებს საფრთხე არ ემუქრებოდა. სირიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ჯარების დიდი ნაწილი გაიყვანა სახიფათო ჩრდილო-დასავლეთიდან და დატოვა მცირე ნაწილი საკვანძო საგუშაგოებსა და ბაზებზე.

მეამბოხეები ალეპოს ცენტრში. სირია, 2024 წლის 30 ნოემბერი
მეამბოხეები ალეპოს ცენტრში. სირია, 2024 წლის 30 ნოემბერი

ასადის რეჟიმმა ასევე გააგრძელა ჯარში ახალგაზრდა სირიელების იძულებით გაწვევის პრაქტიკა, რამაც არ შეუწყო ხელი ბრძოლისუნარიანი დანაყოფების შექმნას. სკოლის გუშინდელი მოსწავლეები აღმოჩნდნენ კარგად გაწვრთნილი და იდეოლოგიურად მოტივირებული ჯიჰადისტების ორგანიზებული იერიშის პირისპირ, რის გამოც, ბრძოლაში ჩართვის ნაცვლად, გაქცევით უშველეს თავს. ახლა ანტიასადური შეიარაღებული ძალები მისული არიან დიდი ქალაქის, ჰამას მისადგომებთან, მანამდე დაიპყრეს იდლიბის მთელი პროვინცია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით და ალეპოს პროვინციის უმეტესი ნაწილი, ამავე სახელწოდების ქალაქის ჩათვლით. სამთავრობო ძალები სრულად აკონტროლებდნენ ალეპოს მას შემდეგ, რაც 2016 წელს ქალაქი ალყაში მოაქციეს, რაც ომის იმ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო. ქალაქი ჰამა, რომელიც დამასკიდან 209 კილომეტრში მდებარეობს, ზოგადად სირიის მთავრობის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა 2011 წლიდან ანუ ომის დაწყებიდან. ახლა კი, უახლესი ინფორმაციით, ასადის ჯარები იქიდან უკან იხევენ. ბოლო დღეებში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე (საუბარია მეამბოხეების მიერ დაბრუნებულ ჩრდილო-დასავლეთ სირიის რაიონებზე) მოჩანს ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ ანადგურებენ და წვავენ ასადის რეჟიმის დროშებსა და ფოტოებს, ანგრევენ მისი და მისი ნათესავების ძეგლებს.

ჩრდილოეთ სირიის ფრონტების რუკა 30 ნოემბრის მდგომარეობით. თეთრი ფერით მონიშნულია ისლამისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ზონა, მწვანით - თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ეროვნული არმიისა, ყვითლით - სირიელი ქურთების დემოკრატიული ძალებისა, ვარდისფრით - ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო არმიისა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ სულ მცირე 450 სამთავრობო ჯარისკაცი დაიღუპა ბოლო დღეების ბრძოლებში. ისლამისტურმა ჯგუფებმა კომენდანტის საათი გამოაცხადეს ქალაქ ალეპოში. ჯიჰადისტების ხელში გადავიდა ალეპოს აეროპორტი და მნიშვნელოვანი სამხედრო აეროდრომი კუვეირასი, რომელიც ეკუთვნოდა ასადის საჰაერო ძალებს. ლონდონში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და დაცვის ცენტრის თანახმად, ამბოხებულთა იერიშის მსხვერპლთა რაოდენობამ სულ მცირე 600-ს გადააჭარბა, მათ შორის მინიმუმ 100 სამოქალაქო პირია.

ისლამისტური დაჯგუფებების მზარდი ძლიერების კიდევ ერთი ნიშანი იყო მათი კატეგორიული მოთხოვნა, სირიელი ქურთების რაზმებს დაეტოვებინათ ალეპოს პროვინცია და დაეხიათ უკან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. სანაცვლოდ ჯიჰადისტები მათ დაჰპირდნენ უსაფრთხო დერეფანს. რადგან ალეპოს მახლობლად განლაგებული ქურთების ძალები მნიშვნელოვნად დასუსტებული იყვნენ, ისინი იძულებული გახდნენ მიეღოთ ულტიმატუმი და დაეხიათ ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, სადაც ქურთებს ყველაზე ძლიერი პოზიციები აქვთ, რადგან ათწლეულების განმავლობაში იღებდნენ დახმარებას შეერთებული შტატებისგან ISIS-ის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში.

თურქეთი, ქურთები და სხვები

პარალელურად სხვა ძალებმაც დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები. თურქეთის მიერ შექმნილმა სირიის ეროვნულმა არმიამ (SNA), რომელიც შედგება არაბებისა და ადგილობრივი თურქმენებისგან (მტრულად არის განწყობილი ასადის რეჟიმისადმი, ხოლო ისლამისტურ „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამთან“ მტრულ ნეიტრალიტეტში იმყოფება) ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, ქალაქ თელ რიფატის მახლობლად, შეუტია სირიელი ქურთების ფორმირებების - სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) პოზიციებს. ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს თითქმის ყველა ქურთულ ორგანიზაციას როგორც თავად თურქეთში, ასევე სირიასა და ერაყში. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სირიელი ქურთები თელ რიფატიდან თავს ესხმიან სირიის ჩრდილოეთ რეგიონებს, რომლებსაც თურქული არმია აკონტროლებს. ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში ანკარა არცერთ მხარეს არ უჭერს მხარს.

"ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" მებრძოლი. ქალაქი სარაქიბი, იდლიბის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთი. სირია, 2024 წლის 1 დეკემბერი
"ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" მებრძოლი. ქალაქი სარაქიბი, იდლიბის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთი. სირია, 2024 წლის 1 დეკემბერი

თუმცა, ცნობილი გახდა თურქეთის კავშირი „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამთან“ (ოდესღაც ალ-ყაიდის ადგილობრივი განშტოება, ეწოდებოდა „ჯაბჰათ ალ-ნუსრა“) და, რომ ისინი ხშირად კოორდინირებულად მოქმედებენ. მაგალითად, როგორც გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი იუწყება, ჯიჰადისტებმა ოქტომბრის დასაწყისში ანკარას წარუდგინეს ბაშარ ალ-ასადის არმიის პოზიციებზე თავდასხმის გეგმა. თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ არ მიიღო ის, რადგან „არ სურდა რეგიონში ვითარების გამწვავება“ ლიბანში ასადის მოკავშირე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის მიერ დაწყებული ოპერაციის ფონზე. სავარაუდოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა ასადის ბოლოდროინდელი მოთხოვნა, რომ ანკარას სრულად გაეყვანა თურქული ჯარები ჩრდილოეთ სირიიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, პროთურქული სირიის ეროვნული არმია (SNA) მიიწევს ქალაქ მანბიჯისკენ, ალეპოს პროვინციის აღმოსავლეთით, რომელსაც ტოვებენ ქურთული ძალები (SDF). სავარაუდოდ, მისი აღების შემდეგ, SNA-ის ქვედანაყოფები, ჯიჰადისტებთან („ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით) ერთიანი ფრონტით გააგრძელებენ შეტევას სამხრეთით, რათა საბოლოოდ დაიწყონ დამასკის ალყაში მოქცევა. პარალელურად გააქტიურდნენ ასადის მოწინააღმდეგე სხვა დაჯგუფებები და მოძრაობებიც.

ისლამისტი მებრძოლები უყურებენ სირიელი ქურთების გასვლას ალეპოს გარეუბანში მდებარე ტერიტორიებიდან, რომლებსაც ადრე აკონტროლებდნენ სირიის დემოკრატიული ძალები (SDF). 2024 წლის 2 დეკემბერი
ისლამისტი მებრძოლები უყურებენ სირიელი ქურთების გასვლას ალეპოს გარეუბანში მდებარე ტერიტორიებიდან, რომლებსაც ადრე აკონტროლებდნენ სირიის დემოკრატიული ძალები (SDF). 2024 წლის 2 დეკემბერი

ისლამისტების იერიშის დაწყების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა თავად ბაშარ ალ-ასადმა, რომლის თქმითაც, სირიის სამთავრობო არმიას პრობლემასთან გამკლავება შეუძლია მოკავშირეების, ანუ რუსეთის, ირანისა და „ჰეზბოლას“ დახმარებით. მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ხმები, რომ ასადი სასწრაფო ვიზიტით მოსკოვში ეწვია ვლადიმირ პუტინს. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა და, შესაბამისად, არც ასადისა და პუტინის მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია. სირიის სამთავრობო არმიის სარდლობა აცხადებს, რომ დანაკარგების მიუხედავად, ასადის ძალები წარმატებით იგერიებენ ჯიჰადისტების თავდასხმებს და მალე კონტრშეტევას დაიწყებენ.

რა შეუძლიათ მოსკოვსა და თეირანს

რუსეთისა და ირანის ოფიციალური პირები ჯერ მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერას უცხადებენ ასადის რეჟიმს. მოსკოვი და თეირანი ნათლად აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მისთვის სამხედრო და დიპლომატიური დახმარების გაწევას, როგორც ამას აკეთებდნენ 2011 წლიდან. 30 ნოემბერს სატელეფონო საუბარში ვლადიმირ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს დამასკს და ისლამისტი მეამბოხეების წინსვლას უწოდეს „ტერორისტული დაჯგუფებების ფართომასშტაბიანი აგრესია“.

ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

„სირიაში სიტუაციის სტაბილიზაცია ადვილი არაა. ეს არის რთული თამაში, რომელშიც ჩართულია ბევრი მოქმედი პირი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 6 დეკემბერს ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, - იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრები ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას“.

კითხვაზე, ვინ უჭერს მხარს ტერორისტებს სირიაში, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.

„ღია წყაროების ინფორმაციაში მოხსენიებულია ამერიკელები, ბრიტანელები და სხვები. ზოგიერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ ვითარების გამწვავებით ისრაელია დაინტერესებული, რათა ღაზის სექტორი არ იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში“.

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

ჯერჯერობით მოკავშირეები ფრაგმენტულად თუ ახერხებენ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას. მაგალითად, როგორც არაოფიციალური წყაროები იუწყებიან, კვირის დასაწყისიდან ირანის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე ასეულმა ერაყელმა შიიტმა მოხალისემ შეაღწია სირიაში, რათა შეერთებოდა ასადის არმიას. თუმცა, სერიოზული კონტრიერიშისთვის ეს აშკარად არ არის საკმარისი. როგორც ორივე მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუსეთისა და სირიის ავიაციამ გააძლიერა იერიშები ჯიჰადისტების წინააღმდეგ. როგორც ყოველთვის, ბომბავენ საცხოვრებელ უბნებსა და სოფლებს ალეპოსა და იდლიბის პროვინციებსა და ქალაქებში.

ამასთან, გაურკვეველი მიზეზების გამო, ბოლო დღეებში ტარტუსის საზღვაო ბაზა დატოვა რამდენიმე რუსულმა გემმა, მათ შორის მრავალფუნქციურმა ფრეგატებმა „ადმირალმა გორშკოვმა“ და „ადმირალმა გოლოვკომ“; საპატრულო გემმა „ადმირალმა გრიგოროვიჩმა“, ტანკერებმა „ვიაზმამ“ და „ელნიამ“. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პუტინმა, ალეპოს დაკარგვის შემდეგ გადააყენა რუსული ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი.

არც მოსკოვსა და არც თეირანს ჯერ არ გაუგზავნიათ სახმელეთო ჯარები ასადის დასახმარებლად. წლების წინ სწორედ რუსეთის დაუნდობელმა საჰაერო იერიშებმა (ასადის მოწინააღმდეგეთა საავადმყოფოებზე, სკოლებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე) ითამაშა გადამწყვეტი როლი ასადის რეჟიმის გადარჩენასა და გაძლიერებაში, მაგრამ ახლა მოსკოვი ჩაფლულია უკრაინასთან ომში და, აშკარაა, რომ არ ჰყავს დამატებითი ავიაცია, რომელსაც გაგზავნიდა ასადის დასახმარებლად. ირანი და განსაკუთრებით მის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლაც“ წლების განმავლობაში ამარაგებდნენ ასადს ჯარისკაცებით, მაგრამ ახლა, როცა მათ მიიღეს რამდენიმე გამანადგურებელი დარტყმა ისრაელისგან, უჭირთ მოკავშირის ცოცხალი ძალით დახმარება.

„ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობა კი თითქმის სრულად განადგურდა ლიბანში ისრაელის არმიის იმ სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც გასულ კვირას დასრულდა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერით. ახლო აღმოსავლეთის საკითხთა მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ სირიაში ასადის მოწინააღმდეგე ძირითადად პროთურქი ბოევიკების შეტევა, ფაქტობრივად, სულაც არ იყო მოულოდნელი:

რეგიონში ყველა პროირანული ძალის, მათ შორის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დანაკარგები და შესუსტება, არავის დარჩენია შეუმჩნეველი. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მოწინააღმდეგეებმა ისარგებლეს ამით. ახლა, თუ თავად ასადი ვერ შეაჩერებს „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ შეტევას, მას სასწრაფოდ დასჭირდება უახლოესი მოკავშირის, „ჰეზბოლას“ დახმარება. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, „ჰეზბოლამ“, პირიქით, თვითონ გაიყვანა თავისი მებრძოლები სირიიდან, მათ შორის ქვეყნის ჩრდილოეთიდან, რათა კონცენტრირება მოეხდინა სამხრეთ ლიბანში ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე ომზე. ისლამისტმა ბოევიკებმა, რომლებიც ალეპოში შევიდნენ, განაცხადეს კიდეც, რომ „ჰეზბოლას“ ფაქტორის შესუსტების გამო სამთავრობო ძალებს თითქმის არ გაუწევიათ წინააღმდეგობა.

როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, მთლიანობაში, სირია და ლიბანი ქმნიან ერთგვარ ერთიან სამხედრო-პოლიტიკურ „ეკოსისტემას“. შეუძლია თუ არა ამჟამად „ჰეზბოლას“ ორ ფრონტზე ბრძოლა? ამ მომენტისათვის ლიბანში კი არის სიმშვიდე, მაგრამ არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს ის. თუ ეს ჯგუფი კვლავ დააბრუნებს დიდ ძალებს სირიაში დამასკის დასახმარებლად, შესაძლებელია ამ გარემოებით ისარგებლოს ისრაელმა, რომელსაც შესაძლოა კვლავ სურდეს თავისი პოზიციების მეტად გაძლიერება სამხრეთ ლიბანში. „ჰეზბოლას“ გადარჩენილი ხელმძღვანელობა აშკარად ბევრს ფიქრობს ამაზე. არადა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, „ჰეზბოლას“ დახმარების გარეშე ასადისთვის რთული იქნება პრეზიდენტის სავარძლის შენარჩუნება.

  • სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. კიდევ 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ან მოკლეს ან დაიღუპნენ ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სირიის ომამდელი, 16,5 მილიონი მოსახლეობიდან 6,5 მილიონზე მეტი გაიქცა საზღვარგარეთ, ძირითადად მეზობელ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში, სულ ცოტა, 1 მილიონი კი - ევროპაში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG